kharagaulis_gamgeoba

„დღეს ყველაზე კარგად გამოჩნდა ამ საკრებულოს უმრავლესობის სახე: ვერ დაიმტკიცეს ხელფასების გაზრდა და მხარი აღარ დაუჭირეს სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობას, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის წამლების შესაძენი თანხით დაფინანსებას. ხარაგაულში მცხოვრები ადამიანები აღშფოთებულები არიან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან გაიზარდა შტატები. მე მათ დამოკიდებულებას და პროტესტს გამოვხატავ, როცა საკრებულოს სხდომებზე აზრს გამოვთქვამ. ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ ხარაგაულელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან ბიუჯეტის ფული ყველასია,“ – აღნიშნა 23 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ მოქალაქე მარინე გოგიამ.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ბაჩუკი გორგაძის მიერ დეპუტატებისთვის წარდგენილი ცვლილების თანახმად, ხელფასები უნდა მომატებოდათ საკრებულოს წევრ თანამდებობის პირებს, ხოლო დანარჩენ დეპუტატებს – უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. „დეპუტატების უფლებამოსილების განხორციელებისთვის ვამატებთ თითოეულზე 50 ლარს და მათი ანაზღაურება გახდება თვეში 400 ლარი. უფლებამოსილების განხორციელების ხარჯი (150 ლარი) მოეხსნება საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებს, მაგრამ ისინი მიიღებენ პრეზიდენტის ბრძანებულებით დაწესებული ხელფასის ზედა ზღვარს,“ – მიმართა საკრებულოს წევრებს დეპუტატმა. ამ ცვლილების მიხედვით, კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურება 1 300 ლარი გახდებოდა (ნაცვლად 1 000 ლარისა), საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის – 1 700 ლარი (ნაცვლად 1 200 ლარისა), ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის – 2 650 ლარი (ნაცვლად 2 360 ლარისა).

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა რომან შერგელაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებისთვის ანაზღაურების მომატების ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნება – ხარაგაული“ და მისი თავმჯდომარე იური ლურსმანაშვილი გახლდათ. რომან შერგელაშვილის თქმით, ხელფასებისა და ხარჯების მატებას „სულ რაღაც 10 ათასი ლარი სჭირდება.“ მან განაცხადა, რომ დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მთავრობამ დაამტკიცა, ხოლო პრეზიდენტის ბრძანებულება საკრებულოს თანამდებობის პირებს აძლევს უფლებას, ხელფასი მოიმატონ.

ფრაქცია „ქართული ოცნება – ხარაგაულის“ წევრმა რუსუდან გურგენიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ფრაქციის თავმჯდომარის ინიციატივას. „მოვიძიე დეპუტატების სხდომებზე დასწრების აღრიცხვა. მე მათ ადგილზე შემრცხვებოდა, – ან იმ 350 ლარს რისთვის იღებენ. ყოველდღე დავდივარ საკრებულოში და ფრაქციის თავმჯდომარეებს აქ თითქმის ვერ ვხედავ. სამი წლის მანძილზე საკრებულოს არც ერთი პროგრამა არ განუხორციელებია და რატომ უნდა მოვიმატოთ ხელფასი,“ – განაცხადა რუსუდან გურგენიძემ. მისივე თქმით, არასაკმარისია თანხა სტიქიით დაზარალებულებზე, სოციალურ პაკეტზე, შეჩერდა ეკლესიის მშენებლობა. ამიტომ ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუჭერს მხარს დეპუტატებისთვის ხელფასების მომატებას.

