ხარაგაულში საატესტატო გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, ერთადერთი შეფერხება, – ტექნიკური ხარვეზი, – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში უცხო ენის გამოცდაზე დაფიქსირდა.

ამის შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუყოვნებლივ ეცნობა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

დავით კიკნაძის ინფორმაციით, 18-ვე საგამოცდო ცენტრში მშვიდი გარემოა. ყველგან არის გამართული ინტერნეტი. ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. „მე-12 კლასელებზეა დამოკიდებული, რამდენად სრულყოფილად შეძლებენ გამოცდებზე ცოდნის გამოვლენას,“ – ამბობს დავით კიკნაძე.

რესურსცენტრის უფროსის თქმით, წლევანდელ საატესტატო გამოცდებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკმაოდ ბევრი კურსდამთავრებული ჩაიჭრა, ძირითადად, უცხო ენებში. დავით კიკნაძე აღნიშნავს, რომ გამოცდების საბოლოო შედეგები ორ დღეში იქნება ცნობილი. თუმცა, ფაქტია, რომ ამდენი ჩაჭრილი კურსდამთავრებული გასულ წლებში არ გვყოლია.

წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგამოცდო ცენტრებში საატესტატო გამოცდებს 235 ახალგაზრდა აბარებს. მათგან 220 წლევანდელი კურსდამთავრებულია, დანარჩენი კი, – ვინც შარშან და შარშანწინ გარკვეულ საგნებში ვერ გადალახა ზღვარი.