სოფელ ღორეშაში მცხოვრებ ბიჭიკო ბუხნიკაშვილის ექვსსულიან ოჯახს, ორი წელია, ფულადი სოციალური შემწეობა მოეხსნა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი და საწოლს მიჯაჭვული მოხუცია. ბიჭიკო ბუხნიკაშვილმა, ამ ხნის მანძილზე, დასაბუთებული პასუხი, – თუ რა გახდა მისთვის სოციალური შემწეობის შეწყვეტის მიზეზი, – ვერ მიიღო.

„ხუთი წელი სოციალურ შემწეობას ვიღებდით, – გვიამბობს ბიჭიკო ბუხნიკაშვილი, – ჩემი მეუღლე მძიმედ დაავადდა და მომვლელი სჭირდება. ყოველდღე სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვიძახებთ. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 300 ლარია, – ჩემი და ჩემი მეუღლის პენსია. ეს თანხა წამლებშიც არ გვყოფნის.“

ბიჭიკო ბუხნიკაშვილმა ამ ორი წლის მანძილზე იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში შუამდგომლობა გააგზავნინა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს – საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს, პარლამენტარს. ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმერეთის სამხარეო ცენტრს თითქმის ყოველ თვეში აკითხავს.

„თუ სადმე რამე ინსტანცია არსებობს, ყველას მივმართე, – ამბობს ბიჭიკო ბუხნიკაშვილი, – ერთნაირად მპასუხობენ, – არ ვექვემდებარები გადამოწმებას.“

2014 წელს ბიჭიკო ბუხნიკაშვილის ოჯახს 27 160 სარეიტინგო ქულა მიენიჭა, 2015 წელს – 60 600 ქულა.

ბატონი ბიჭიკო გაკვირვებულია, რადგან, – 2016 წლის თებერვალში 98 730 ქულა მიენიჭა, ამავე წლის მაისში კი – 106 420. დასაბუთებულ პასუხს ითხოვს, თუ რა არის ამის მიზეზი, მაგრამ არავინ უხსნის.

„ჩემი მეზობლების ქონების ნახევარიც არ მაქვს, – გვიამბობს ბიჭიკო ბუხნიკაშვილი, – არ მინდა დავწვრილმანდე, მაგრამ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები ჰყავთ ოჯახებში. მე ყველაფრისგან მოსხლეტილი ვარ და რა უშლის ხელს ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნას, ვერ ვხვდები. ჩემი მდგომარეობა ამ წლების მანძილზე უფრო დამძიმდა. სოციალური დახმარების დანიშვნის კუთხით რომ ქაოსი და გაუგებრობაა, არ მგონია, ასეთი რამ სხვა უწყებაში იყოს. ძალიან შეწუხებული და დათრგუნული ვარ. ბავშვებისთვის მაინც დაენიშნათ ათ-ათი ლარი.“

ბიჭიკო ბუხნიკაშვილის შვილი უმუშევარია. სოფელში იშვიათად თუ გამოუჩნდება რამე დღიური სამუშაო. „სამასი ლარი უნდა გავანაწილოთ საჭმელზე, გადავიხადოთ გადასახადები. ჭირია თუ ლხინია, ამით უნდა გავისტუმროთ. წამალს ოქროს ფასი დაედო. იმედი მქონდა ამ მთავრობის, მაგრამ ჩემთან არ ამართლებს, ჩემი საშველი არ არის,“ – გულისტკივილს გვიზიარებს ბიჭიკო ბუხნიკაშვილი.

BICHIKO_BUKHNIKASHVILI

მისი მეზობელი ჯულიეტა კურტანიძე გვიამბობს, რომ ოჯახი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია და ფულადი სოციალური დახმარება აუცილებლად სჭირდება.

