ცენტრალური მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,“ დავით ბაქრაძემ, ხარაგაულში საარჩევნო შტაბი დააფუძნა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შეხვდა.
„შეხვედრაზე შემთხვევით აღმოვჩნდი. სამსახურიდან ვბრუნდები და გზაში, კვიცხნარის წყაროსთან თანასოფლელები – ასე 100-120 კაცი იყო შეკრებილი, – გვიამბობს სოფელ ვარძიის მკვიდრი, მასწავლებელი ლამზირა ბააკაშვილი, – მაშინ გავიგე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძეს ხვდებოდნენ. წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ ამის შესახებ. მივედი და შეხვედრაც დამთავრდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ ყველა კანდიდატს და გავიგოთ, რას გვპირდებიან, რა გეგმა და პროგრამა აქვთ.“
27 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევს. ხარაგაულში პრეზიდენტობის კანდიდატების – დავით ბაქარაძის, გიორგი თარგამაძის, გიორგი მარგველაშვილისა და ნინო ბურჯნაძის მხარდამჭერი შტაბები ფუნქციონირებს. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის თაობაზე პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერი შტაბების ხელმძღვანელებს შემდეგი შეკითხვებით მივმართეთ:
-როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია?
-თუ აქთ ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევების შესახებ, -კონკრეტულად რა სახის და ვისგან?
-სამი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამიდან.
-იგეგმება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატის სტუმრობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში?
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის მხარდამჭერი საარჩევნო შტაბის უფროსი ხარაგაულში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი თორნიკე ავალიშვილია.
-ჩვენი შტაბის წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. გვყავს კოორდინატორები ზონების მიხედვით. ვხვდებით მოსახლეობას სოფლებში და საარჩევნო კამპანია დღითიდღე აქტიურდება.
რაც შეეხება დარღვევებს, ზოგ უბანზე მოქალაქეებს ეშინიათ, რომ ჩვენს შტაბთან თანამშრომლობის გამო სამსახურიდან გაუშვებენ. მასწავლებლებთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა გამოაცხადა, რომ არ შეიძლება მასწავლებლების საარჩევნო კომისიების წევრობა. საარჩევნო კომისიებში მუშაობის სურვილი ბევრ მასწავლებელს აქვს, მაგრამ შეეშალათ ხელი განათლების სამინისტროს პოზიციის გამო. თუმცა კანონი არ უკრძალავს მასწავლებლებს და ახლა მოსახლეობამ განსაჯოს. ეს დაშინებაა, თუ რა არის.
რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, ჩვენ არანაირი ხელისუფლების შეცვლას და ჩანაცვლებას არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შესრულებას, თუ სურვილს გამოთქვამს ახალი ხელისუფლება, დაპირებების შესრულებაში მივეხმარებით. ჩვენ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ მმართველ ხელისუფლებას დანაპირები შევასრულებინოთ.
-ბატონო თორნიკე, რატომ არ გვაცნობეთ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის ხარაგაულში ვიზიტის შესახებ?
-მე პირადად ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. ბატონი დავითი კიდევ აპირებს ჩამოსვლას ხარაგაულში და ყოველ მიზეზგარეშე მოგიწვევთ. ეს იქნება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის შუა რიცხვებში.
-რომელ სოფლებში გაიმართა შეხვედრა და რაზე გააკეთა მოსახლეობამ აქცენტები?
-დავით ბაქრაძე მოსახლეობას ვარძიაში, კიცხსა და ხევში შეხვდა. მოსახლეობა ითხოვს დანაპირების შესრულებას, რომელიც წინასაარჩევნოდ გაიცა. ითხოვენ 250 ლარიან პენსიებს, სოციალური დახმარების გაზრდას. არ ვმალავ, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდშიც არ იყო სოციალური დახმარება საკმარისი. განსახორციელებელია ინფრასტრუქტურული პროექტები, დამეწყრილი მოსახლეობა ითხოვს დახმარებას, დაბა ხარაგაულში შეჩერებულია ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაწყებული გაზიფიცირების პროცესი, პრობლემებია სოფლის მეურნეობის მხრივ. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩვენი მმართველობის პერიოდშიც არასაკმარისი იყო და სრულად ყველა სოფელს ვერ მოვიცავდით, მაგრამ ის პრობლემები პრობლემებად დარჩა.
-პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძეს კრიტიკული შეკითხვები თუ დაუსვეს?
-არა, ასეთი რამ არ ყოფილა. ბატონი დავითი, ყველამ იცის, რომ არის გაწონასწორებული პიროვნება. ერთადერთი, თუ შეიძლება კრიტიკულ შეკითხვად ჩაითვალოს, ერთმა მოქალაქემ ვარძიაში იკითხა, – რატომ გააკარით ჩემს ჭიშკარზე ხუთი ნომერი, რაც მე არ მსურდა.
კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მოწოდებაა, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები შეუსრულდეს ხალხს. მე პოზიციას და ოპოზიციას არ ვუყურებ, მზად ვარ ჩემ გუნდთან ერთად დღის და ღამის ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემების გადაწყვეტაში, რათა დახმარება გავუწიოთ ხარაგაულის თითოეულ მოქალაქეს.
„ქრისტიან-დემოკრატული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი თარგამაძის მხარდამჭერი საარჩევნო შტაბის უფროსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გიორგი თაბუკაშვილი იქნება:
-14-დან 20 სექტემბრამდე ხარაგაულში ჩამობრძანდება ბატონი გიორგი თარგამაძე. ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად დაიწყებს შტაბი საქმიანობას. შტაბის უფროსი, სავარაუდოდ, მე ვიქნები, სხვა არავინ მოიაზრება. ზონებზე უკვე შერჩეული გვყავს კოორდინატორები და მჭიდრო, ყოველდღიური ურთიერთობები გვაქვს მოსახლეობასთან.
ჯერჯერობით რაიმე წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. ჩვენი თანამოაზრეები თავისუფალი ადამიანები არიან. ისინი თავად გვხვდებიან. არ გვაქვს საკმარისი დაფინანსება, მაგრამ მწირი დაფინანსებითაც გავაკეთებთ იმას, რაც არის საჭირო.
გიორგი თარგამაძის პროგრამის მთავარი ორიენტირია: დასაქმების პრობლემის მოგვარება, საარსებო მინიმუმის გაზრდა 250 ლარამდე და სოფლის მეურნეობის განვითარება.
ბოლოს გეტყვით, რომ მე მრავალპარტიულობის მომხრე ვარ. მიხარია, ბევრი კანდიდატი რომ აცხადებს პრეტენზიას პრეზიდენტობაზე. ამით საარჩევნო გარემო უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხდება. ეს აუცილებელია.
ხარაგაულელებს მოვუწოდებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საწინააღმდეგოდ ხელმოწერებს ვაგროვებ და დაგვიჭირონ მხარი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინიციატივია. ეს არის ქართველი ხალხის გადარჩენის ინიციატივა. ჩემი თხოვნაა, ხარაგაულელები მოვიდნენ არჩევნებზე და გაანალიზებულად მისცენ ხმა სასურველ კანდიდატს.
nკოალიცია „ქრთული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს ხარაგაულში მერაბ შათირიშვილი ხელმძღვანელობს:
-შტაბი მუშაობს ორგანიზებულ, ასე ვთქვათ, მკაცრ რეჟიმში. შეხვედრები უკვე დაწყებულია. ჩვენ გავდივართ სოფლებში. შექმნილია შეხვედრების ჯგუფი. ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ მოსაზრებებს, ისინი ჩვენს მოსაზრებებს ისმენენ. შტაბის მუშაობა მიმდინარეობს საარჩევნო პროცესების შესაბამისად – ექვს ზონაზე გვყავს ზონის ხელმძღვანელი, მათი მოადგილეები, ყველა უბანზე უბნის უფროსები და აგიტატორები.
შეფერხება და ზეწოლა ჩვენზე ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სამთავრობო კოალიცია. შეფერხება რაც იყო, საკმარისია უკვე. რატომღაც ზოგიერთები გონს ვერ მოდიან და მიჰყვებიან სააკაშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში. რატომ – ეს ჩემთვის გასაკვირია, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ და არ მაინტერესებს.
არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ ბურჯანაძის მომხრეები ავრცელებენ ხმას, თითქოს ბურჯანაძე და ივანიშვილი ერთად არიან, თითქოს მოლაპარაკებულია ბურჯანაძე ივანიშვილთან და რა მნიშვნელობა აქვს, ვის მისცემენ ხმას. არის ასეთი აბსურდული ჭორი. უნდათ ამომრჩეველი დააბნიონ. დღეს ხარაგაულელი ამომრჩეველი, მე ვგრძნობ შეხვედრებიდან, ისეა გათვითცნობიერებული, რომ არ მოტყუვდება.
