

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს.
„გაუთვალისწინებელი ღონისძიებებისთვის“ თანხები ხარაგაულკეთილმოწყობას, კულტურის ცენტრს, მუსიკალურ სკოლას, ხალხური შემოქმედების სახლს, რ. თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრსა და სათნოების სახლს გამოეყო.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილებას მხარი დაუჭირეს, თუმცა ააიპ-ების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ ეს მათი ბოლო შანსია და მეტად მხარს მათთვის სუბსიდიის გაზრდას აღარ დაუჭერენ.
დეპუტატების – ჯამბულ გამცემლიძის, მანანა ბარბაქაძისა და ვარლამ თავზარაშვილის თქმით, ბიუჯეტის შედგენისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა წლის მანძილზე საჭირო თანხა უნდა დაგეგმოს. მათ კულტურის სფეროს ააიპ-ებისგან სოფლებში კონცერტების ჩატარება მოითხოვეს და ააიპ-ების დირექტორებს შტატების გადახედვისკენ მიუთითეს.
დეპუტატ გელა გოლუბიანის თქმით, „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრს“ ბანერებისთვის თანხა უნდა დავუმატოთ, რომელზეც გამგეობის ცხელი ხაზის ნომერი განთავსდება. ცხელ ხაზზე რომ მოქალაქეები დარეკავენ და მათი პრობლემების მოსაგვარებელი ფული ბიუჯეტში აღარ გვექნება, რაში გვჭირდება ასეთი ბანერი?!“
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, 2016 წლის ბიუჯეტი არსებული გარემოებისა და შემოსავლების მიხედვით დაიგეგმა. „მოგეტანათ ჩემოდნებით ფული, – პარლამენტარს ჩამოეტანა, თქვენ მოგეტანათ და გაგვენაწილებია,“ – მიმართა ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს.
დეპუტატი ომარ გაგოშიძე საბიუჯეტო ცვლილებას იმ მოტივით არ დაეთანხმა, რომ 36 ათასი ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანადაფინანსებიდან უნდა გამოიყოს. მისივე თქმით, ჯობდა ადმინისტრაცული ხარჯები შეემცირებინათ.
„ერთი თვეა, საბიუჯეტო ცვლილება საკრებულოში გადმოვაგზავნეთ, – მიმართა დეპუტატს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა, – გემსჯელათ და თანხები გადმოგეტანათ სხვა მუხლიდან. მე მეტი ვერ მოვძებნე და მომხმარებოდით.“
კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნიკო დეკანოსიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მათი სახელფასო ფონდი ცხრა თვის ხარჯების მიხედვითაა დამტკიცებული.
„ასე ვართ ჩვენც,“ – განაცხადა ხარაგაულკეთილმოწყობის დირექტორმა თემურ ფურცელაძემ.
ინგა მაღრაძის თქმით, არჩევნებამდე, სავარაუდოდ, საბიუჯეტო ცვლილება ვეღარ მოხერხდება და, შესაძლოა, ააიპ-ების თანამშრომლები სექტემბერში უხელფასოდ დარჩნენ.
„მოახერხებენ რაღაცას,“ – თქვა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა.
ნინო კაპანაძე

ხაშური-ზესტაფონის მიმართულებით მოძრავი მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“
კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე საქართველოში განვითარებულ