iza vefkhvadze

კულტურის სამინისტრო ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს (ხელმძღვანელი და მსახიობი იზა ვეფხვაძე, მუსიკალური გამფორმებელი დალი მერაბიშვილი, ტექნიკური მენეჯერი ივანე ჭიპაშვილი) დაფინანსებას გაუგრძელებს პროექტისთვის „მთების ძახილი.“ სამინისტროსგან მხარდაჭერილი ამ პროექტის ფარგლებში ლიტერატურულმა თეატრმა ღირსეული მამულიშვილებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამოები გამართა ივნისსა და ივლისში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. დუშეთსა და ფასანაურში გაიმართა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,“ მესტიასა და თიანეთში – მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი  „საქართველოს შიშველი სატევარი,“ უშგულში – ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „ჩვენი ოტია.“ ყველა ამ საღამოში, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული, მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული კოლექტივები.

„კულტურის სამინისტრომ ფინანსური მხარდაჭერა გაგვიგრძელა ლიტერატურული საღამოების ჩასატარებლად ხევსურეთში, კერძოდ მუცოს ციხეზე და თუშეთში – ალვანში,“ – გვამცნობს ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი და მსახიობი იზა ვეფხვაძე.

n„გოდერძი  ჩოხელი მისეული ხედვით კითხულობდა „ცოცხალ მოსიარულე მოთხრობებს,“ საოცარი უბრალოებითა და გულწრფელობით წერდა ნანახისა და განცდილის შესახებ და თავს უყრიდა ერთ „დიდ ცხოვრების წიგნში,“ რომელსაც გოდერძი ჩოხელის შემოქმედება ჰქვია.

საოცარი განცდაა, როცა გრძნობ, რომ ამ წიგნის ერთი, პატარა „მოთხრობა“ ხარ, სადაც სხვაგვარად – გოდერძისეულად – შეიგრძნობ სიცოცხლესა და სიკვდილს, სიყვარულსა და სიძულვილს,  რეალურსა და ირიალურს, და საერთოდ, შენი, ადამიანის ყოფიერების არსს. გრძნობ, ეს შენი სამყაროა და „რომ არ დაკარგო კაცური სახე,“ მუდამ უნდა საზრდოობდე გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით.

ამ განწყობით ვესტუმრეთ 24 ივნისს დუშეთის კულტურის სახლს, სადაც ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ სპექტაკლი წარმოადგინა. პირველივე ემოცია საოცარი იყო – სცენაზე გოდერძი ჩოხელის სამყაროდან მოფრენილი, ცისფერკაბიანი, „სულის პეპელა“ ამეტყველდა. სულის მოთქმაც არ გვაცალა, გაგვიტაცა საოცნებო, გოდერძის ხელთუქმნელ სამყაროში. ხელოვანის უზადო პროფესიონალიზმი და სიტყვის ჯადოსნური ძალა ამ სამყაროს მაყურებლისთვის კიდევ უფრო ახლობელს და მისეულს ხდიდა. სულგანაბული ისმენდა მთელი დარბაზი საათნახევრის განმავლობაში. ბატონო გურამ, დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს ამ არაჩვეულებრივი პროექტის მხარდაჭერისთვის,“ –  ასეთი შინაარსის წერილი მიწერეს დუშელმა მაყურებლებმა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას.

„რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი 23 ივლისს გვეწვია სოფელ უშგულში, – წერს კულტურის მინისტრს უშგულის სკოლის დირექტორი ნონა რატიანი, – ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელში მათი სტუმრობა იყო ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო, რადგან უამრავი წელია, ჩვენთან არ ამოსულა არც ერთი თეატრი თუ მხატვრული კოლექტივი. ენით უთქმელია ჩვენი შთაბეჭდილებები. ჩვენთვის ეს სპექტაკლი იყო დიდი საჩუქარი.“

რაც შეეხება ხარაგაულს, ლიტერატურული თეატრი სექტემბერში გეგმავს სოფელ ბორითის კულტურის სახლში გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი საღამოს „ამ მიწის ბედი ჩემი ბედია“ გამართვას.  ასევე შემოდგომაზეა გათვალისწინებული სპექტაკლები კიცხსა და ზვარეში. ოქტომბერში პრემიერა გაიმართება ლიტერატურული სპექტაკლისა „ლევილის მთაწმინდა.“ 17 აგვისტოს, 12 საათსა და 30 წუთზე, თეატრი პროექტის „მთების ძახილის“ ირგვლივ სასაუბროდ მიწვეულია ტელევიზიაში „ობიექტივი.“

ლაურა გოგოლაძე