
ხარაგაული და კვიპროსი საუკუნეების წინ, მეფე სოლომონ პირველის მეფობისას, დაუკავშირდა ერთმანეთს. მაშინ სოფელ ვარძიის დედაღვთისას მონასტერი, მეფემ კვიპროსის კიკუს მონასტერს შესწირა. კვიპროსში ფართოდაა ცნობილი, თუ როგორ ეხმარებოდნენ ვარძიელები კიკუს მონასტერს.
თექვსმეტი წლის წინ სასულიერო ურთიერთობის აღდგენა კვიპროსთან ისევ ხარაგაულს უკავშირდება. საქართველოს პატრიარქმა ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის პირველი მოძღვარი დეკანოზი ზაქარია (ფერაძე) კვიპროსში წარგზავნა.
ეს იყო სასულიერო პირის საზღვარგარეთ ოფიციალურად გაგზავნის პირველი მცდელობა. დეკანოზი ზაქარია ფერაძე დღეს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელია კვიპროსში.
მამა ზაქარია კვიპროსში მოღვაწეობისა და მსახურების შესახებ გვიამბობს.
-2000 წლის 27 თებერვალს ჩამოვედი კვიპროსში. პატრიარქის კურთხევით უნდა შეგვესწავლა და გამოგვეკვლია მე-10 საუკუნეში ქართველების მიერ დაარსებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის ნანგრევები და ასევე აქ მცხოვრებ ქართველებს სულიერად დავხმარებოდი. ურთულესი იყო თავიდან, მაგრამ დღეს კვიპროსის თითქმის ყველა ქალაქში მოქმედი ქართული ეკლესია გვაქვს და ბევრი ქართველი დავაბრუნეთ საქართველოში.
ორი საუკუნის განმავლობაში ხარაგაულის ვარძიის მონასტერი კიკუს მონასტერს მატერიალურად ეხმარებოდა, ვინაიდან იმ დროს საქართველო რუსეთის იპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. კვიპროსელ ბერებს პრობლემები ჰქონდათ რუს მებაჟეებთან. არსებობს დოკუმენტი, სადაც კვიპროსელი ბერები ბერებს წერდნენ, რა ბედნიერება იქნებოდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყოს და რუსეთი ხელს არ გვიშლიდეს ურთიერთობაშიო, ქართველები გვაძლევენ და რუსები კონფისკაციას გვიკეთებენო.
კვიპროსში კარგად იციან საქართველოსთან ძველი ურთიერთობების შესახებ და ამიტომ თბილად მიმიღეს. ყოვლადწმინდა სინოდმა ხელფასი დაგვინიშნა, ბინა გამოგვიყო. ყველანაირი პირობები შემიქმნეს, რომ ქართველებისთვის მეღვაწა.
ღალიის მონასტრის პირველი არასრულყოფილი მოძიება და კვლევა ეკუთვნის ამერიკაში მოღვაწე აწ განსვენებულ ქართველ მეცნიერ ვახტანგ ჯობაძეს.
2006 წელს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ კულტურის სამინისტრომ გამოგზავნა არქეოლოგების ჯგუფი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ იულონ გაგოშიძის ხელმძღვანელობით. მათ სრულყოფილად შეისწავლეს ღალიის მონასტერი.
მონასტრის კომპლექსში აღმოჩნდა წმინდა ნიკოლოზის პატარა ტაძარი და ბერის სავანე, სადაც მეათე საუკუნეში ქართულიდან ბერძნულ ენაზე ითარგმნა ფსალმუნები. ღალიის მონასტერი საგანმანათლებლო ცენტრი იყო. აქ თარგმნილი წიგნები სინას მთაზე, იერუსალიმში და სხვა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სამონასტრო კერებში იგზავნებოდა. თამარ მეფის დროს ღალიის მონასტერი ძალიან გაძლიერებულა. კვიპროსის ისტორიულ წყაროებში აღმოვაჩინეთ რამდენიმე ქართული ნაეკლესიარი.
ღალიის მონასტერი კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. აღმოსავლეთით აღმოვაჩინეთ ორი ქართული ნაეკლესიარი. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უახლოეს ხანში დაიწყებს მათ შესწავლას. კვიპროსის ოკუპირებულ თურქულ ნაწილშიც არის ქართული მონასტრები, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიპოვნეთ. კვიპროსელი ქართველებისთვის ღალია პატარა საქართველოა და მათ ყველას გული და შრომა აქვთ ჩადებული მისი აღორძინებისთვის.
ღალიის მონასტერში წირვა-ლოცვებს ვატარებთ. წელს აღდგომას იქ ვიზეიმებთ.