მე კატეგორიულად ვემიჯნები და არანაირი კონტაქტი არ მაქვს სოფლების რწმუნებულებთან. განსაზღვრულია კანონით, რომელ საათებში შეუძლიათ საჯარო მოხელეებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. არავითარი ადმინისტრაციული რესურსი ჩვენ არ გვჭირდება. საკმარისად გაგვაჩნია თანხა გადაადგილებისთვის. განსაკუთრებული არ არის ჩვენი დაფინანსება, მაგრამ არის იმის მოტივაცია, რომ არჩევნები ჩატარდეს შიშველი ხელით და შიშველი ჯიბით.
რაც შეეხება ბატონი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამას, 19 სექტემბერს ის სპორტის სასახლეში საჯაროდ განაცხადებს. ის იმ პლატფორმაზე შექმნის პროგრამას, რაც არის გზა ევროპისკენ, ნატოსკენ, რა თქმა უნდა ურთიერთობების მოგვარება მეზობელ ქვეყნებთან და საზოგადოებრივი სექტორებისთვის უფრო მნიშვნელოვნად ყურის გდება.
მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილი ხარაგაულს აუცილებლად ესტუმრება. ვიცი, რომ ბატონი ბიძინა იმყოფებოდა შარშან ხარაგაულში და ბატონი ბიძინას კვალდაკვალ სიარული ყველას არგებს.
დასასრულს, მოსახლეობას ერთ რამეს ვეტყვი, რომ გაიხსენონ გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებამდე შექმნილი ვითარება: ტერორი, დაშინება, გადაბირება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხავსს ეჭიდებიან. უნდათ, საზოგადოება წაიყვანონ უკან. ისტორია ყოველთვის მიდის წინ. ეს გარდაუვალია.
მოვუწოდებ ხარაგაულელებს, კარგად გააანალიზონ წარსული და ხმა მისცენ მომავალს. დარწუნებული ვარ, რომ როცა ქართველი კაცის ბედი წყდება, მისი აზროვნება გადის არა კუჭზე, არამედ – მხოლოდ თავისუფლებაზე. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილი ამ თავისუფლების გარანტია ყველა განცხადებით. როცა პრეზიდენტს ავირჩევთ, ის ჩადგება ჩვეულებრივი მოქალაქეების რიგებში და მათთან ერთად გააკონტროლებს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტსა და მთავრობას.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი შტაბის ხელმძღვანელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გოგი ლაცაბიძეა:
-თვენახევარია, რაც ცხრაკაციანი საარჩევნო შტაბი ფუნქციონირებს. განაწილებული გვაქვს ფუნქციები. თავმჯდომარე მე გახლავართ, მყავს მოადგილეები. მოქმედებს ახალგაზრდული ორგანიზაცია. გვყავს წარმომადგენლები საოლქო კომისიაში, ზონის და უბნის კოორდინატორები.
ბაზალეთში შეგვხვდა წინააღმდეგობა. ჩვენი კოორდინატორი გიორგი შერგელაშვილი და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ბესო ვეფხვაძე ერთად დადიოდნენ სოფელში. მეორე დღეს გიორგისთან მივიდა რწმუნებული და რა აგიტაციას ეწევითო, ჰკითხა. ჩვენ ჩავერიეთ შემდეგ და გაირკვა ყველაფერი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ბაზალეთში რწმუნებულის გარეშე არავინ უნდა მისულიყო.
ხარაგაულის სინამდვილეში ძალიან საინტერესო სიტუაცია შეიქმნა. ადმინისტრაციული შენობა გაივსო. ფაქტობრივად უმუშევარი ადამიანი აღარ არის დაბა ხარაგაულში. მათ შორის ჩვენი მხარდამჭერებიც არიან. ეს წინასაარჩევნოდ ხალხის დასაქმებაა და მე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიმაჩნია. რიგი საჯარო მოხელეები გავიდნენ შვებულებაში და „ქართული ოცნების“ შტაბში დადიან. პოლიციიდან ადამიანების დაშინებაც არის. ამას დასაბუთება უნდა, ამიტომ ახლა არ შემიძლია ვისაუბრო კონკრეტული ფაქტებით, მაგრამ მათი მხრიდან აგიტაცია ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ.
