მაისის ბოლოს მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური და საუბნო გზები დააზიანა.

კიცხის პირველ უბანში ნალექის შედეგად ცენტრალური გზა ჩაწყდა. ამ გზით, კიცხის მოსახლეობის გარდა, ხიდარის მოსახლეობაც სარგებლობს.

„კიცხის პირველ უბანში ორი სასაფლაოა. ღმერთმა დაგვიფაროს და, ვინმე რომ დაიღუპოს სოფელში, ვერ დავასაფლავებთ, – ამბობენ კიცხის პირველი უბნის მცხოვრებნი.

„ამ უბანში 180 ოჯახი ცხოვრობს, – ამბობს კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე, – გზა ათი წლის წინათაც ჩაინგრა, თუმცა პერიოდულად ვაკეთებდით. 2013 წელს გზის რეაბილიტაციაზე 15 ათასი ლარი დაიხარჯა. ეს უმოკლესი გზაა მუნიციპალიტეტის ცენტრამდე.“

უჩა ბერაძე თანასოფლელებს ჰპირდება, რომ გზის შეკეთებისთვის იაქტიურებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ კიცხის პირველი უბნის გზის აღდგენას სერიოზული თანხა დასჭირდება.

„ძალიან სავალალო მდგომარეობაა, – ამბობს ინგა მაღრაძე, – გზები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც სერიოზულად დაზიანდა. რამდენადაც ვიცი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე მუშაობენ და სტიქიის შედეგებს ითვლიან. რადგან ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ შევძლებთ პრობლემების მოგვარებას, დასაბუთებული მოთხოვნა ცენტრალურ ხელისუფლებაში უნდა გავაგზავნოთ. გამოსავალი აუცილებლად უნდა მოვძებნოთ.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით დევდარიანის ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათებთან ერთად, ყველა ადმინისტრაციული ორგანოდან მიიღეს. მისივე თქმით, დაზიანებული ობიექტების შესაკეთებლად, სავარაუდოდ, 204 900 ლარია საჭირო.

„ობიექტების ნუსხა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გავაგზავნეთ, – ამბობს დავით დევდარიანი, – მათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანხების გამოსაყოფად უნდა გვიშუამდგომლონ. თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თითოეული ობიექტისთვის ზუსტ ხარჯთაღრიცხვებს მოვამზადებთ.“

რაც შეეხება კიცხის პირველ უბანში დაზიანებულ გზას, დავით დევდარიანის თქმით, მის შესაკეთებლად თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა გამოძებნონ.

„კიცხის გზას, ალბათ, ჩვენი ძალებით შევაკეთებთ, – ამბობს გამგებლის მოადგილე, – ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხას ვერ დაველოდებით.“

გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად შიდა სასოფლო გზები დაზიანდა: ბაზალეთში დევდარიანებისა და ჭიპაშვილების უბნებში, ვახანში, ვარძიაში, ლაშეში, უჩამეთში, ხემაღალში, კიცხის პირველ უბანში, იგორეთში, ზვარეში, ჩრდილში კაოთისა და კოშკის უბნებში, ღორეშაში, ხუნევის კოშკის უბანში, ხევში, წაქვაში, გრიგალათში, ნებოძირში, დეისში; ხიდარში მთის, ჯორტების, მასხარაშვილების უბნებში.

ცენტრალური საავტომობილო გზები დაზიანდა: ღარიხევში, ვახანში, ჩხერში, ზარანში, ქვებში, ლახუნდარაში, ვერტყვილაში, ბორსა და ოკიშურაში.

სანიაღვრე არხები გასაწმენდია კიცხში, ვარძიაში, ბორში, ღორეშასა და ფარცხნალში არღუნაშვილების უბანში.

ხიდ-ბოგირები შესაკეთებელია ვახანში, სერბაისში, ღუდუმექეთში, ახალსოფელში, ხიდარში, წიფაში, გუდათუბანსა და ახალსოფელში ბოღოღიანების უბანში.

ნაპირსამაგრი და გაბიონი მოსაწყობია ისლარში. ღორეშაში სოფლის წისქვილის არხი დაზიანდა. ხუნევში ზ. ლურსმანაშვილის საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელია აღსადგენი.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: უხვი ნალექისგან დაზიანებული სასოფლო გზა კიცხში

kickhi-2 kickhi-3