ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება შედის. ცვლილების ორნაწილიანი პროექტი საკრებულოს ბიურომ 24 მაისს რიგგარეშე სხდომაზე განიხილა.

საბიუჯეტო ცვლილების პირველი ნაწილი რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებს, ხოლო მეორე ნაწილი – ააიპ-ებისთვის დამატებითი სუბსიდიის გამოყოფას ეხება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან საკრებულოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ააიპ-ებისგან წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე,  სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად, დამატებით საჭიროა 36 ათასი ლარი.“

ვინაიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს თავისუფალი სახსრები არ გააჩნია, აღნიშნული ღონისძიებების დასაფინანსებლად 36 ათასი ლარის გამოყოფას გამგეობა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი სახსრებიდან აპირებს.

გამგეობისგან საკრებულოსთვის წარდგენილი მოხსენებითი ბარათის თანახმად, ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისთვის“ 7 ათასი ლარის გამოყოფა იგეგმება. ამ თანხიდან აღნიშნული ააიპ 6 000 ლარს ხელფასებისთვის, 2 500 ლარს წყალარინების ჯგუფისთვის მასალების შესაძენად, 200 ლარს ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად, ხოლო 300 ლარს – უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების თავშესაფარში გადასაყვანად ითხოვს.

ააიპ სამუსიკო სკოლა 6 500 ლარს ითხოვს კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის საიუბილეო საღამოს გასამართად.

ააიპ კულტურის ცენტრმა დამატებით 13 000 ლარი მოითხოვა. აქედან 10 000 ლარი ბავშვთა სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ ბულგარეთის ქალაქ ნესებრში საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობისათვის, ხოლო 3 000 ლარი – ტრანსპორტირებისა და კომუნალური ხარჯებისათვის.

ააიპ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი ბიუჯეტიდან დამატებით 4 000 ლარი სუბსიდიის გამოყოფას ითხოვს; აქედან – 1 500 ლარს ცხელი ხაზის ბანერების დასამზადებლად, 250 ლარს – ფოტოაპარატის შესაკეთებლად, 700 ლარს პრინტერის, სკანერისა და ქსეროქსის აპარატის შესაძენად, 550 ლარს – ინტერნეტის გადასახადისათვის, 1 000 ლარს – საინფორმაციო პორტალ etanews.ge-ზე ინფორმაციის განსათავსებლად.

ააიპ ხალხური შემოქმედების სახლმა ბიუჯეტიდან დამატებით 1 000 ლარი ფოლკლორულ ფესტივალებში მონაწილეობისას ტრანსპორტით მომსახურებისათვის მოითხოვა.

დამატებით 3 000 ლარს ითხოვს ააიპ სათნოების სახლი. ამ თანხიდან 1 200 ლარს ქირისთვის ითხოვენ, ხოლო 1 800 ლარს – მიმდინარე თვეებში კვებისათვის.

1 500 ლარის დამატებას ააიპ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ლიტერატურული კონკურსის „ოდეონი“ და სამხატვრო პლენერის „გამა“ ორგანიზებისთვის (ტრანსპორტირება, კონკურსანტებისთვის საჭირო მასალების შეძენა და სხვ.) ითხოვს.

ზემოთ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილების პროექტზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 6 ივნისის სხდომაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.