გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ააიპ-ები თანხებს ითხოვენ. საბიუჯეტო ცვლილება საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა კომისიის სხდომაზე განიხილეს.

დეპუტატმა ჯამბულ გამცემლიძემ კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსაბლ „უბისის“ ბულგარეთში ფესტივალში მონაწილეობისთვის 10 ათასი ლარის გამოყოფა გააპროტესტა. მისი თქმით, ამის დაფინანსების ფუფუნება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ აქვს.

სამუსიკო სკოლისთვის თანხის დამატებაზე მსჯელობისას დეპუტატმა მარინა ვეფხვაძემ ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიხსენა. მისი თქმით, სამუსიკო სკოლის დირექტორი გასული წლის ბოლოს ამბობდა, რომ 2016 წლის მანძილზე განსაზღვრული თანხა ყველა ხარჯისთვის ეყოფოდა.

მარინა ვეფხვაძემ საბიუჯეტო ცვლილების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, რადგან ააიპ-ებს თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანადაფინანსებიდან ეძლევა, რაც მისთვის მიუღებელია.

დეპუტატმა ნონა ზურაბიანმა აღნიშნა, რომ თანხები არასამართლიანად ნაწილდება. მისი თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილება – საქართველოს ნაკრების წევრი წარმატებული სპორტსმენების ანაზღაურების თაობაზე არ სრულდება.

დეპუტატ ქეთევან ზუმბაძის თქმით, საკრებულოს წევრებს მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა, როცა გამგებელი პრემიებს იღებდა. „მირჩევნია, თანხა მომავალი თაობის განვითარებას მოხმარდეს. მოცეკვავეები უკვე ემზადებიან და მათ ნუ გავაწბილებთ,“ – აღნიშნა ქეთევან ზუმბაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ის „უბისის“ მოცეკვავე მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათი ერთსულოვანი მოთხოვნაა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებისთვის თანხა გამოიყოს.

ქეთევან ზუმბაძემ მხარი არ დაუჭირა მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრისთვის დამატებით 4 ათასი ლარით დაფინანსებას. მისი თქმით, წყალში ვყრით ფულს. „ბანერები, რომლის ყიდვასაც ახლა ითხოვენ, მთელი ზამთარი კულტურისა და დასვენების პარკში ეყარა. თუ სკანერი და პრინტერი არ ჰქონდათ, აქამდე როგორ მუშაობდნენ. საკრებულოს სხდომიდან პირველ სართულზე ზუსტი ინფორმაცია ვერ ჩააქვთ,“ – მიაჩნია ქეთევან ზუმბაძეს.

„კითხვები და ეჭვები ჩნდება, რადგან გადაწყვეტილებები ტენდენციურად მიიღება, – აღნიშნა კომისიის სხდომაზე დეპუტატმა გელა გოლუბიანმა, – კვალიფიციურ ფესტივალებსა და ტურნირებში უნდა ჩავერთოთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ.“

თუმცა გელა გოლუბიანმა, „ამ ერთხელაც, ბავშვების ხათრით“ დაუჭირა მხარი საბიუჯეტო ცვლილებას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრთა უმრავლესობამ საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი დაუჭირა და საკრებულოს 6 ივნისის სხდომაზე განსახილველად წარადგინა.

ნინო კაპანაძე