„ახალგაზრდები ყოველთვის წუწუნებენ და ამბობენ, რომ წიგნის კითხვის დრო არ აქვს. კითხვის დრო ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ფრანგი ნოველისტი დანიელ პენაკი წერს, რომ არ არსებობს არც სიყვარულის დრო, – აღნიშნა პროზაიკოსმა მაკა ლდოკონენმა ხარაგაულში პროექტის „ცოცხალი წიგნები“ წარდგენისას.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი „ცოცხალი წიგნები“ მეორე წელია, მიმდინარეობს. შარშან წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა.

ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მკითხველებს თავად ავტორები ხვდებიან და საკუთარი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს უკითხავენ.

15 მაისს ხარაგაულელ მკითხველებს შეხვდნენ მწერლები და პოეტები თამრი ფხაკაძე, მაკა ლდოკონენი, თეა თოფურია, ტორესა მოსი, გივი ჩიღვინაძე, ირმა მალაციძე და გოჩა სხილაძე.

მთავარი, რაც ამ პროექტში მკითხველებსა და ავტორებს აერთიანებს, წიგნებისა და კითხვისადმი სიყვარულია. პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მიზანიც ესაა – წიგნიერების დონის ამაღლება, პირველ რიგში, უმცროს თაობაში.

წიგნების გამოცემის კუთხით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, თუმცა წიგნიერების მხრივ სავალალო ვითარებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცემული და შეძენილი წიგნები ნაკლებად იკითხება.

პროექტის მონაწილე ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ კითხვისადმი ინტერესი გაღვივდება, – ვიღაცას ინტერესი გაუჩნდება, კიდევ ერთი ავტორის სახელი და გვარი დაამახსოვრდება და ასე თანდათან გარკვეულ შედეგამდე მივალთ.

შეხვედრაზე ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ ხარაგაულელი ახალგაზრდების, თამარ სხილაძისა და ანა ჩხეიძის, მოთხრობებიდან ნაწყვეტები წაიკითხა და აღნიშნა, რომ ლიტერატურა ბევრს ხარაგაულელს უყვარს.

irine-cheidze

ლაურა გოგოლაძე