მალე „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნასთან დაკავშირებულ დღემდე უცნობ ფაქტებს ხარაგაულელი კინორეჟისორის, რამაზ ბლუაშვილის, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმით „სიმღერა“ მოეფინება ნათელი.

8 მაისს კინორეჟისორი ლოს-ანჟელესში ფილმისთვის „სიმღერა“ უმნიშვნელოვანესი ინტერვიუს ჩასაწერად მიემგზავრება. რამაზ ბლუაშვილი ლეგენდარული ასტრონომისა და ტელეწამყვანის, კარლ საგანის მეუღლეს, ანნ დრუენს შეხვდება.

ramaz-bluashvili

-ქალბატონი საოცარ ისტორიას მიამბობს, თუ როგორ უთხრეს უარი ნიუ-იორკში საბჭოთა კავშირის სახელით კოსმოსში გასაგზავნად გამზადებულ სიმღერას „მოსკოვური საღამოები“ და როგორ მიანიჭეს უპირატესობა ქართულ ხალხურ სიმღერას „ჩაკრულო,“ – გვიამბობს რამაზ ბლუაშვილი, – ფილმი ასევე მოგვითხრობს საქართველოზე, – ქვეყანაზე, – იმ ტრადიციებსა და კულტურაზე, რამაც შექმნა უნიკალური სიმღერა „ჩაკრულო.“

ქალაქ ბრეკლიში კი კინორეჟისორი რამაზ ბლუაშვილი ინტერვიუს ჩაწერს მსოფლიოში ცნობილ ენთნომუსიკოლოგთან, სტენფორმის უნივერსიტეტის პროფესორ იზალი ზემცოვსკისთან. ის „ჩაკრულოსა“ და კაცობრიობის ისტორიაში ქართული ხალხური სიმღერის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

„ზემცოვსკიმ და მისმა მეუღლემ ქალაქ ბერკლიში რამდენიმე წლის წინ „აბრეშუმის გზის სახლი“ დააფუძნეს, – ამბობს რამაზ ბლუაშვილი, – აბრეშუმის გზის გარშემო მყოფ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, ხშირად ლექციებსა და ღია მოსმენებს აწყობენ.

ზემცოვსკი და მისი მეუღლე ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ბევრს აკეთებენ. 27 აპრილს ქართული ხალხური ზღაპრების ინგლისურად კითხვის საღამო გამართეს. მათ იციან, რა გზა გავიარე, – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილისა და „ჩაკრულოს“ ისტორია როგორ შევისწავლე. ამიტომ შემომთავაზეს, „აბრეშუმის გზის სახლში“ ლექცია ჩავატარო. ლექციის სათაურიც თავად შემომთავაზეს – „ავიაციიდან პოლიფონიამდე და პოლიფონიიდან კოსმოსამდე.“

რამაზ ბლუაშვილს ამერიკაში კიდევ ერთი საპატიო მისიის შესრულება მოუწევს – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის სახელით, იზალი ზემცოვსკისა და მის მეუღლეს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები უნდა გადასცეს.

ინგლისურენოვანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „სიმღერა“ პრემიერა ნიუ-იურკში, კარლ საგანის სახელობის უნივერსიტეტში იგეგმება.

ნინო კაპანაძე

chakrulo

ფოტოებზე: რამაზ ბლუაშვილი; კარლ საგანი და მისი მეუღლე ანნ დრუენი