–მამა ზაქარია, როგორია კვიპროსში მყოფი ქართველების ყოფა–ცხოვრება?
-თავიდან რომ ჩამოვედი, ქართველები ბევრი არ იყვნენ, შემდეგ მოემატნენ და მათმა რიცხვმა ექვსი ათასზე მეტს გადააჭარბა, მაგრამ ამ ორი წლის წინ დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი ნაწილი ისევ უკან, საქართველოში, დააბრუნა. ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში ყოფნა. ასეთი ილუზიაა ჩვენს ხალხში, რომ უცხოეთში რომ ჩახვალ, ადვილად მიიღებ ყველაფერს. კოლოსალური შრომაა საჭირო, რომ ფული იშოვნო. მუშაობის დაწყება საბუთებთან, ენის ცოდნასთან არის დაკავშირებული.
ძალიან რთულია აქ დასაქმება, მაგრამ კვიპროსელების დახმარებით ბევრმა შრომისუნარიანმა და ხელობის მცოდნე ქართველმა იშოვა სამსახური. მძიმე შრომის შედეგად მათ შეძლეს თავიანთი ოჯახების გადარჩენა საქართველოში. ბევრმა აქ ისწავლა შრომა და შრომის ფასი. ბევრი დაბრუნდა და საქართველოში ააწყო ცხოვრება. რამდენიმე ქართველმა მითხრა, რა ვიცოდი ამდენი რამის გაკეთება თუ შემეძლო, თორემ აქ როგორ წამოვიდოდი; იმ ფულით, რაც აქ ჩამოსასვლელად დავხარჯე, საქართველოში მეტ რამეს გავაკეთებდიო.
ათეისტური ეპოქის შემდეგ ახალ ეპოქაში გადასვლა გაგვიჭირდა. სოციალისტურ ეპოქაში მშობლებზე იყვნენ დამოკიდებულები. აქ პატარაობიდანვე მუშაობენ. მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებზე ეჩვევიან საკუთარი შემოსავლის მიღებას.
კვიპროსი ევროკავშირის წევრი მართლმადიდებელი ქვეყანაა. არ არის ისე, საქართველოში რომ ზოგიერთს მიაჩნია, – „გათახსირებული“ და „გარყვნილი“ ევროპა. ევროკავშირში მართლმადიდებლობას არავინ დევნის. ადამიანის საკუთარი ნებაა, რა გზას აირჩევს. არავის აიძულებენ, გახდეს არასასურველი ცოდვითი კავშირების წევრი. აქ ყველა უვლის თავის ეზოს, სახლს, ქუჩას, არავინ ყრის ქუჩაში ნაგავს. მანქანა გზას გითმობს, ადამიანები გადასასვლელზე ელოდებიან მწვანე შუქს. ბევრ კარგ რამეს ისწავლის ჩვენი ხალხი ევროპასთან ურთიერთობით. ვინც ცუდს ეძებს, ის ყველგან იპოვნის ცუდს.
ორი წლის წინ ვუთხარი პატრიარქს, – თქვენო უწმინდესობავ, თქვენი კურთხევა თითქმის შესრულდა, – მონასტერი გამოვიკვლიეთ, ხალხიც თითქმის უკან დაბრუნდა… ჯერ კიდევ მანდ ხარ საჭიროო, – მიპასუხა. ამ საუბრის შემდეგ, 2014 წლის სექტემბერში, ჩვენთან ჩამობრძანდა სტუმრად, ღალიის მონასტერი მოილოცა და აქაური ქართველობა დალოცა, დიდი მადლი დაგვიტოვა.
–მამა ზაქარია, რას ნიშნავს თქვენთვის ხარაგაული?
-ხარაგაული ჩემი, როგორც სასულიერო პირის, მშობელია. ჩემი სამღვდელო მოღვაწეობა ხარაგაულში დაიწყო და ვთვლი, რომ ყველაზე ნაყოფიერი მანდ ყოფნის წლები იყო. ჩვენი სამრევლოდან ორი ეპისკოპოსია, რამდენიმე მღვდელი.
მეუფე დოსითეოსი (ბოგვერაძე) ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსია. მასთან მოღვაწეობს ჩვენი გაზრდილი მამა დავითი (მაღლაფერიძე), რომელიც ბელგიაში რამდენიმე სამრევლოს გახსნაში დაეხმარა მეუფეს. ამერიკაში ძალიან აქტიურად მოღვაწეობს მამა პეტრე (ყრუაშვილი). მასთან ერთად არის მამა ილია (მაღლაფერიძე), მამა დავითის ძმა. მამა ანდრია (სხილაძე) კვიპროსში ერთ-ერთი დიდი ბერძნული ტაძრის წინამძღვარია.