„ჰქონდათ მაგათ, დედა, დახმარება და მოუხსნეს, – ამბობს ჯულიეტა კურტანიძე, – მეუღლე ავად ჰყავს. სულ ექიმებთან დაჰყავს, ძალიან ბევრი წამალი სჭირდება. ოჯახს ფულადი შემოსავალი არ აქვს და ძალიან უჭირს. თუ ვინმეს ეკუთვნის დახმარება, პირველ რიგში, ამათ ოჯახს.“

ჯულიეტა კურტანიძე მიიჩნევს, რომ სოციალური დახმარება უკანონოდ ინიშნება.

„გლახა პირობებში ვართ, დედა, – ამბობს ქალბატონი ჯულიეტა, – გაჭირვებულს მიშველება უნდა. კანონი ერთნაირი უნდა იყოს ყველასთვის. მთავრობას საწყალი ხალხი არ ეცოდება. ორ წველა ყველს რომ ამოიყვან და გაყიდი, იმით ოჯახს არჩენ? ხელისუფლებაში ვინც არიან, ჯიბეში იდებენ საწყალი ხალხის ფულს. მე ამას, თოფით რომ გამომეკიდონ, მაინც ვიტყვი. სიმართლე სინათლეა. მე გიშველი, მე გიშველიო, – იძახიან, სკამზე მოსკუპდებიან და მერე ჩვენთვის აღარავის სცალია.  ხელფასს კარგს ღებულობენ და გაჭირვებული ხალხი ავიწყდებათ.“

ყველა ხელისუფლებაზე განაწყენებული ჯულიეტა კურტანიძე ამბობს, რომ არჩევნებზე მხარს აღარავის დაუჭერს.

INGA_MAGHRADZE

ადგილობრივი ხელისუფლება პროგრამის ხარვეზებზე

მოქალაქეები, რომლებიც ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულით უკმაყოფილოები არიან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ამბობს, რომ მასთან მისული მოქალაქეების ყველაზე დიდი სატკივარი ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის პრობლემას უკავშირდება. ინგა მაღრაძესთვის ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ მოქალაქეებს უსამართლობის განცდა აქვთ. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოველთვის დეტალურად სწავლობს მასთან პრეტენზიით მისული ოჯახის მდგომარეობას. ხშირად ადგილზეც ეცნობა, რომ შუამდგომლობა კარგად დაასაბუთოს.

ინგა მაღრაძე კონკრეტულ მაგალითებს გვიამბობს:

-ახალსოფელში მცხოვრები მალხაზ თაბუკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია. ის ეტლსაა მიჯაჭვული. მის ძმასა და დედასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. შუამდგომლობა რამდენჯერმე დავაყენეთ და შედეგს ვერ მივაღწიეთ.

ასეთივეა ხუნევში მცხოვრები ზეინაბ ტაბატაძის მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო ქულის მინიჭების პროცედურა შეიცვალა, მდგომარეობა გაუარესდა.

ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ სოციალური პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და რომლის მიზანიცა ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაა, გლეხს, დეკლარაციის შევსებისას ინფორმაციის დამალვისკენ არ უნდა უბიძგებდეს.

„თუ მეურნეობას აწარმოებ, ეს ხელისშემშლელია ფულადი შემწეობის დანიშვნისას, – – ამბობს ინგა მაღრაძე, – არიან ოჯახები, რომლებიც არანაირ სამეურნეო საქმიანობას არ ეწევიან და იღებენ სოციალურ შემწეობას. გვერდით მეზობელი, რომელიც მწირ მიწას ამუშავებს და ოჯახში არანაირი ფულადი შემოსავალი არ აქვს, შემწეობის გარეშე რჩება.“

ინგა მაღრაძის თქმით, ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, როგორიც არიან მალხაზ თაბუკაშვილი და ზეინაბ ტაბატაძე, რომლებსაც მუდმივად მკურნალობა ესაჭიროებათ, არ უნდა დარჩნენ ფულადი შემწეობის გარეშე.

