ხარაგაულელ ფერმერებს 7 ივნისს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ხუცაიძე შეხვდა.

შეხვედრა მეფუტკრეობისა და რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის სიახლეების გასაცნობად შედგა.

ხუცაიძემ დაინტერესებულ ფერმერებს განუმარტა, რომ მეფუტკრეობის პროგრამაში ჩართვის მსურველებს მათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა (არაუმეტეს ასი ცალი) გადაეცემათ.

ისინი ასევე მიიღებენ ერთ 12 ჩარჩოიან თაფლის საწურს (ციბრუტი), 2200 ლიტრი ტევადობის თაფლის შესანახი ავზებს. პროგრამაში მონაწილეთა განაცხადების მიღება 10 ივლისამდე გრძელდება.

„წელს თაფლის მწარმოებელ ყველა კოოპერატივს შევხვდებით, – აღნიშნა ხარაგაულში შეხვედრაზე კონსტანტინე ხუცაიძემ, – ვგეგმავთ თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას ერთგვაროვანი თაფლის წარმოებისათვის. აუცილებელია, რომ ის საწარმო კოოპერატივებმა დააფუძნონ. რვა საათიან ცვლაში ორი ტონა თაფლი უნდა გადამუშავდეს.“

კონსტანტინე ხუცაიძის განმარტებით, კიდევ უფრო გამკაცრდება კონტროლი თაფლის ხარისხზე, რადგან ქართულ თაფლს უახლოეს ხანში ევროკავშირის ბაზარზე გაიტანენ. მისივე თქმით, ევროკავშირში გაგზავნილი 42 თაფლის ნიმუშიდან, 30 დაბინძურებული იყო ანტიბიოტიკებითა და სხვა მძიმე მეტალებით.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ევროკაშირის ბაზარზე ხარისხიანი თაფლი შევიტანოთ. ამ ბაზარზე 61% ევროკავშირის წევრი ქვეყნების თაფლია და 39% თავისუფალი ნიშაა. ჩვენ გვაქვს შანსი, ეს ნიშა დავიკავოთ,“ – ამბობს კონსტანტინე ხუცაიძე.

რაც შეეხება რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, ტექნიკური დახმარებისთვის აუცილებელია, რომ კოოპერატივი ფურების გარკვეულ რაოდენობას ფლობდეს.

50 სული ფურის შემთხვევაში კოოპერატივს გადაეცემა 500 ლიტრიანი რძის გამაციებელი რეზერვუარი, ყველის სახარში აბაზანა (500 ლიტრიანი) და ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა.

150 და 300 სული ფურის ყოლის შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი რეზერვუარების ტევადობა იზრდება. კოოპერატივის თანამონაწილეობა არის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით აგებული შენობა, სადაც აღჭურვილობა უნდა დამონტაჟდეს.

კოოპერატივების მხარდაჭერის მიზანია საქართველოში ხარისხიანი რძის პროდუქტების წარმოება.

აღსანიშნავია, რომ რძისა და ყველის მწარმოებელი ყველა ფერმერი 2020 წლისთვის ბიზნეს ოპერატორად უნდა დარეგისტრირდეს, რაც ასევე ხარისხის სტანდარის ამაღლებას გულისხმობს.

კოოპერატივები, კონსტანტინე ხუცაიძის ინფორმაციით, საგადასახადო შეღავათებით 2021 წლამდე ისარგებლებენ. შესაბამისი ცვლილება კანონმდებლობაში 2016 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ხარაგაულში მოქმედი რძის გადამამუშავებელი კოოპერატივის „სარგო“ თავმჯდომარე გიორგი გველესიანის შეფასებით, კოოპერატივის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადაიარაღება, რასაც სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებს სთავაზობს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღო და დარწმუნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნები დაძლევადია. გიორგი გველესიანი მიიჩნევს, რომ ეს პროგრამა „სარგოს“ საქმიანობისთვის შედეგიანი იქნება.

ნინო კაპანაძე

kooperativebi-2