მეუფე დიმიტრი (კაპანაძე) ჰერეთის ეპისკოპოსია. დიდ ღვაწლს ეწევა დეკანოზი მირიან სამხარაძე. მის მიერ დაარსებულ სასწავლებელში მუსულმანურ ქვეყნებში მცხოვრები ქართველი მუსულმანი ბავშვები ეზიარებიან ქართული ისტორიისა და კულტურის საუნჯეებს.
მაშინდელი ხარაგაულის პატარა მრევლიდან დიდი ნაყოფი მივიღეთ. ამიტომ დიდი სიყვარული მაქვს ხარაგაულისადმი. არა მარტო სულიერად, ხორციელადაც მიყვარს ხარაგაული, დედაჩემი ხარაგაულიდანაა და დედული ძალიან საყვარელია. თითქმის მანდ ვარ გაზრდილი. სიტყვით ვერ გამოვხატავ ყველაფერს. როცა ჩამოვდივარ საქართველოში, ყოველთვის ვახერხებ, რომ ხარაგაულში მოვიდე.
მიხარია, რომ ჩვენ დროს, მუფე კონსტანტინეს მიერ ნაკურთხ საძირკველზე, უკვე დიდი ტაძარი აშენდა. მადლიერი ვარ ყველასი. მარგვეთის ეპარქიის მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საბერძნეთში და აქ ძალიან უყვართ. მაღალი რანგის სასულიერო პირები დიდი სიყვარულით კითხულობენ. მეუფე აქ იყო სტუმრად, როცა გამოირჩიეს ეპისკოპოსად.
ძალიან მიხარია, რომ მეუფე დოსითეოზის ძალისხმევით ქროლში დედათა მონასტერი ამოქმედდა. ქალბატონმა ზაირა სამხარაძემ, რომელმაც თავისი სახლი გადასცა ეკლესიას, პირველად მე მითხრა ამის შესახებ. მისმა შვილობილმა, მეუფე დოსითეოსმა, ითავა ეს საქმე. მეუფე მელქისედეკმაც დასტური მისცა ამ დიდ საქმეს და ახლა დედა დარია მოღვაწეობს ქროლში.
კვიპროსში საქართველოს სრულუფლებიანი წევრია ქალბატონ ზაირას დისშვილი რევაზ ლომინაძე. ასე რომ, ელჩიც დედით ხარაგაულელი გვყავს. ხშირად ვსაუბრობთ ხარაგაულსა და ქროლზე. ხარაგაულელია ნატოში ჩვენი ელჩის მეუღლე – თეა კიკნაძე. ასე რომ, ევროპაში ბევრ ხარაგაულელს ვნახულობ.
ვლოცულობ ყოველთვის თქვენთვის, სულ მახსოვხართ და მიყვარხართ.
ვლოცავ ჩემ ხარაგაულს, ჩემ საყვარელ ხალხს, მრევლს, ვინც ჩემთან აღსარებებს აბარებდა, ლოცულობდა, უბრალოდ მხვდებოდა. ვლოცავ მათ, ვისაც არ ვიცნობ. სოციალური ქსელით მიკავშირდებიან ადამიანები, რომელთაც ადრე არ ვიცნობდი.
ხარაგაულის შემდეგ აჭარაში ვიყავი უფრო დიდხანს, ვიდრე ხარაგაულში. ახლა კვიპროსში უფრო მეტი ხანია რაც ვარ, ვიდრე აჭარაში. თავიდან მსურდა, რომ სადაც ვეკურთხებოდი, სიცოცხლის ბოლომდე იქ მემსახურა. უფალმა ასე ინება და ხარაგაულელები მოვედეთ მთელ მსოფლიოს.
დალოცვილები იყავით. თუ ვინმეს რაიმე ვაწყენინე ან გული ვატკინე, მანდ ყოფნის დროს, მომიტევეთ. ხარაგაულელებისგან ძალიან დიდი სითბო, სიყვარული, სიკეთე მახსოვს. მიხარია ხარაგაულელების აქტიურობა ყველა სფეროში, იმის მიუხედავად, რომ მანდ ძალიან მძიმე ცხოვრებაა.
ღმერთმა მრავალ აღდგომას დაგასწროთ. დამიკავშირდით ხოლმე ასე, – სოციალური ქსელით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: დეკანოზი ზაქარია (ფერაძე) ღალიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერში კვიპროსზე მრევლთან ერთად
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი