ამაშუკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პირველი ეტაპის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა, – ტაძარი თუნუქით გადაიხურა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ზაზა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამაშუკეთის ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ მეათე საუკუნის ძეგლია, ფრესკებით უნიკალურია.

„წლების მანძილზე ტაძარში წყალი ჩადიოდა და კედლებს აზიანებდა, – გვიამბობს ზაზა ჟორჟოლიანი, – კრამიტი ბევრ ადგილას დაზიანებული იყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტაძარს ძეგლის სტატუსი მიანიჭა და რესტავრაციის ნებართვა გასცა. სამუშაოები, რომელიც დახლოებით 12 ათასი ლარი დაჯდა, ბიძინა ივანიშვილისგან დაფუძნებულმა საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის გადარჩენის ფონდმა დააფინანსა.

სამუშაოები სამშენებლო-სარესტავრაციო კომპანიამ (დირექტორი ირაკლი ანდღულაძე) შეასრულა. ეს კომპანია ამჟამად მიროწმინდის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში სარესტავრაციაო სამუშაოებს აწარმოებს.

ამაშუკეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ბორითის მაჟორიტარმა დეპუტატმა მანანა ბარბაქაძემ და ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ორი წლის წინ, მარგვეთისა და უბისის მაშინდელი ეპისკოპოსის, დიმიტრის (კაპანაძე) კურთხევით ამაშუკეთში მამათა მონასტრის გახსნა იგეგმებოდა.

„ეკლესიის ეზოში რომ ხის სახლია, ტაძარს ბორითელმა ზურაბ ბარბაქაძემ შემოწირა, – გვიამბობს ბორითის ადმინისტრაციულ ორგანოში გამგებლის წარმომადგენელი ვალერი ბარბაქაძე, – აქ გარკვეული პერიოდი ბერი ცხოვრობდა. იმედია, მალე ამაშუკეთში ეკლესიაც ამოქმედდება და სამონასტრო ცხოვრება დაიწყება.“

ნინო კაპანაძე

AMASHUKETI_-1 AMASHUKETI_2 AMASHUKETI_3 AMASHUKETI_4