ხარაგაულში ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ სამართლიანობა აღდგეს. არც არასდროს ყოფილა სამართლიანობა ხარაგაულში. ბევრი ხარაგაულელი იმედგაცრუებულია.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის ხარაგაულში ჩამოსვლას, გასულ კვირაშიც ვესაუბრე ცენტრალურ შტაბში შეხვედრების კოორდინატორს. ძირითადი აქცენტი დიდ ქალაქებსა და რაიონებზეა, მაგრამ სექტემბრის მეორე ნახევარში იგეგმება შეხვედრა ნინო ბურჯანაძესთან ხარაგაულში.
პროგრამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ნინო ბურჯანაძე გამოცდილი სამეურნეო მუშაკია და იმ თანამდებობაზე, რაზეც პრეტენზიას აცხადებს, ორჯერ იყო დროებით. ყველაზე მთავარი მისთვის არის სამართლიანობის დამკვიდრება და დამნაშავეების დასჯა. ის, რომ პირველ ოქტომბერს მოსახლეობამ მხარი სამართლიანობის აღდგენას დაუჭირა და ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა, ფაქტია. ავადსახსენებელმა კოჰაბიტაციამ ცუდი ელფერი შეიძინა. პარტიული გადაცდომები შეიძლება აპატიო ადამიანს, მაგრამ სისხლის სამართლის დამნაშავე არ უნდა იყოს პარტიაში. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ამაში ორი აზრი არ არსებობს.
ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. ბევრი საკითხია გადასაწყვეტი, რომლის მოგვარებასაც თავად რუსეთი გვთავაზობს და რატომ უნდა დავიხიოთ უკან? მე ვერ გეტყვით და კატეგორიული ვერ ვიქნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოგვიტანა ამერიკამ, მაგრამ 20 წელია მივჩერებივართ ნატოს, ევროკავშირს, ამერიკას. კი ბატონო, გვიჭერენ მხარს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი არ არის გადადგმული ამ კუთხით. დღეს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების გასაღები ხელში უჭირავს რუსეთს. მე ვერ ვიტყვი, რომ ხვალვე დაგვიბრუნებს ტერიტორიებს, მაგრამ არის სერიოზული და რთული მომენტები, რომელზე საუბარი დაძაბულობისა და ლანძღვის ტონში ვერ შედგება.
ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. სოციალური მდგომარეობა ვერ შეიცვლება, თუ ეკონომიკა არ განვითარდა. ამისთვის ინვესტიციებია საჭირო. მათ შორის რუსეთი ამ მიმართულებით ბევ რამეს შემოგვთავაზებს.
წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები მართლაც გამორჩეულია სხვა არჩევნებისგან. საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი შესრულდებოდა, მაგრამ ჩვენ ორ ხელისუფლებასთან გვიწევს ბრძოლა ხარაგაულის სინამდვილეში. ხელისუფლებაშია „ნაცონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება.“ იქ არიან ადამიანები, რომელთაც სიმპატიები გააჩნიათ ჩვენს მიმართაც. კონკრეტულად დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ხელისუფლებაში ისევ ის ხალხია, ვინც წინა არჩევნებზე ცუდ საქმეებს აკეთებდა და მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია. პირიქით, ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან.
P.S. წერილის მომზადების პროცესში ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ბაზალეთში „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ კოორდინატორს გიორგი შერგელაშვილს და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ვარლამ ჭიპაშვილს.
გიორგი შერგელაშვილმა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის კომუნიკაცია რწმუნებულთან და აღნიშნა, რომ ის მხარდამჭერთა ხელმოწერებს აგროვებდა სოფელ წიფში. „გამორიცხულია ყოველგვარი ზეწოლა, თუმცა გეტყვით იმას, რომ შარშანდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ხალხში ისევ არის შიში. მაგალითად, მითხრეს, გვეშინია, ჩვენი ხელმოწერის გამო სოციალური დახმარება არ მოგვიხსნანო. ზოგადად, მოსახლეობას სურს, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს, მაგრამ თითქოს რაღაცის ეშინიათ,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში გიორგი შერგელაშვილმა.
ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ბურჯანაძის მხარდამჭერ ახალგაზრდებს არ შეხვედრია და არც დაინტერესებულა მათი საქმიანობით. „ვერავინ იტყვის, რომ მე სოფლებში დავდივარ და ვინმეს საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ აგიტაციას ვეწევი. ეგ არ არის ჩემი საქმე. მოსახლეობას ვინც სურს, იმას აირჩევს. ისე კი გეტყვით, რომ სამწუხაროდ, წარსულის მწარე გამოცდილების გამო, ხალხი ისევ შიშით ცხოვრობს და ამას ჩემთანაც საუბრობენ.“
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,