
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანდაცვის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს.
სხდომა მულტიმედიაცენტრ „ჩემი ხარაგაულისგან“ სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტურობაზე მომზადებული ვიდეო სიუჟეტებით „ხარაგაულელები სოფლის ექიმზე“ და „ხარაგაულის სოფლის ამბულატორიების ჭრილობები“ დაიწყო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მომზადებულ ანგარიშებს ისმენს.
„ძალიან საინტერესო პროცესის მოწმე ვართ, – აღნიშნა სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ, – ეს არის რეალური საპარლამენტო კონტროლი მთავრობის მიმართ. სამწუხარო სტატისტიკაა, რომ აუდიტის რეკომენდაციების მხოლოდ 27% სრულდება. ამიტომ ამ პროცესში პარლამენტის ჩართვა მნიშვნელოვანია.“
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ექიმების გეოგრაფიულ-დემოგრაფიული განაწილების კრიტერიუმები დადგენილი არ არის. ამის გამო საქართველოში 57 ტერიტორიული ერთეული სოფლის ექიმის მომსახურების გარეშეა დარჩენილი.
სამედიცინო პერსონალის მცირე ანაზღაურება, უტრანსპორტობა, კვალიფიკაცია, ექიმების განსხვავებული დატვირთვა, დაურეგულირებელი სამუშაო დღის რეჟიმი, კადრების დეფიციტი სერიოზული პრობლემებია.
სწორედ ამ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება აუდიტის დასკვნაში. სოფლის ექიმთან ხელშეკრულების გაფორმების პრაქტიკა კადრის მოძიების საფუძველს ვერ ქმნის. ვაკანსიები არ ცხადდება და პროგრამაში მონაწილეობის ყველა მსურველი არ არის ინფორმირებული.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გოზალიშვილი დაინტერესდა, თუ ვის ბალანსზეა სოფლის ამბულატორიების შენობები. მისივე თქმით, აუცილებელია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების გაზრდა.
„რეზიდენტურას რეკლამირება სჭირდება, – აღნიშნა გიორგი გოზალიშვილმა, – ექიმები სოფელში იმ შემთხვევაში წავლენ, თუ მათი ანაზღაურება გაიზრდება. 640 ლარიდან ექიმმა იმდენი ხარჯი უნდა გასწიოს ამბულატორიის შესანახად, რომ 300 ლარიც აღარ რჩება. სამწუხაროა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხელფასების გაზრდის ნაწილში აუდიტის რეკომენდაციას არ ეთანხმება.“
ეროვნული ფორუმის წევრის, პარლამენტარ გიორგი ხეჩინაშვილის თქმით, კონსტრუქციული ოპონირება ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის აუცილებელია. „მნიშვნელოვანია, რომ სოფლის ექიმის პროგრამა ეფექტური იყოს, რაც სტაციონარში ნაკლებ დანახარჯებს მოგვცემს. პროგრამა მოტივირებული ხალხით უნდა იმართებოდეს,“ – აღნიშნა მან.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრ დავით ონოფრიშვილის თქმით, აუდიტის დასკვნა კვალიფიციურია. მან აღნიშნა, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაითვალეს და აღმოჩნდა, – თუ სოფლის ექიმის მომსახურების შედეგად ჰოსპიტალში თვეში ორით ნაკლები პაციენტი აღმოჩნდება, 23 მილიონი ლარი დაიზოგება.
ეს თანხა კი სოფლის ექიმის პროგრამის გაძლიერებას მოხმარდება. დავით ონოფრიშვილის თქმით, სოფლის ექიმისთვის კვალიფიკაციის ამაღლება ონლაინ ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაურის აზრით, სოფლის ექიმის კადრების დეფიციტი არაინფორმირებულობის ბრალი არ არის. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველას ქალაქში ცხოვრება უნდა.
დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის თქმით, მხოლოდ ნაკლოვანებებზე არ უნდა ვისაუბროთ და ყურადღება ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან მიღწევებზე უნდა გამახვილდეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი წიწილაშვილის განმარტებით, მათ ნახეს პრობლემები, დაადგინეს მიზეზები და გასცეს რეკომენდაციები. „პრობლემის მოგვარება აუდიტის კომპეტენციას სცილდება. აუდიტის ობიექტებთან ვთანამშრომლობთ. ვღებულობთ მათ შენიშვნებს და გონივრულ მოსაზრებებს ვიზიარებთ,“ -აღნიშნა ირაკლი წიწილაშვილმა.
სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე არ დაეთანხმა დეპუტატებისგან გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პროცესი ქაოსურია. მისი თქმით სოფლად, მაგალითად, იმუნიზაცია წარმატებით ხორციელდება:
-მესმის, რომ პირველადი ჯანდაცვა არ არის იდეალური. არსებული მოდელის გაუმჯობესება შესაძლებელია ინტეგრირებული სისტემით. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის დანერგვა მოგვცემს საშულებას, რომ ინფორმაციები შევკრიბოთ და შემდეგ პირველადი ჯანდაცვა სწორად ვმართოთ. ეს კომპლექსური თემაა და ყველა მიმართულებით ერთიანი შეტევაა საჭირო.
რაც შეეხება ამბულატორიების შენობების ფლობის საკითხს, არც ერთი მათგანი ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე არ არის. ამბულატორიების შენობების 80 პროცენტზე მეტს ეკონომიკის სამინისტრო ფლობს, ზოგი მათგანის კუთვნილების საკითხი კი გაურკვეველია. გვსურს, შენობები ადგილობრივი თვითმმართველობების ბალანსზე გადავიდეს და პროფილის შეუცვლელად მოუგვარონ ინფრასტრუქტურული პრობლემები.
დაავადების სწორად მართვა ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას ნიშნავს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ პაციენტების დამძიმებული მდგომარეობა, როცა წლების მანძილზე მათ ექიმთან მისვლის საშუალება არ ჰქონდათ. ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა. ამ ეტაპზე ყველა მათგანის სოფლის ექიმისგან განკურნება და ჰოსპიტალიზაციის აცილება ძნელია.
გურჯაანში სკრინინგის საპილოტე პროგრამა დავიწყეთ. უკვე სერიოზული პროგრესი გვაქვს. ჩვენი მიზანია, უახლოეს ხანში მთელი საქართველო მოვიცვათ.
ექიმების გეოგრაფიულ-დემოგრაფიული განაწილების პრინციპი ახალი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით აუცილებლად შეიცვლება. ვმუშაობთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე და წლის ბოლოს დოკუმენტი გვექნება.
მნიშვნელოვანია სოფლის ექიმის პროგრამაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა. ადგილზე ექიმს ხელი უნდა შეუწყონ, სამუშაო გარემო უნდა გააუმჯობესონ. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი თვითმმართველობები შეგვეშველებიან სოფლის ექიმის ტრანსპორტირებაში.
რაც შეეხება ანაზღაურებას, 2014 წელს სადაზღვევო კომპანიებიდან ეს პროგრამა იმიტომ გადმოვიბარეთ, რომ ანაზღაურება გაგვეზარდა. დანახარჯების შესამცირებლად სოფლის ექიმებს სამედიცინო დოკუმენტაციით სამინისტრო ამარაგებს.
დაფინანსების გაზრდა ყოველთვის არ არის ეფექტიანობის საფუძველი. ვფიქრობთ, შედეგებზე დაფუძნებული სისტემა დავნერგოთ და ექიმები წავახალისოთ. ხელფასის გაზრდაზე ამ ეტაპზე სხვა ხედვა არ გვაქვს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს პარლამენტიც მიაწოდებს. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის როლი ნაკლოვანებების წარმოჩენაა და არა წარმატებებზე საუბარი.
„პროგრამას, რომელზეც თვეში 20 მილიონი ლარი იხარჯება და მაინც არაეფექტურია, ადმინისტრირების პრობლემა აქვს, – აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ, – 90 დღეში რეკომენდაციების შესრულება საეჭვოა.“
ნოდარ ებანოიძემ იმედი გამოთქვა, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის დაწყებასაც სამინისტრო ამ წლის ბოლოდან გეგმავს, ბევრ პრობლემას მოაგვარებს.
ნინო კაპანაძე
შოთა ლომიძე
ამავე თემაზე:
სოფლის ექიმის დეფორმირებული რეფორმა
ფოტოებზე: ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და აუდიტორი სოფო დვალიშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანდაცვის კომიტეტების სხდომაზე; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე აუდიტისგან გაცემულ რეკომენდაციებს წარადგენს.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი