ზვარის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მიხეილ დალალიშვილის წერილმა „საქართველოს ფოსტის“ კონკურსში „მისწერე საკუთარ თავს 45 წლის ასაკში“ გაიმარჯვა.

გთავაზობთ მიხეილის დედის სამადლობელ და კონკურსში გამარჯვებულ წერილებს.

21 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ჩატარდა „საქართველოს ფოსტას“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

კონკურსში „მისწერე საკუთარ თავს 45 წლის ასაკში“ 700 ავტორი მონაწილეობდა. ჟიურიმ დაჯილდოებაზე 4 გამარჯვებული კონკურსანტი მიიწვია. ზვარეს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე მიხეილ დალალიშვილის საფოსტო წერილმა კონკურსში I ადგილი დაიკავა.

მიხეილი „საქართველოს ფოსტას“ გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ჩიკვაიძის სერტიფიკატით, ნოუთბუქითა და „საქართველოს ფოსტას“ სუვენირით დააჯილდოვა. მიხეილ დალალიშვილის საფოსტო წერილი გაიგზავნება შვეიცარიის ქალაქ ბერნში, ქვეყნებს შორის გამოცხადებულ საფოსტო კონკურსზე.

უღრმესი პატივისცემა მინდა გამოვხატო ზვარის საჯარო სკოლის IX კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, სოფიკო ჩიტაძის, მიმართ. მისი დაუღალავი შრომის შედეგია მიხეილის წარმატება.

დიდი მადლობა ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნატო შათირიშვილს, იმისათვის, რომ ჩვენი სკოლა მრავალ კონკურსსა და ოლიმპიადაში აქტიურადაა ჩართული.

ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუსურვებ, მრავალჯერ განეცადოთ ის დიდი სიხარული, რაც ჩვენ განვიცადეთ ამ დაჯილდოებაზე. მრავალი წარმატება ზვარეს საჯარო სკოლას, მის აღსაზრდელებს, დირექციასა და პედკოლექტივს.

ღმერთმა მართლაც გაუზარდოს საქართველოს მრავალი ისეთი პატრიოტი, როგორიც მიხეილს წარმოუდგენია საკუთარი თავი 2046 წელს. ჩვენი საქართველოც ყოფილიყოს გამთლიანებული და გაბრწყინებული.

ირმა გერლიანი
მიხეილ დალალიშვილის მშობელი

 

ძვირფასო მიხეილ!

ამ წერილს შორეული ბავშვობიდან გწერ. ახლა 2016 წელია და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარის საჯარო სკოლის IX კლასში ვსწავლობ. ხშირად ვოცნებობ, გავხდე შენნაირი ჯარისკაცი და მშვიდობის დარაჯად ვიდგე ჩემი სამშობლოს საზღვარზე.

დღეს ჩემი ქვეყნის საზღვრები არ არის კარგად დაცული. ჯერ კიდევ ოკუპირებულია აფხაზეთი და სამაჩაბლო. ქართველებისათვის შეუძლებელია ამ ძირძველ ქართულ მიწებზე გადაადგილება, ხოლო დევნილ მოსახლეობას არ შეუძლია საკუთარ სახლებში ცხოვრება. ჩვენი საზღვრები არც დანარჩენ მონაკვეთებშია საკმარისად გამაგრებული.

როდის დავამთავრებ სკოლას, სამხედრო სამსახურში რომ შევიდე! მაშინ ყველა სტრატეგიას და საბრძოლო ხერხს დავეუფლები ისე, როგორც შენ შეგიძლია ახლა. ჯერ ამისთვის პატარა ვარ, მაგრამ ვიცი, ახლაც შემიძლია ჩემი მიზნებისათვის ბრძოლა. სკოლაში ყველა საგანს კარგად ვისწავლი, რომ სანიმუშო ჯარისკაცი დავდგე. სპორტულ წრეზეც დავდივარ, კერძოდ ძიუდოზე. წელს უკვე რამდენჯერმე გავიმარჯვე.

აი ნახავ, აუცილებლად მოვალ შენამდე, ნამდვილად გავხდები გენერალი მიხეილ დალალიშვილი! და მერე, აუცილებლად ვიბრძოლებ ჩვენი სამშობლოს დაცვაზე, ვასწავლი ახალ თაობებს ქვეყნის სიყვარულსა და პატრონობას. ერთად ვიბრძოლებთ მშვიდობისათვის საქართველოსა და მსოფლიოში.

ამჟამად ბევრ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში, უკვე წელიწადზე მეტია, სისხლისმღვრელი და უთანასწორო ბრძოლებია. ახლა რომ შენნაირი ჭკვიანი და ღონიერი ვიყო, აუცილებლად წავიდოდი დასახმარებლად. უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე საშინელი სიკვდილით დაიღუპა და ძალიან განვიცადე.

ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს, მაშინ რატომ მიდის სამხედრო სამსახურშიო. მაგრამ მე უკვე ვიცი, რომ მხოლოდ ძლიერ, გონიერ და სამართლიან ჯარისკაცებს შეუძლიათ მშვიდობის დამყარება.

2016 წელს სხვა დიდი პრობლემებიცაა მსოფლიოში. შინაომებია არაბულ ქვეყნებში, მაგალითად სირიაში. ხოლო ტერორისტული ორგანიზაციები ტერაქტებს ერთი-მეორის მიყოლებით აწყობენ საფრანგეთში, ბელგიასა თუ ერაყში. ასევე იმატა საჰაერო თავდასხმებმა, რამდენიმე სამგზავრო თვითმფრინავიც ჩამოაგდეს.

ეს არის ჩვენებური ამბები. იმედია, მანდ 2046 წელს, ბევრი კარგი ამბავი ხდება. საქართველო ხომ გამთლიანდა და გაძლიერდა? ალბათ აღარსად ეწყობა ტერორისტული აქტები. იმედია, ყველა ქვეყნის მმართველი ძალა მიხვდა მშვიდობის მნიშვნელობას და საკუთარ მოსახლეობას საშინელ ომებს აღარ ახვევს თავს. ალბათ ყველგან იცავენ ბავშვების უფლებებს, ადამიანები ქუჩაში გაღიმებული და იმედიანი სახეებით დადიან.

მინდა მშვიდობა ვუსურვო შორეული ბავშვობიდან ჩემს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს მომავალში. გამძლეობა, სიყვარული და სიკეთე იყოს თქვენს სამყაროში. იმედი და სამართლიანობა, ჰუმანიზმი და კეთილდღეობა ყოფილიყოს ყველას თანმდევი.

პატივისცემით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
მიხეილ დალალიშვილი