პატრიოტობა, პატრიოტიზმი – როგორი ღრმა და მრავლისმთქმელია ეს სიტყვები. პატრიოტიზმი დადებითი განწყობაა საკუთარი ქვეყნის მიმართ, სამშობლოს გულშემატკივრობაა. შეუძლებელია პატრიოტიზმი შეიძინო, ის სულში უნდა გქონდეს…

ჩვენი თანამემამულის, წარმოშობით ხარაგაულელი რამაზ ბლუშვილის გაცნობისას და მასთან საუბრისას გამიჩნდა განცდა – აი, სწორედ ეს ადამიანია ქვეყნის პატრიოტი.

მან შვიდწლიანი ძიებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად ამერიკის სამხედრო ავიაციის ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ძალიან ახლობელი გახადა ქართველებისთვის.

9 სექტემბერს, ალექსანდრე ქართველიშვილის დაბადების დღეს, რამაზ ბლუაშვილის ინიციატივით და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის საავიაციო ქარხანას ალექსანდრე ქართველიშვილის სახელი მიენიჭა, გაიხსნა აბრა მის საცხოვრებელ სახლზე და მოეწყო ავიაშოუ. ამ დღეს კი წინ ამერიკის სხვადასხვა შტატის არქივებში თვეობით შრომა და ერთი მიზანი უძღოდა -დაერწმუნებინა ამერიკელი ხალხი, რომ ალექსანდრე ქართველიშვილი ეროვნებით,რუსი კი არა, ქართველია.

-ბატონო რამაზ, როგორ დაინტერესდით ალექსანდრე ქართველიშვილის საქმიანობის შესწავლით?

-დავიწყოთ იმით, რომ ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა  ყველაფერი, რაც ცაში დაფრინავს. შეიძლება უცნაურია, მაგრამ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ბავშვს მაინტერესებდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაცია. იმ პერიოდში რომ კითხვები დამესვა ამ საკითხზე, მამაჩემს არც თუ ისე კარგად წაუვიდოდა საქმე. მამა, 37 წელია, ანსამბლ „ერისიონის“ დირექტორია.

2000 წელს წავედი ამერიკაში სასწავლებლად და იქ სიეტლის ხელოვნების აკადემია დავამთავრე. მანამდე, 1993-98 წლებში ვმუშაობდი პირველ სატელევიზიო არხზე დილის გადაცემაში. ყოველთვის მინდოდა ცოდნის გაღრმავება უცხოეთში.

ამერიკაში დავიწყე ჩემი მრავალწლიანი სურვილის დაკმაყოფილება. ინტერნეტში ძებნის დროს წავაწყდი პიროვნებას გვარად „ქართველი.“ სულ რომ არ გიყვარდეს და არ გაინტერესებდეს ავიაცია, „ქართველს“ რომ წაიკითხავ, დაინტერესდები. გადავხედედა ამ პიროვნებას ისეთი თვითმფრინავები ჰქონდა შექმნილი, რომლებიც გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო, კორეის, ვიეტნამის, ავღანეთის ომების დროს. ინტერნეტში სულ ერთი წინადადება ეწერა ამ თვითმფრინავების შემქმნელზე – გამოჩენილი რუსი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი.

გადავწყვიტე, ჩემი პროფესია- რეჟისორობა და ჰობი – ავიაცია ერთმანეთთან დამეკავშირებინა და შემექმნა დოკუმენტური ფილმი ამ პიროვნების შესახებ. აი, მაშინ დიწყო ჩემი ტანჯვა. ამერიკაში ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება მოიპოვო ინფორმაცია. არსებობს ისტორიული საზოგადოებები. ყველაფერი აღრიცხული და კომპიუტერიზებულია.

