ხევის საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობასთან ანალოგიური საჯარო კონსულტაციები 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების ერთ-ერთი ეტაპია.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, ღია მმართველობა – საქართველოს სამდივნომ დაიწყო ღია მმართველობა – საქართველოს მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავება 2016-2017 წლებისათვის.

მარიამ თუთბერიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს მრჩეველმა და ღია მმართველობა-საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო ის იდეები, რაც უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ და რაც უნდა განხორციელდეს 2016-2017 წლების განმავლობაში.

შეხვედრაზე ხევის, ნადაბურისა და ბორითის მოსახლეობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მათ თანასოფლელებს აწუხებთ.

ეს ინფორმაცია, ქვეყნის მასშტაბით გამართულ 19 საჯარო შეხვედრაზე გამოკვეთილ პრობლემებთან ერთად, შეჯამდება ღია მმართველობა – საქართველოს ფორუმის ფარგლებში.

„ჩვენ ვეცდებით, ყველა ის საკითხი გავითვალისწინოთ, რაც მოსახლეობისგან მოვისმინეთ,“ – ამბობს მარიამ თუთბერიძე.

ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითადი პრინციპებია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგია და ინოვაცია. ამ პრინციპებზე დაყრდნობით პარტნიორობის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ხუთი გამოწვევა: საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.

კონსულტაციების პროცესში ღია მმართველობის პარტნიორობას მხარს უჭერს USAD-ის პროექტი დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში.

ლაურა გოგოლაძე 

ვრცლად იხილეთ გაზეთში „ჩემი ხარაგაული“