საკრებულოს სხდომაზე მყოფი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე დაინტერესდა, რა არის დეპუტატებისთვის ანაზღაურების გაზრდის არგუმენტი. „მე, როგორც მოქალაქე, გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას – საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებს არც აქამდე გქონდათ უფლება, მიგეღოთ დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხარჯები, რადგან თქვენ იღებთ ხელფასს. ეს არის ძალიან უცნაური, ამაზრზენი რამ. 350 ლარს იღებთ საკრებულოს დანარჩენი წევრები. ამ თანხის გაცემის საბუთი უნდა იდოს აქ. ხარჯი იცემა ხელფასის სახით, რადგან ამბობთ, რომ მგზავრობის ბილეთის მოტანა შეუძლებელია. ხელფასის გაცემის უფლება არ გაქვთ. გამოდის, რომ ხარჯი არასწორად იცემა. ამავე დროს ხარჯი ხომ უნდა იყოს გონივრული. რისთვის იღებთ ამ თანხას? ერთი მუნიციპალური პროგრამა მაჩვენეთ თქვენგან მომზადებული. რის ხარჯებს ეწევით, რა პროდუქტი იქმნება? მოსახლეობას ვხვდები სოფლებში. ხალხი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობს. უსაშველო მდგომარეობით იხოცებიან ადამიანები და რა ვუთხრათ, რომ 10 ათასი ლარი არაფერია? რატომ უნდა მოიმატოს ხარჯი თქვენმა კოლეგამ, რომელიც ამავდროულად ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელია. ამიხსენით, არგუმენტი ხომ უნდა გქონდეთ? ფული გვაქვს და იმიტომ? ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი თანაგუნდელი, იური ლურსმანაშვილი, ამას აკეთებს. დავრბივარ, რომ როგორმე ფული ვიშოვო საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის და რისთვის, – ბიუჯეტის ფული არაკანონიერად და არაეფექტურად უნდა ვხარჯოთ? კი, ბატონო, უყარეთ კენჭი ისე, როგორც ნახევარი წლის წინ მიიღეთ გადაწყვეტილება და ხარაგაულს ნახევარი მილიონი ლარი დააკარგინეთ რკინგზის ლიანდაგის ქვეშ მოქცეულ მიწაზე არასწორად დაწესებული გადასახადის გამო. ჩვენ ვსარგებლობთ იმით, რომ საზოგადოებას ბიუჯეტის ფული არ მიაჩნია თავისად,“ – მიმართა საკრებულოს წევრებს ნოდარ ებანოიძემ.

დეპუტატ იური ლურსმანაშვილის განმარტებით, ხელფასებისა და დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხარჯების გაზრდის იდეა არა მხოლოდ მას ეკუთვნის. მისივე თქმით, ყურადღება ექცევა ვეტერანებს, იზრდება სოციალური პაკეტი, ბიბლიოთეკარების ხელფასები. „2006 წლიდან მოყოლებული ვიძახი, რომ შესაბამისი ანაზღაურება სჭირდება დეპუტატს საკრებულოში მოსვლისთვის და საქმის საკეთებლად,“- განაცხადა იური ლურსმანაშვილმა.

ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო დეკანოსიძემ ხარჯის მომატების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ის ხშირად ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს საკუთარი ხელფასით. მოლითის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ექიმმა გოჩა ჩხაბერიძემ კი აღნიშნა, რომ მომატებული ხელფასი მას მისცემს საშუალებას, უფრო ხშირად მივიდეს გაჭირვებულ პაციენტებთან.

„კანონის თანახმად, დეპუტატი უნდა მუშაობდეს საკრებულოში. ჯერ კანონია და მერეა სხვა ყველაფერი,“ – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ნოდარ ებანოიძემ.

ხელფასებისა და ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე საკუთარი პოზიცია გამოხატა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა: „მე და ჩემი გუნდი ვიყავით თავიდანვე იმ პოზიციაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიზარდოს ხელფასები, რადგან ამის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ.“

n23 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხელფასებისა და ხარჯების გაზრდის საკითხზე ნოდარ ებანოიძესა და რომან შერგელაშვილს შორის გამართული მწვავე მსჯელობა და კამათი ურთიერთდაპირისპირებასა და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა. საბოლოოდ, ფრაქცია „ქართული ოცნება-ხარაგაულის“ თავმჯდომარე იური ლურსმანაშვილმა საკითხი უკან გაიტანა და დეპუტატებს მოუწოდა მომავალში არსებული ხარჯების შემცირებაზე იფიქრონ.

საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანის წინადადებით, კენჭისყრაზე დადგა საბიუჯეტო ცვლილება დეპუტატებისთვის ხელფასებისა და ხარჯების გაზრდის საკითხის გარეშე.

სხდომაზე მყოფი 22 დეპუტატიდან საკრებულოს წევრებმა: იური ლურსმანაშვილმა, რომან შერგელაშვილმა, ზაზა გლუნჩაძემ, გოჩა ჩხაბერიძემ, თემურ მაღლაკელიძემ, მამუკა ხიჯაკაძემ და ვლადიმერ გვრიტაძემ საკრებულოს სხდომა დატოვეს. სესიის მიმდინარეობისას სხვა დეპუტატებიც ტოვებდნენ სხდომათა დარბაზს.

„ქვორუმი არ არის და როგორ ვამტკიცებთ საბიუჯეტო ცვლილებას?“ – მიმართა დეპუტატებს საკრებულოს აპარატის უფროსმა ლენა კალანდაძემ.

„ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას არ უნდა მივატოვოთ სესია. პროექტები ჩაგვივარდება. მთავრობის დადგენილებით კიდევ გაიზარდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დაფინანსება და 3 315 340 ლარი მივიღეთ. ეს უპრეცედენტო ფაქტია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცხრა პროექტი უნდა განხორციელდეს. ნაწილზე ტენდერია გამოცხადებული, ნაწილზე ახლა გამოცხადდება. პირველი სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში გადასახადი აღარ იქნება. ამ ხარჯის დასაფარად მივმართეთ მთავრობას და 11 440 ლარი მოვიძიეთ. სოციალური დაცვის ხარჯებს 7 800 ლარით ვზრდით. ექიმთა ორი ბრიგადა ჩამოვა ხარაგაულში და ხარჯებს ბიუჯეტი გაიღებს. შექმნილი ვითარებიდან გამოდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური საქმიანობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებში იქმნება განყოფილებები. საბიუჯეტო ცვლილება თუ ახლა არ განხორციელდა, ორთვენახევრის მანძილზე, წინასაარჩევნო პერიოდში, ცვლილება კანონით გვეზღუდება. სამაგიეროს გადახდის პოზიციიდან ნუ ვილაპარაკებთ. ეს არასწორი მიდგომა იქნება. საღად შევხედოთ სიტუაციას და ამბიციებს ნუ ავყვებით,“ – მიმართა საკრებულოს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა.

საბოლოოდ, სესიაზე ქვორუმი შედგა. თხუთმეტმა დეპუტატმა საბიუჯეტო ცვლილებას მხარი დაუჭირა.

nსაკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „დეპუტატები რატომღაც უკანა პლანზე არიან გადაწეული და სოფლებში თუ რამე კეთდება, რწმუნებულია პირველი. არადა, დეპუტატები ხვდებიან მოსახლეობას, მათ ჭირ-ვარამს იზიარებენ და მოაქვთ ჩვენამდე. ერთი წლის წინ დანიშნულმა რწმუნებულმა უფრო იცის სოფელში საქმე თუ სამი წლის წინ არჩეულმა დეპუტატმა? იბლოკება დეპუტატების მიერ გამგეობაში წარდგენილი პრობლემები. სოციალური დახმარება არ გაეწია სტიქიით დაზარალებულ იმ ოჯახებს, რომლებზეც ინფორმაცია დეპუტატებმა გააჟღერეს.“ მან მაგალითად ლაშეში მცხოვრები მოქალაქე დაასახელა, რომელსაც სახლ-კარი აღარ აქვს. საკრებულოს სხდომაზე გაირკვა, მოქალაქეს განცხადებით არავისთვის მიუმართავს. „მეტი განცხადება რაღა გინდა, საკრებულოს თავმჯდომარე ვამბობ (?). წერაც არ იცის, თუ ჩვენ არ მივეხმარეთ,“- უთხრა აკაკი მაჭავარიანმა გამგებელს.

გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღიშნა, რომ ის ვერ გაიზიარებს ამ შენიშვნას აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რადგან გამგეობაში შექმნილი კომისიები მობილურად, წინასწარ შედგენილი გრაფიკით მუშაობენ და არასდროს მოქმედებენ პოლიტიკური შეხედულებით. ყველა იმ პირს, ვინც განცხადებას და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს გამგეობაში, ეხმარებიან. გამგებლის თქმით, მას გაფრთხილებული ჰყავს რწმუნებლები, რომ ითანამშრომლონ დეპუტატებთან.

nსაკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა პარლამენტარ ნოდარ ებანოიძეს სასაუბროდ საკუთარი მობილური ტელეფონი გადასცა. საუბრის დამთავრების შემდეგ ნოდარ ებანოიძემ განაცხადა, რომ მას ნაცმოძრაობის ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი, „ხარაგაულის თვითმმართველობის უფროსი“ მამუკა ჭყოიძე ესაუბრა და თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევა დააბრალა.

„დღევანდელი აღელვებისთვის ბოდიშს ვიხდი. შეიძლება მომართვის ფორმა არ მივარგოდა. შესაძლებლობა მოგვეცა, რომ მუნიციპალიტეტში დამატებით 600-700 ათასი ლარის პროექტები განვახორციელოთ. პოლიტიკა ის არის, რომ ვიდაოთ. ჩვენ გვაქვს ლაპარაკის უფლება და არა ის, რომ ვიღაცამ ტელეფონზე დამირეკოს. ბატონ ჭყოიძეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და დაამტკიცოს, თუ მე აქ ჩავერიე თვითმმართველობის საქმიანობაში. ერთბაშად, მანდატი არ ჩამომართვას და პულტზე დასაჭერი თითი არ მომაჭრას,“ – დასძინა საკრებულოს სხდომის დასასრულს ნოდარ ებანოიძემ.

ნინო კაპანაძე