უბისაში, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის – ვიტალი დარასელიას დაღუპვის ადგილზე, მონუმენტი აღიმართა.

ვიტალი დარასელიას მეგობრებმა მისგან ქართული ფეხბურთის ისტორიაში შეტანილი უდიდესი წვლილი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

გამორჩეული ფეხბურთელის ხსოვნას პატივი მიაგეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

მონუმენტის გახსნის ღონისძიებას ვიტალი დარასელიას ვაჟი – უმცროსი ვიტალი დარასელია დაესწრო.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ვიტალი დარასელიას სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა.

მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, რომ ვიტალი დარასელია იყო უდიდესი მოვლენა იმდროინდელ საქართველოში.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, ვიტალი დარასელიას სახელის დავიწყება შეუძლებელია.

ალექსანდრე ჩივაძე, ვეტერანი ფეხბურთელი: -ჩვენი ვიტალი 1982 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი სული ამ ულამაზეს ადგილას მიიბარა უფალმა. დიდი მადლობა ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მათი ძალისხმევით ასეთი ღირსშესანიშნავი მონუმენტი აღიმართა. ნამდვილად გამიხარდება, თუ ამ ადგილას გავლისას საქართველოს მოქალაქეები პატივს მიაგებენ ვიტალი დარასელიას სულს.

ოთარ გაბელია, ვეტერანი ფეხბურთელი: -ჩემთვის ტრაგედიაა აქ ყოფნა. თითქოს იმ დროში დავბრუნდი. ბუმბერაზი პიროვნება და დიდი სპორტსმენი დავკარგეთ. რიცხვი ცამეტი მისთვის საბედისწერო იყო – მე-13 ნომრით თამაშობდა, 13 რიცხვში დაიღუპა და მისი ცხედარი მეცამეტე დღეს ვიპოვეთ. სასიხარულოა, რომ მას არ ივიწყებენ. მადლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას მისი სახელის პატივისცემისთვის.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ვიტალი დარასელიას მონუმენტი უბისაში;
ვიტალი დარასელიას სულის მოსახსენებელ პარაკლისს მეუფე მელქისედეკი აღავლენს;
ვეტერანი ფეხბურთელები უმცროს ვიტალი დარასელიასთან ერთად უბისაში;
უმცროსი ვიტალი დარასელია მამის დაღუპვის ადგილას.

 

vitali_daraselia-4 vitali_daraselia-2 vitali_daraselia-1 vitali_daraselia