წელს ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ და მხატვართა პლენერი „გამა“ ფარცხნალში 28-29 მაისს ერთდროულად გაიმართა.

„ოდეონში“ ოცდაათამდე კონკურსანტი, მათ შორის, ექვსი ხარაგაულელი, ჩაერთო. მათ პროზაული და პოეტური ნამუშევრები შექმნეს თემაზე „სოფელი“. პლენერში მონაწილე მხატვრებმა თემა თავად შეარჩიეს.

კონკურსის იდეის ავტორისა და ორგანიზატორის, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელ იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური „ოდეონის“ წლევანდელ გამარჯვებულებს 15 ივნისამდე გამოავლენს.

მანამდე კი გთავაზობთ „ოდეონის“ მონაწილეების, – შოთა გოლუბიანისა და მამუკა ჭიპაშვილის, – წინასაკონკურსო ნამუშევრებს თემაზე „თავისუფლება“.

 

თავისუფლება

ეპოქებს ლაქად შერჩენია სინათლის ფერი,
წარსული დარდი აჰყოლია მომავალს საგზლად.
თავისუფლებას დანატრებულ სისხლსა და გენში
უადგილოა ყველაფერი და არ ჩანს სხვა გზა.

ღამეებს მიღმა დღეებს ვეძებთ – დღეებს სიმართლის,
დროთა ქარტეხილს გავაყოლებთ ათასგვარ ნაგავს,
და მაინც, ჩვენზე იგეშება ყველა პირატი,
ხარკად კი უხმო მორჩილების „უფლება“ დაგვაქვს.

აედევნება მძიმე ჯანღი ზანტად განთიადს.
ჩვენში ყოველი თავდადება გმირობად რჩება
და უმოწყალოდ დაგლეჯილი ცხოვრების შემდეგ
შორს, ჰორიზონტზე გაწოლილი იმედი ჩნდება.

მკვდრეთით აღდგომის სუნი ასდის ყველა განსაცდელს,
თავისუფლება რწმენად ღირდა – სისხლად და დარდად.
ღამეებს მიღმა დღეებს ვეძებთ, დღეებს მომავლის,
სიმართლის ფერი შეჩენია ეპოქებს ლანდად…

შოთა გოლუბიანი

 

თავისუფლება
თვრამეტი წელი მილეულიყო თითქმის… კი… ნამდვილად თვრამეტი… სამჯერ გადაითვალა თითებზე ბიქტორმა და თვრამეტი წელი გამოვიდა.

რა უცბად გავიდა… არადა, გუშინდელივით ახსოვს პირველად რომ მიიღეს სამსახურში პატარა, წითური „ქოცო“ ბიჭი… დიდი მონდომებით შეუდგა მუშაობას. იმედებს არ გაგიცრუებთო, – დაპირდა პროტექტორებს.

…ახსოვს პირველი საყვედური… მთელი ღამე არ ეძინა… სამსახურიდან გამოქცევას ფიქრობდა, მაგრამ ვერ გაბედა. მეორედ ბრიგადირის დაუდევრობით საქმე გაფუჭდა. ბიქტორს დააბრალეს, სულ „კრეტინი“ და ჩერჩეტი უძახეს, მაგიდაზე მუშტები უბრახულეს, გაეთრიე და რაც გაფუჭდა, ხელფასიდან დაგიქვითავთო!..

ჩემი ბრალი არ არის, ბრიგადირის ბრალიაო,- უნდოდა ეთქვა, მაგრამ ბრიგადირის გადაკიდებას და დირექტორის უარეს განრისხებას მოერიდა და მხოლოდ „მეტს აღარ ვიზამო“-თი დაკმაყოფილდა.

ამის მერე… ამის მერე ბევრჯერ უყვირეს, დაამცირეს, გააპანღურეს. იმაზე ბევრად მეტი ამუშავეს, ვიდრე ევალებოდა და იმაზე ბევრად ნაკლები გადაუხადეს, ვიდრე ეკუთვნოდა, თუმცა… შეეგუა…

დირექტორს მხოლოდ ძილში ლანძღავდა და აგინებდა. ცხადში კი „ბატონო და გენერალო“-თი იხსენებდა…

მერე… მერე ქალი გაურიგეს… მართალია, მასზე ბევრად შეუხედავი და შეუსაბამო, თუმცა საკუთარი ბინა აქვს და მეტი რა გინდა. ქირას მაინც გადარჩებიო, – გაჩუმება ურჩიეს და… გაჩუმდა.