„მათ თანასოფლელებშიც ასეთი დამოკიდებულება და განცდაა, რომ სახელმწიფომ ისინი მიატოვა, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, – პენსია, რომელიც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეძლევათ, არ არის საკმარისი ელემენტარული საჭიროებებისთვის. ასე რომ, ამ პრობლემას ცოტა განსხვავებულად უნდა შეხედონ და ინდვიდუალურად უნდა მიუდგნენ.“

NANA_KIKNADZE

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ნანა კიკნაძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოზე განაწყენებული მოქალაქეები მათაც ხშირად აკითხავენ.

„ვაწერინებთ განცხადებას გამგებლის სახელზე და შუამდგომლობასთან ერთად იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ვაგზავნით, – განმარტავს ნანა კიკნაძე, – ხშირია შეთხვევა, როცა სარეიტინგო ქულა ახალი მინიჭებულია და ვეღარ გადამოწმდება, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს. თუ ოჯახმა შეიმატა ან დაკარგა წევრი, მიიღო ლეგალური შემოსავალი, საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან ან დამძიმდა ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაშინ ოჯახი ვადაზე ადრე გადამოწმდება. სტატისტიკას რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახების დაახლოებით მეოთხედი ექვემდებარება გადამოწმებას.“

VARLAM_CHIPASHVILI

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ბაზალეთის ადმინისტრაციული ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის პრეტენზიები სოციალური შემწეობის პროგრამის მიმართ ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანია.

დეპუტატი ამბობს, რომ პროგრამა ძირეულად შესაცვლელია. „კითხვის ნიშნები არსებობს მიკერძოებასთან და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – სააგენტოში გადამზადებული აგენტები უნდა მუშაობდნენ და პროფესიულად უნდა ამოწმებდნენ ოჯახებს, – დეკლარაციაში არც ზედმეტი უნდა ჩაწერონ რამე და არც – ნაკლები.“

ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ქროლში მცხოვრები ერთ-ერთი მარტოხელა ქალბატონის ისტორიას გვიყვება:

-ჯანმრთელობის მდგომარება გაუუარესდა ქალბატონს. მუნიციპალიტეტის გამგებელს, პარლამენტარს, საკრებულოს მიმართა. შუამდგომლობა გადავაგზავნეთ, თუმცა, სამწუხაროდ, შაბლონური პასუხი მივიღეთ , – ვინაიდან ოჯახს დემოგრაფიული ცვლილება არ განუცდია, ვერ გადამოწმდებაო. კიდევ ერთხელ ვამბობ, თავად წესი თუ არ შეცვალა, თუ არ მოერგო ოჯახს, განაწყენებული მოსახლეობა ყოველთვის გვეყოლება.

MARI_BERADZE

ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, ნოდარ ებანოიძის ბიუროს ხელმძღვანელი მარი ბერაძე ამბობს, რომ ბიუროში მოქალაქეებისგან შესული განცხადებების 80% ფულადი სოციალური დახმარების პროგრამას ეხება. მარი ბერაძის თქმით, შუამდგომლობებზე უმეტესად დასაბუთებულ პასუხებს იღებენ – თუ რა გახდა ოჯახისთვის სოციალური შემწეობის მოხსნის ან მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭების საფუძველი.

„მოსახლეობა ამ პროგრამას მკვეთრად უარყოფითად აფასებს, – ამბობს მარი ბერაძე, – კანონში ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ვინც აკმაყოფილებს, ის ვერ იღებს ფულად შემწეობას. შესაძლოა, ეს პროგრამის ხარვეზიც იყოს. თუმცა, პროგრამის მიზნები და პრინციპები, – ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, არც სტატისტიკით და არც რეალურად, არ შეიმჩნევა.“

 

TATA_GAMKRELIDZE

სარეიტინგო ქულის „ჯადოსნური“ ფორმულა

-ოჯახის ზრდასრული წევრების შრომისუნარიანობა, უმაღლესი განათლება, საცხოვრებელი სახლისა და მიწის ფართობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახის სარეიტინგო ქულაზე, – განმარტავს სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ტატა გამყრელიძე. თუმცა, მისივე თქმით, მიწის ნაკვეთისა და სახლის ფართობების წონა რეგიონების მიხედვით სხვადასხვაგვარია.

