6-10 ივნისს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა

და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ათი რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, პაატა გოგოლაძე ესტონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

რა როლი ეკისრება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ადგილობრივ თვითმმართველობას როგორც მოქალაქეთა ინფორმირების, ასევე რეფორმების განხორციელების კუთხით, პაატა გოგოლაძე ამ საკითხებზე ესტონეთში მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს:

-ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პარნუს რეგიონის გუბერნატორ კალევ კალიუსტეს, ლაანემაას რეგიონის გუბერნატორ ნეემე სურს, ადგილობრივი თვითმმართველობების ესტონეთის კავშირის თავმჯდომარე კურმეტ მუურსეპთს შევხვდით.

ესტონეთში მილიონ სამასი ათასი ადამიანი ცხოვრობს. ძალიან მოწესრიგებული, მოვლილი და დასუფთავებულია ყველა რეგიონი, ქალაქი თუ სოფელი.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ესტონელებმა გვითხრეს ისაა, რომ ესტონეთის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა 2004 წლიდან, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, მიზანმიმართულად და სწრაფად განვითარდა. საგრძნობია წარმატებები ყველა მიმართულებით.

მთელი მსოფლიო ესტონეთის ელექტრონულ მომსახურებას აღიარებს, როგორც საუკეთესოს. ამ კუთხით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხუთეულში შედის. ესტონეთში ID ბარათებს, გარდა იმისა, რომ პირადობის დამადასტურებელი საბუთია, 500-ზე მეტი სხვა ფუნქცია აქვს. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო გამოცდილება გაგვიზიარეს.

დელეგაციის წევრებმა ევროკავშირის რძის გადამამუშავებელი საწარმო მოვინახულეთ. საწარმოს საკუთარი ფერმა აქვს, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული. 2 500 ფურის საკვები პროდუქტის – თივის – 30% ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე მზადდება.

იმ პერიოდში, როცა რუსეთმა ესტონეთს ემბარგო დაუწესა, რძის გადამამუშავებელი საწარმოს სუბსიდირება ევროკავშირმა დაიწყო. ამ მნიშვნელოვანი ხელშეწყობით ის მსოფლიოში რძის მწარმოებელი კომპანიების ოცეულში შევიდა.

ესტონეთში ნარჩენების მართვის ცენტრისა და წყლის მართვის სადგურის საქმიანობას გავეცანით. თუ ჩვენთან საკანალიზაციო წყლები პირდაპირ მდინარეებსა და ტბებში ჩაედინება, იქ მუშავდება. გვითხრეს, რომ ჩვეულებრივი წყაროს წყალთან შედარებით გადამუშავებული წყლის შემადგენლობა გაცილებით სუფთაა.

რაც შეეხება ნარჩენების მართვას, ყველა ნარჩენი სახეობების მიხედვით ხარისხდება და მუშავდება. მაგალითად მინის საწარმო ვნახეთ, სადაც მინის ნარჩენებისგან ულამაზეს მინის ნაკეთობებს ქმნიან. ეს ნაკეთობები ესტონეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წარმატებით იყიდება.

ესტონეთის ბიუჯეტის 70% განათლებაში იხარჯება. ესტონელი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. ზუსტად იციან, სამი წლის მანძილზე რამდენი სპეციალისტი სჭირდებათ და ყველა მიმართულებით მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამენ. სტუდენტები სწავლის შემდეგ, შეთანხმების საფუძველზე, ბრუნდებიან  ესტონეთში, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას ახმარენ.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, რეგიონებთან შედარებით, ბევრი ახალგაზრდაა. რეგიონებში მოსახლეობა უზრუნველყოფილია სამსახურითა და მაღალი პენსიით.

მუშაობას დილის 6 საათიდან იწყებენ. ყველა ცდილობს, რომ საკუთარი ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯები გადადგას.

ესტონელები ისეთი სფეროებისა და დარგების გაძლიერებას ცდილობენ, რაც სხვა ქვეყნებისგან აუთვისებელია. ევროკავშირის დახმარებით ინოვაციურ პროექტებს ახორციელებენ.

სკეპტიკოსებისა და მოსახლეობის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისათვის.

ჩვენი ბუნებრივი რესურსები, ესტონეთთან შედარებით, გაცილებით დიდია. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განვახორციელოთ. თუ ესტონეთმა განვითარების მაღალ დონეს ათ წელიწადში მიაღწია, ჩვენი ქვეყანა პრობლემებს გაცილებით მალე დაძლევს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გასაგონად მინდა ვთქვა, – ნუ წამოეგებიან იმ პროპაგანდას, რომ ევროკავშირი ცუდია. ევროკავშირის წევრობა არის განვითარების გარანტია და მას ალტერნატივა არ აქვს.

ნინო კაპანაძე