ყოველ წელს, 4 მაისს ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავებზე ემიგრანტები მიდიან და მემორიალს ყვავილებით ამკობენ.

ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და „ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, ემიგრანტებმა საფლავების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან საქართველოს საელჩოს, საკონსულოს, და ტექსელის მერიის წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. ასევე, ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს ტექსელის მცხოვრებლებმა. კუნძულ ტექსელზე მივიდნენ ბელგიაში მცხოვრები ქართველებიც.

კუნძულ ტექსელს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსიც ეწვია, რომელმაც ქართველი ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფე დოსითეოსმა და ჰააგაში მდებარე ქართული რესტორან „სოხუმის“ მფლობელმა იზოლდა კვიციანმა ქართველი ჯარისკაცების საფლავებზე სააღდგომო კვერცხებიც მიიტანეს.

„ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებლის, თიკა სვანიძე-ვენკოს განცხადებით, ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველებს უკვე ტრადიცია აქვთ – 4 მაისს კუნძულ ტექსელზე პატივი მიაგონ დაღუპულ ჯარისკაცებს.

მემორიალურ საფლავზე ემიგრანტების გარდა, ის ჰოლანდიელებიც შეიკრიბნენ, რომელთა მამები ქართველი ჯარისკაცები იყვნენ, ხოლო დედები კუნძულ ტექსელის მაცხოვრებლები.

მოგვიანებით, ქართველების დელეგაცია ტექსელის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც დენ ბურხის ეკლესიაში გაიმართა. ღონისძიებაზე ჰოლანდიელი ომის ვეტერანებიც იყვნენ მიწვეული.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველი ემიგრანტები ჰოლანდიელი ჯარისკაცების საფლავებს ეწვივნენ. საქართველოს საელჩოს სახელით „ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თიკა სვანიძე-ვენკომ და ბელგიაში მცხოვრებმა ალექსანდრე სავანელმა გვირგვინით შეამკეს. ქართულმა დელეგაციამ დაღუპული ჯარისკაცების საფლავებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან. 1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.

ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო მათი თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

ტექსელის აჯანყების ქართველ მონაწილეთაგან დღეისათვის თითქმის აღარავინაა ცოცხალი. აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი ევგენი არტემიძე ომის დაწყებიდან ზუსტად 69 წლის თავზე, 2010 წლის 22 ივნისს, 90 წლისა გარდაიცვალა.

წყარო