ქართული ენისა და ლიტერატურის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი I-VI კლასების მასწავლებლებისთვის დღეს ხარაგაულში ტრენინგი გაიმართა.   

ტრენინგის ორგანიზატორია პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, ტრენინგის თემა წინასწარი გამოკითხვით შეარჩიეს.

ვარძიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაკა ხიჯაკაძე ამბობს, რომ ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერია.

„იმ შეცდომებზე დავფიქრდი, რაც გასულ წლებში სასერტიფიკაციო გამოცდაზე დავუშვი, – ამბობს მაკა მასწავლებელი, – ალბათ, ძალისხმევა დავაკელი, მეტი უნდა ვიმუშაო. მიუღწეველი არაფერია. წელს გამოცდის ჩაბარების ფორმატი შეიცვალა და, ჩემი აზრით, უფრო დაიხვეწა.“

ნადაბურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მიმოზა სიჭინავა სასერტიფიკაციო გამოცდაზე წელს პირველად გადის. ამიტომ მისთვის ტრენიგზე მოსმენილი ყველა ინფორმაცია მნიშვნელოვანია. „როგორ შემოწმდება ჩემი პროფესიული ცოდნა, ეს გავიგე. მადლობა განათლების პროფკავშირის რაიონულ ორგანიზაციას, რომ მასწავლებელთა ცოდნის ამაღლებაზე ზრუნავს,“ – ამბობს მიმოზა სიჭინავა.

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტის, ტრენერ მაია ბოჭორიშვილის თქმით, რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა.

„მასწავლებლებისთვის რთულია აკადემიური უნარების გამოვლენა, წაკითხული ტექსტების გაგება-გააზრება, გარკვეულ პრობლემაზე ანალიტიკური მსჯელობა და ანალიტიკური ესეს ჩამოყალიბება, – ამბობს მაია ბოჭორიშვილი, – მასწავლებლები საგნობრივ კომპეტენციებზე დამოუკიდებლად მუშაობენ. მე მხოლოდ სტრატეგიას ვასწავლი, თუ როგორ დაძლიონ კონკრეტული საკითხები.“

მაია ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ.

დღევანდელ ტრენინგში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 33 მასწავლებელი მონაწილეობდა.

maswavlebelta_treningi-3 maswavlebelta-Treningi-2