
რეგიონული მაუწყებლების მუნიციპალიტეტებთან საეჭვო კონტრაქტებზე კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს, 11 მაისს, გამოაქვეყნა.
კვლევაში ნათქვამია: „საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე რეგიონულ ტელეკომპანიებს თითქმის 1 მლნ. ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმეს. ზოგიერთი ხელშეკრულება ითვალისწინებს ისეთი მომსახურების მიწოდებას (მაგ: საეთერო დროის შესყიდვა, გადაცემების და სიუჟეტების მომზადება), რაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ” კანონით და, ამასთან, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას წარმოადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ტელეკომპანიებსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოიპოვა.
მუნიციპალიტეტებიდან მიღებული თანხები რამდენიმე ტელეკომპანიისთვის მთლიანი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ეს გარემოება ეჭვქვეშ აყენებს ტელეკომპანიების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.
საჯარო უწყებებს მაუწყებლისგან მომსახურების შესყიდვა მხოლოდ სოციალური რეკლამის ან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განთავსების მიზნებისთვის შეუძლია.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა არა ერთი შემთხვევა, როდესაც ტელეკომპანიებს სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადება, მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქება და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების ეთერში მიწვევა ევალებათ. მსგავსი სახის მომსახურების შესყიდვა კანონს ეწინააღმდეგება.
სიუჟეტებისთვის თემების შერჩევა, გადაცემების დაგეგმვა და სტუმრების მოწვევა სარედაქციო პოლიტიკის ნაწილია და დაუშვებელია ეს მომსახურებად იყოს გაყიდული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში განსაკუთრებით საეჭვო ხელშეკრულებებს შორის დასახელებულია ტელერადიოკომპანია „რიონსა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს შორის დადებული 3500 ლარიანი ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება მოიცავდა ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ორი 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმის მომზადებას და ეთერში გაშვებას.
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ რეგიონული მედიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით გაციფრულების პროცესში სახელწიფოს და დონორების მხრიდან არ ყოფილა უმცირესი მატერიალური დახმარებაც ტექნიკურ გადაიარაღებაში დახმარებლად.
„ის, რომ მედია იღებს შესყიდვას მუნიციპალიტეტის თუ თვითმმართველობის მხრიდან არ უნდა იყოს სტერეოტიპიზირებული. ამგვარი შესყიდვების სრული აკრძალვა არ იქნებოდა სწორი, ამიტომ კანონში ჩაიდო გამჭვირვალობის მექანიზმი – ტენდერის საფუძველზე. ასეთი შესყიდვები შეიძლება იყოს რისკების მატარებელი იმ შემთხვევაში, თუ მას გავლენა ექნება შინაარსობრივ ნაწილზე, რასაც სჭირდება შესაბამისი მონიტორინგი. იმ შემთხვევაში თუ ამგვარი შესყიდვით ხდება, მაგალითად, საკრებულოს სხდომების უცვლელი სახით ეთერში ტრანსლირება, რისი გაკეთებაც თავისი ძალებით არ შეუძლია მაუწყებელს, ესაა კარგი შესყიდვა და მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ამიტომ აქ არ არსებობს მზა პასუხი იმაზე, რომ თუ მედიასაშუალება მუნიციპალიტეტისგან ფულს იღებს – აქ აუცილებლად იქნება გავლენა შინაარსზე” – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ კომენტარში ნათია კუპრაშვილი.
ფოტოზე: კადრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ტ/კ „რიონისგან“ გამარტივებული შესყიდვით მომზადებული დოკუმენტური ფილმიდან
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი