რა არის პერსონალური მონაცემები, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი დაცვა, ვინ და რა მიზნით ამუშავებს ჩვენს შესახებ მონაცემებს, – ამ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა გამართეს.

 

„პერსონალურია ჩვენს შესახებ არსებული ნებისმიერი მონაცემი – სახელი, გვარი, მისამართი, თითის ანაბეჭდი, ფოტო, განათლება, ჯანმრთელობა, ფინანსური მდგომარეობა, – ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი ნატალია მიქელაძე, – უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ჩვენს შესახებ რა სახის მონაცემები მუშავდება და რა მიზნით, რა გზით შეგროვდა მონაცემები, არსებობდა თუ არა მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, ვინ არის მონაცემთა დამმუშავებელი და ვის აქვს წვდომა ჩვენს მონაცემებზე.“

მოქალაქეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არასრული, არაზუსტი, მოძველებული, უკანონოდ მოპოვებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. მოქალაქის უფლებაა, სასამართლოში გაასაჩივროს მონაცემთა არაკანონიერი დამუშავება და მოითხოვოს მორალური და ფინანსური ზიანის ანაზღაურება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საჯარო და კერძო დაწესებულებებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით კონსულტაციებსა და ინსპექტირებას უწევს.

2015 წელს ინსპექტირებისას პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევის 21 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო საფუძვლის გარეშე მონაცემთა დამუშავების 18 შემთხვევა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გასულ წელს პერსონალურ მონაცემთა მოპოვების წესი ექვსჯერ დაარღვიეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის უფლება აქვს. სატელეფონო საუბრის ფარულად ჩაწერის განხორციელებამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ზედამხედველობის სამმართველო მოსამართლის განჩინებასა და პროკურორის დადგენილებას ამოწმებს. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ფარულ მოსმენას არ ეთანხმება. ამის გარეშე კი ფარული მოსმენა უკანონოა. კონკრეტული სატელეფონო ნომრის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადაც მკაცრად კონტროლდება.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და სოციალურმა ქსელებმა პერსონალურ მონაცემთა შეგროვება გაამარტივა. ძალიან ხშირად თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავზე პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამზიარებელია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში განმარტავენ, რომ ჩვენგან საჯაროდ გამჟღავნებული ინფორმაცია, შესაძლოა, ბოროტად გამოიყენონ. ამიტომ მონაცემთა გადაცემისა და გაზიარებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცანოთ ვებ-გვერდზე www.personaldata.ge

საჭიროების შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს დაუკავშირდით ტელეფონით (+995 32) 242 1000.

ნინო კაპანაძე