სარეიტინგო ქულის დათვლისას ოჯახის ხარჯები და შემოსავლები იანგარიშება. მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან მოწმდება. თუ ოჯახი შემოსავალს არ აფიქსირებს და აქვს ელექტროენერგიის ან ინტერნეტის დიდი გადასახადი, სარეიტინგო ქულა გაიზრდება.

ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც 2015 წლის მაისიდან ამოქმედდა, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და პირველადი მოხმარების სხვა ტექნიკა სარეიტინგო ქულაზე აღარ მოქმედებს.

ტატა გამყრელიძე ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სარეიტინგო ქულის მინიჭებისას სოციალური აგენტის სუბიექტურ შეფასებას ყურადღება აღარ ექცევა.

„ბოლო წლების დინამიკას რომ დავაკვირდეთ, ბენეფიციართა რაოდენობა წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით მატულობდა, – ამბობს ტატა გამყრელიძე, – მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ფულადი სოციალური შემწეობა სოციალური აგენტის სუბიექტური მოსაზრების გამო ენიშნებოდა.“

ტატა გამყრელიძის ინფორმაციით, ფულადი სოციალური შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 500 ათასზე მეტი – 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა.

„შემდეგ შედარდა მონაცემები, გადამოწმდა სახელმწიფო საზღვრის კვეთა. ბევრ ბენეფიციარს აღმოაჩნდა ტრანსპორტი, რაც დეკლარაციაში არ იყო აღწერილი და ბაზები „გაიწმინდა.“ ამიტომ ბენეფიციართა რაოდენობამაც იკლო, – ამბობს ტატა გამყრელიძე, – ახალი მეთოდოლოგიით ბაზაში 30 ათასი ისეთი ბენეფიციარია, რომელიც მანამდე ფულად სოციალურ შემწეობას არასოდეს იღებდა. ამჟამად 457 ათასზე მეტი ფულადი საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარი გვყავს.“

სოციალური შემწეობის რაოდენობა ქულის მიხედვით დიფერენცირებულია. თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა 30 ათასამდეა, ოჯახის ყველა წევრი 60-60 ლარს იღებს, 57 ათასამდე ქულის შემთხვევაში – 50-50 ლარს, 60 ათასამდე ქულის შემთხვევაში – 40-40 ლარს, 65 ათასამდე ქულის შემთხვევაში – 30-30 ლარს. ოჯახის არასრულწლოვან წევრებზე გაიცემა 10-10 ლარი იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 ათასამდეა.

რაც შეეხება ღორეშაში მცხოვრებ ბიჭიკო ბუხნიკაშვილს, ტატა გამყრელიძის ინფორმაციით, ოჯახის სარეიტინგო ქულა ხელახლა ითვლება. ამის საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაა.

„ბიჭიკო ბუხნიკაშვილის ოჯახის ორი წევრი სახელმწიფოსგან პენსიას იღებს, – ამბობს ტატა გამყრელიძე, – ოჯახში ორი შრომისუნარიანი ადამიანია, აქვთ მიწის ნაკვეთი, მოზრდილი ფართის სახლი და მისდევენ სოფლის მეურნეობას. საშუალო სტატისტიკური მონაცემების მქონე ოჯახია, რომელიც წესით უნდა ახერხებდეს თავის გატანას.

პროგრამულად როგორც ითვლება ქულა, ეს მართლაც ჯადოა იმ თვალსაზრისით, რომ არის ვრცელი განტოლება, სადაც ყველა მონაცემს აქვს თავისი წილი. ეს წილები ერთმანეთთან დარდება.“

ტატა გამყრელიძის თქმით, პროგრამას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი საარსებო შემწეობა ჰქვია. ამ პროგრამამ უპირველესი მოთხოვნილებები უნდა დააკმაყოფილოს და დაეხმაროს ადამიანებს, რომ ისინი შიმშილის მსხვერპლნი არ გახდნენ.

ნინო კაპანაძე