გავარკვიე, რომ ალექსანდრე ქართველიშვილი ცხოვრობდა ლონგაილენდზე, ნიუ-იორკის შტატში. ქალაქის ისტორიულ საზოგადოებაში მითხრეს, რომალექსანდრე ქართველზე ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და უნდა მიმართოთ ამერიკის საჰაერო ძალებს, პენტაგონს და ნასას.რა თქმა უნდა, ძებნა გავაგრძელე და დავუკავშირდი ნასას და პენტაგონს. ეს ძალიან შრომატევადი საქმე იყო. 2006 წლიდან დავიწყე მუშაობა და ორწელიწადნახევარი ვიკვლევდი მასალებს.

ნასაში ყოველ დარეკვაზე ერთი ქალი მპასუხობდა. ერთხელაც მითხრა, ჩამოდი ვაშინგტონში ჩვენს არქივში და განახებთ მასალებსო. მე ფლორიდაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი უნივერსალფიქჩერსში. მაშინვე გადავფრინდი. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ იმ ქალბატონმა ორსართულიანი „ურიკა“ მომიტანა, რომელზეც ხუთი ყუთი იდო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემთვის მოჰქონდა. დააყენა „ურიკა“ ჩემს წინ და მითხრა, ჩვენ მეტი არაფერი გვაქვსო. ის გრძნობა არასდროს დამავიწყდება, როცა თითოეულ ფურცელს ვათვალიერებდი. ნება დამრთეს, რამდენიმე ფურცლის ქსეროასლი გამეკეთებინა. ვმუშაობდი მანამ, სანამ ფული მეყო…

მას შემდეგ არქივებში სამუშაოდ კვირაში ერთხელ ხან დეტროიტში მივფრინავდი, ხან ნიუ-იორკში, ხან დენვერში. ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული – ჩემი ხელფასის 75% არქივების ძიებაში მეხარჯებოდა. ქართველი ემიგრანტები ვერ ხვდებოდნენ, ამას რატომ ვაკეთებდი. თან ძალიან ბედნიერი დავდიოდი. ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ყველას ვაჩვენებდი დოკუმენტებს. დღესაც რომ მომიწიოს კიდევ თანხის დახარჯვა ისეთივე საქმეში, რასაც მაშინ ვაკეთებდი, უკან არ დავიხევ.

-ალექსანდრე ქართველიშვილის საქმიანობის გაცნობისას რა იყო თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი?

-ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მისი საფლავის ძიების პროცესი გახლდათ. გავარკვიე, რომ ლონგაილენდზე იყო დასაფლავებული. ეს არის დაახლოებით ორი საქართველოს ზომის ტერიტორია, სადაც 70-ზე მეტი სასაფლაოა. ამერიკის შეერთებული შტატების უნიკალურობა ბევრ რამეშია და ერთ-ერთია ის, რომ ამერიკა არის ალბათ ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეგიძლია სასაფლაოს ადმინისტრაციას გაუგზავნო მეილი, დარეკო. დავიწყე სასაფლაოების მენეჯერებთან დარეკვა.

დღემდე ვინახავ იმ მეილს, რომლითაც შემატყობინეს ალექსანდრე ქართველიშვილის საფლავის ადგილმდებარეობა. ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო. გავქანდი ლონგაილენდზე, ჯერ თვითმფრინავით ნიუ-იორკში, მერე – მატარებლით. საოცრად ემოციური მომენტი იყო ალექსანდრე ქართველიშვილის საფლავთან მისვლა. მარტო ვიჯექი ულამაზეს, მოვლილ სასაფლაოსთან და უცბად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. სასაფლაოზე მომუშავე აღმოჩნდა. დაინტერესდა, თუ ვინ ვიყავი. 37 წელია აქ ვმუშაობ და ამ საფლავზე მოსული არავინ მინახავსო, მითხრა. მერე მკითხა, თუ ვინ იყო ჩემთვის ალექსანდრე ქართველიშვილი. ვუთხარი, რომ უბრალოდ მეც მასავით ქართველი ვიყავი. ნუ მიატოვებთ ამ საფლავსო, – დამიბარა.

ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, როცა ერთი თვის წინ, 27 აგვისტოს, ირაკლი ალასანია და ამერიკაში საქართველოს ელჩი მივიყვანე ალექსანდრე ქართველიშვილის საფლავზე. ეს იყო ალბათ იმ პირობის შესრულება, რომელიც სასაფლაოზე მომუშავე ამერიკელს 2008 წლის გაზაფხულზე მივეცი…

მინდა გითხრათ, რომ ირაკლი ალასანია არის პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ალექსანდრე ქართველიშვილის საფლავზე მივიდა და ეს იყო მისი პირადი იდეა.

-მაინც რა იყო თქვენი მიზანი, როცა ალექსანდრე ქართველიშვილის ცოხვრებითა და მოღვაწეობით დაინტერესდით?

-აუარებელი საგაზეთო სტატია მაქვს, სადაც ალექსანდრე ქართველიშვილი მოიხსენიება როგორც რუსი. პარადოქსია, რომ გვარად ქართველი მიჩნეულია რუსად და დღემდე ამერიკელებისთვის ის იყო რუსი. ჩემი მთავარი მიზანია, ამერიკელებს ვუთხრა, რომ კაცი, რომელმაც მათ ავიაციის შედევრები შეუქმნა, იყო ქართველი და არა რუსი. გასაგები მიზეზების გამო ამერიკელებს არც ისე ეპიტნავებათ ის ფაქტი, თუმათი ავიაცია ეროვნებით რუსმა შექმნა. დარწმუნებული ვარ, ალექსანდრე ქართველიშვილი ბევრად პოპულარული იქნებოდა ამერიკაში, მისი ნამდვილი წამომავლობა რომ სცოდნოდათ.

ფილმი, რომლის გადაღებასაც უახლოეს ხანში ვიწყებ, შეცვლის ამ ვითარებას. ალექსანდრე ქართველიშვილმა მთელი ცხოვრება ამერიკაში გაატარა. 1927 წლიდან გარდაცვალებამდე – 1974 წლამდე იქ ცხოვრობდა. მე ის ამერიკიდან უნდა „ჩამოვიყვანო“ საქართველოში. ეს ძალიან დიდი  პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტია. ქართველებმა კიდევ ერთი ქართველი უნდა დავიბრუნოთ.

…ალექსანდრე ქართველიშვილის გვერდით დაკრძალულია მისი დედა ელენე ქართველი და მეუღლე ჯეინ რობინსი. შვილი არ ჰყოლიათ. ერთადერთი, უახლოესი ნათესავია მისი დისშვილი – გამოჩენილი ქართველი მხატვარი დიმიტრი ერისთავი. არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია, როცა 9 სექტემბერს აეხადა ფარდა გიგანტურ წარწერას საავიაციო ქარხანაზე და იქ იდგა ცრემლმორეული ბატონი დიმა ერისთავი.

-როგორი იქნება ფილმი და ვინ გეხმარებათ ფინანსურად?

-ფილმი იქნება მხატვრულ-დოკუმენტური. ქართველიშვილის როლს შეასრულებს კახი კავსაძე. ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან მწყდებოდა გული, რომ არ ინტერესდებოდნენ ქართველიშვილის ღვაწლით. ბატონ ირაკლი ალასანიას რომ შევხვდი, ვუთხარი, მეოთხე თავდაცვის მინისტრი ბრძანდებით, ვისაც ამ თემაზე ველაპარაკები-მეთქი. თუ ეს საქმე დაიძრა და ქართველიშვილის შესახებ უფრო მეტი რამ გახდა ცნობილი, არის ირაკლი ალასანიას დამსახურება.

ალექსანდრე ქართველიშვილს ბევრად მეტი შეუძლია გაუკეთოს საქართველოს, ვიდრე ყველა ელჩს ერთად აღებულს. ის შეიძლება დღეს იყოს საქართველოს საუკეთესო ელჩი აშშ-ში და ამას სწორად გამოყენება უნდა.

