ხარაგაულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე კონფერენცია „ფიზიკური გარემოს მიღმა“ გაიმართა.

კონფერენციას შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვივი, შვედი ჟურნალისტი მორტენ ჰენნეუსი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ფიზიკური გარემოს მიღმა“ შვედურმა ინსტიტუტმა ქართველ პარტნიორებთან ერთად მოამზადა.

კონფერენცია პროექტის კორდინატორმა მაია ბერაძე-ჯონსონმა გახსნა.

შშმ ბავშვის მშობელმა მარინა ნავაძემ კონფერენციის მონაწილეებს უამბო იმ ბარიერებისა და პრობლემების დაძლევის სირთულეებზე, რაც მისმა ოჯახმა 18 წლის მანძილზე გამოიარა. ქალბატონმა მარინამ ასევე ისაუბრა შშმ პირთათვის სტატუსის მინიჭების პრობლემებზე, 18 წელს ზემოთ შშმ პირთათვის ჯგუფის მინიჭებისათვის არსებულ ბარიერებზე.

„ორი გოგონას შემდეგ მესამე ბიჭი რომ შემეძინა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, – იხსენებს მარინა ნავაძე, – ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული. ოთხი თვის გიორგის ექიმმა დაუსვა დიაგნოზი – დაუნის სინდრომი. ეს სიტყვა პირველად მაშინ გავიგონე. თავზარი დამეცა, ვერაფერი გავიგე… მხოლოდ ექიმის სიტყვები ჩამესმოდა, – ბავშვი ვერ გაივლის, ვერ იმეტყველებს… საავადმყოფოში დატოვებაც კი შემომთავაზეს… აზრი დავკარგე, 3-4 საათი ვერაფერს ვგრძნობდი. გონზე რომ მოვედი, ჩემი გიორგი მოვიკითხე, გულში ჩავიხუტე და საავადმყოფოდან გამოვიქეცი…

…უამრავი დაბრკოლებისა და ტანჯვის გამოვლის მიუხედავად, ძლიერი დედა ვარ, რადგან ჩემი ძალისხმევით დღეს ჩემი გიორგი დადის, დარბის, ფეხბურთს თამაშობს, უყვარს ხატვა, სიმღერა, საკუთარი ხელით ჭამს და იცვამს, იბანს. მეხმარება საოჯახო საქმეებში. უყურებს სატელევიზიო გადაცემებს. თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს. უყვარს თავის დები, მამა, ნათესაობა.

ყოველი დღის გათენება ჩემთვის და ჩემი შვილისთვის იწყება სიყვარულით, სითბოთი, სიხარულით, ღიმილით, – ეს ჩვეულებრივი დღეები არ არის, ეს გამარჯვების დღეებია. დიახ, ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან არ გავამართლეთ ექიმის სიტყვები. მე მყავს შვილი, რომელიც მაბედნიერებს. გიორგი არის ჩემი სიცოცხლის წმინდა სხივი, უფლის დიდი და ლამაზი საჩუქარი. დიახ, საჩუქარია, რადგან მისთვის უცხოა ბოროტება, შური, ბოღმა. აფრქვევს საოცარ სითბოსა და ისეთ სიკეთეს, როგორიც ყველა ადამიანს არ შეუძლია.“

ხარაგაულში დღეს გამართულ კონფერენციაზე შშმ ბავშვთა მხარდამჭერი ორგანიზაციის დამფუძნებელმა მაგდა ყურაშვილმა ბავშვის განვითარებისათვის დღის ცენტრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანვე მიმოიხილა იმერეთის რეგიონში არსებული პრობლემები ამ მიმართულებით (ცენტრების დაფუძნება, ფუნქციონირება).

არასამთავრობო ორგანიზაცია „ორიონის“ ხელმძღვანელმა ჟანა ფერაძემ ინკლუზიური განათლების მიმართულებით რეგიონში არსებულ პრობლემებზე იმსჯელა.

რა გაკეთდა და რა იგეგმება შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – კონფერენციის მონაწილეებს გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გააცნო.

შვედმა ჟურნალისტმა მორტენ ჰენნეუსმა შშმ პირთა ცხოვრებაში სახელმწიფო ინსტიტუციების როლზე გაამახვილა ყურადღება.

ინგა მაღრაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ისაუბრა, რომ აუცილებელია შშმ პირთათვის გარემოს ადაპტირება, მათი დასაქმებისთვის რეგიონში არსებული პრობლემების დაძლევა, შშმ პირთა პრობლემების გადაწყვეტაში თვითმმართველობის როლისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გურგენიძემ არსებულ სტიგმასა და შშმ პირთათვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შესახებ არსებული ინფორმაციის ნაკლებობაზე გაამახვილა ყურადღება; ჟურნალისტმა ნინო მეუნარგიამ – მედიის როლზე შშმ პირთა ცხოვრებაში; ირინე აბდალაძემ (განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „თაირისი“-ს დამფუძნებელი) – სოციალური სერვისების განვითარების პერსპექტივებზე.

კონფერენციის შეჯამების შემდეგ შშმ პირთა ცხოვრების ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 22 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ფოტო საქართველოდან (მათ შორის ერთ-ერთი ხარაგაულიდან) და შვედეთიდან, ასევე ამონარიდები მათი ინტერვიუებიდან.

goga-khakhalashvili konferencia-2 goga-kvinikadze konferencia-3

konferencia-6 konferencia-7 konferencia-8 konferencia-9 konferencia-10 konferencia-11