მერე შვილები… ერთი, ორი… ოთხზე გაჩერდა.
-ამ ბოვშებს მარტო გაკეთება კი არა, რჩენაც უნდაო! – სისინებდა ცოლი, – რო ეს მამაჩემის ბინა არა, რა გვეშველებოდაო. ასეთი უმარიფათო და უხერხემლო როგორ დაიბადეო, შე ასეთოო, შე ისეთოო, შე გოდრით მოთრეულოო!

-ერთხელაც იქნება! – წამოიყვირებდა ბიქტორი,.. ოღონდ გულში, ან მაშინ როცა დარწმუნებული იყო, რომ მისი ხმა ცოლს არ ესმოდა.

მუშაობა ორ ცვლაში განაგრძო. დღეში ოთხი საათი ეძინა. წელებზე ფეხს იდგამდა, ოღონდ მართლა!
თუმცა მაინც… ნაკეთებს სხვები იბრალებდნენ, შეცდომებს ამას აბრალებდნენ.

ერთხელაც იქნებაო… – იქადებოდა გულში ბიქტორი და ამ „ერთხელაც იქნებაში“, ქე გითხარით, უკვე თვრამეტი წელი გასულა და…

…მორიგ თათბირზე, დირექტორისაგან მემილიონედ ლანძღვა და ფეხების ბაკუნი ვეღარ აიტანა თუ რა ბზიკმა უკბინა ვერ გეტყვით, ფეხზე წამოიჭრა და ცხელ გულზე, – თვრამეტი წელი რასაც ფიქრობდა „დირეხტორზე“ (თუმცა ბოლომდე ისე დამაჯერებლად ვერა, როგორსაც გულში რეპეტიციობდა და ოცნებებში ხედავდა), – პირში მიახალა!

ბუზის გაფრენის ხმა…
დირექტორმა ბიქტორს თვალებში ჩახედა, – „შენ თქვი ბიქტორა, თუ მომესმაო“, – არ უკითხავს, მაგრამ მის გამომეტყველებაში იგულისხმებოდა. ბიქტორი შეყოვნდა, თუმცა უკან დახევას აზრი არ ჰქონდა და იგივე უფრო დაბეჯითებით გაუმეორა.

-თავისუფალი ხარ სამსახურიდან, გაეთრიე! – გამოცრა დირექტორმა.
გამოეთრა…
…სიგარეტს მოუკიდა და სამ ნაფაზში შუამდე დაიყვანა… რა ძალა ჰქონია თავისუფლების ჰაერსო, – გაიფიქრა და საკუთარ თავს შემოუძახა…

სახლში, არ გაგიკვირდებათ და, ადრე მივიდა…
-რატო ასე ადრიანადო? – დაინტერესდა ცოლი.
– გამომიშვეს, თავისუფალი ხარო, მითხრეს! – ცოლის რეაქციას დაელოდა ბიქტორი.
-რაიო? – თვალები კარკლა ცოლმა, – უტვინო, უაზრო, რეგვენო, ჩერჩეტო… და კიდევ მრავალი მისთანები… – და

უეცრად იფეთქა ვულკანმა.
-აღარ გაჩერდები, მე შენი დედა და შენი ჯიში… შე ალქაჯო, შე მახინჯო… შე… მაინც „ერთხელაც იქნებას“ დღეაო და ცოლს პირში უთხრა ის, რასაც დიდი ხნის მანძილზე გულში ფიქრობდა.

ცოლმა გაოცებულმა შემოხედა, აქაოდა, ეს შენ ხარ მართლა, თუ მეჩვენებაო, – არ უთქვამს, მაგრამ მის გამომეტყველებაში იგულისხმებოდა. მერე კარადას მივარდა, კარი ბრახუნით გამოაღო და ბიქტორის ტანსაცმელს იატაკზე „ვეშოლკებიანა“ დააწყებია ფრიალ-ფრიალი.
-წაეთრიე, დღეიდან ჩემიდანაც თავისუფალი ხარ!

ქუჩაში გამოსულმა ბიქტორმა კიდევ ერთხელ მოუკიდა სიგარეტს და კიდევ ერთხელ ჩაიყვანა შუამდე სამ ნაფაზზე პაპიროსი. კიდევ ერთხელ შემოუძახა თავის თავს, – ეს რა ძალა ჰქონია თავისუფლების ჰაერსო და გზა განაგრძო… საად? აპა, მე რა ვიცი, არც თვითონ იცოდა!

…რას იზამ, თავისუფლება, ლომთა ხვედრია!

მამუკა ჭიპაშვილი

ფოტოზე: ლიტერატურული კონკურსის „ოდენი“ მონაწილეთა ერთი ჯგუფი; ფარცხნალი, 2016 წ. 28 მაისი.