

ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის შედეგები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძემ გააცნო.
ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 5 დეკემბრიდან დღემდე ვაკანსია 157 თანამდებობაზე გამოცხადდა. 853 აპლიკანტი დარეგისტრირდა. ტესტირებაზე 641 მათგანი დაუშვეს. მინიმალური ზღვარი 308 კონკურსანტმა გადალახა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ვაკანტურ თანამდებობებზე 133 პირი დაინიშნა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შედეგები არც ერთ კონკურსანტს არ გაუსაჩივრებია.
დავით კიკნაძის ინფორმაციით, ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ყველა გასაუბრებას ესწრებოდა. მისივე თქმით, ამავე ორგანიზაციამ ხარაგაულში ჩატარებული კონკურსი დადებითად შეაფასა.
დეპუტატ ქეთევან ზუმბაძის აზრით, ვინაიდან გასაუბრებაზე არ მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება, კონკურსანტები ვეღარ დაამტკიცებენ სიმართლეს.
დავით კიკნაძის განმარტებით, კომისიის დებულებაში წერია, რომ ვიდეოგადაღება მხოლოდ კონკურსანტის სურვილის შემთხვევაში მოხდებოდა. მისივე თქმით კი, ასეთი რამ არც ერთ კონკურსანტს არ მოუთხოვია.
დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა განაცხადა, რომ ორი კონკურსანტი – დალი ციცქიშვილი და ჯონი ხაჩიძე საკონკურსო კომისიამ იმიტომ არ დანიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ.
დავით კიკნაძის განმარტებით, ჯონი ხაჩიძეს ხევის იუსტიციის სახლში სურდა დასაქმება და მან კომპიუტერული პროგრამები არ იცოდა.
ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის, მანანა ბარბაქაძის თქმით კი, ჯონი ხაჩიძე ხელისუფლების შეცვლიდან ორწელიწადნახევარი მუშაობდა თანამდებობაზე.
ხუნევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლენა აბაშიძემ თორნიკე ავალიშვილს შეახსენა, თუ როგორ იცავდნენ თანასოფლებები დალი ციცქიშვილს თორნიკე ავალიშვილის ზეწოლისგან, როცა ეს უკანასკნელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობდა.
„ძალიან კარგად მახსოვს, როცა დალი ციცქიშვილს სამსახურიდან ათავისუფლებდით. ნახევარი სოფელი გეხვეწებოდით, არ გაგეშვათ დალი რწმუნებულის თანამდებობიდან. მე ვიყავი მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი,“ – განაცხადა ლენა აბაშიძემ.
დეპუტატის ამ ბრალდებას ყოფილი გამგებლის მიმართ ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი გამოეხმაურა. ვარლამ ჭიპაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ მიუვარდა თორნიკე ავალიშვილი ბაზალეთის ბიბლიოთეკარს გაზეთ „ჩემ ხარაგაულში“ გამოთქმული მოსაზრების გამო.
მატყუარა, პატარა კაცუნა, პროვოკატორი, – ამ სიტყვებით მიმართეს დეპუტატებმა ვარლამ ჭიპაშვილმა და თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს.
დეპუტატმა კობა გოგსაძემ აღნიშნა, რომ აპლიკანტებს თავად უნდა ერკვიათ თავიანთი საქმე ჯერ საპრეტენზიო კომისიაში და შემდეგ – სასამართლოში.
დავით კიკნაძის თქმით, საკუთარი უფლებების დასაცავად ყველამ უნდა იბრძოლოს. მას საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე დაეთანხმა და აღნიშნა, რომ კონკურსანტებმა ალტერნატიული სამსახურის მოლოდინში აღარ გააპროტესტეს გასაუბრების შედეგები, რაც, მისივე თქმით, არასწორია.
ნინო კაპანაძე
ხაშური-ზესტაფონის მიმართულებით მოძრავი მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“
კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე საქართველოში განვითარებულ