ფილმის ფინანსები მოვიძიე ორი ამერიკელისგან, ორივე ჩემი მეგობარია. სტივ ჯონსონი 17 წელია საქართველოში ცხოვრობს. რიჩარდ რუბინიძალიან გავლენიანი ოჯახის შვილია ვაშინგტონში. დიდი ხანია, რაც სტივი „მოვწამლე“ ამ პროექტით და მან ორი წლის წინ შემახვედრა რიჩარდთან.რიჩარდ რუბინმა გადაწყვიტა, რომ თავიდან ბოლომდე დააფინანსოს ეს ფილმი. შემდეგ რიჩარდი და მე დავწერთ წიგნს ალექსანდრე ქართველიშვილზე, რომელიც გამოვა აშშ-ში. ფილმისა და წიგნის პრემიერა იქნება ინგლისურენოვანი და შემდეგ ითარგმნება ქართულად. პროექტით ძალიან დაინტერესებულია ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

-ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თქვენი ფესვები ხარაგაულშია. რას ნიშნავს თქვენთვის ხარაგაული?

-მე და ჩემი ძმა მთელი წელი ველოდებოდით აგვისტოს, რომ მამას აეღო შვებულება და წავსულიყავით სოფელ ზარანში. შეგვეძლო დაგვესვენა სოხუმში, გუდაუთაში, მაგრამ ყველაფერს გვერჩივნა ზარანში ყოფნა. სულიერად ვისვენებ ხარაგაულში. ყველამ იცის ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ხარაგაულისადმი. ხარაგაულში ცხოვრობს მამაჩემის დის, ციური ბლუაშვილის, ოჯახი.

ფლორიდაში მუშაობისას სამონტაჟოში ორი გიგანტური ეკრანი მქონდა: ერთზე იყო თბილისის ფოტო, მეორეზე – ჩემი ზარანის. ერთხელ ამერიკელი მეგობარი შემოვიდა და მკითხა ხარაგაულის ფოტოზე, ეს რატომ გაქვსო? მე ვუთხარი, სიგიჟემდე მენატრება-მეთქი. ბედნიერი ადამიანი ხარ, ყველაზე დიდ ქვეყანაში ხარ, მუშაობ მსოფლიოს საუკეთესო სტუდიაში და სოფელი გენატრებაო.

სულ მაწუხებს, როცა ამბობენ – ხარაგაული ყველაზე ღარიბია და არაფერი ეშველებაო. ვფიქრობ, ეს არ არის მართალი, რადგან მსოფლიოში ბევრია ხარაგაულის ლანდშაფტისა და მდებარეობის მსგავსი დასახლება და ყველა განვითარებულია, ხარაგაულის გარდა. იმდენად შემაწუხა ერთხელ ამ ფაქტმა, რომ მონტანას შტატის გუბერნატორს წერილი მივწერე. წერილში ვწერდი, რომ ვარ ხარაგაულიდან, რომელიც ძალიან ჰგავს ლანდშაფტით და მდებარეობით მონტანას.

დარწმუნებული ვარ, ის პრობლემები, რაც ხარაგაულშია ახლა, თქვენთანაც იქნებოდა დიდი მასშტაბით-მეთქი. პასუხიც მივიღე, ჩამოვიდეს დელეგაციაო. ეს რეალურია და ამით უნდა დაინტერესდნენ რაიონის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა პარლამენტში. ძალიან ბევრი გზა არსებობს ხარაგაულის განვითარების. ამერიკელები ბედნიერები იქნებიან იმით, რომ დაგვეხმარონ, არა მარტო რჩევებით. ხარაგაულში ყველა ლაპარაკობს პრობლემებზე, მაგრამ არავინ ეძებს ამ პრობლემებისგან გამოსავალს. ხარაგაულს სჭირდება მოფერება და განვითარების რეალური გზების მოძიება.

ნინო კაპანაძე