რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე რეგიონებში მხარდამჭერებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება პროექტის – „ღია საუბარი რესპუბლიკელებთან“ –  ფარგლებში.

ჭიათურაში, 26 აპრილს გამართულ შეხვედრაში, მონაწილეობდნენ ხარაგაულის, ზესტაფონის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტარები ნოდარ ებანოიძე და მალხაზ წერეთელი.

„კოალიციაში კომუნიკაციის ნაკლებობამ და პოლიტიკური ნების არქონამ განაპირობა რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ შეხვედრაზე, – კარგა ხანია, ვხედავდით, როგორ ამოწურა თავისი შესაძლებლობები კოალიციურმა თანამშრომლობამ. ვხედავდით, რომ საჭირო იყო კოალიციის რეფორმირება.“

ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა აღნიშნა, რომ დღემდე ვერ მოგვარდა ჭიათურაში ჯანდაცვის, წყალმომარაგებისა და გარემოსდაცვითი პრობლემები, რადგან არ არსებობს ამ პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნება.

პარლამენტის არასაკმარის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ. მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველანაირი საფუძველი იყო ეკონომიკისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტმა განახორციელა საბიუჯეტო ოფისის რეფორმა და მივიღეთ მაღალი დონის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტი. თუმცა მის დასკვნებს არავინ იყენებს.

„პარლამენტში დავიწყეთ მთავრობის კონტროლის მექანიზმების შემუშავება, – აღნიშნა ხარაგაულის მაჟორიტარმა შეხვედრაზე, – სამწუხაროდ, სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციების მხოლოდ 25 % სრულდება, 75 % – მიაქვს წყალს.“

ნოდარ ებანოიძის თქმით, სამწელიწადნახევარში საქართველოში სამუშაო ადგილების 70% ბიუჯეტის ხარჯზე შეიქმნა.

„დიდი წინააღმდეგობა გავწიეთ ა(ა)იპებ-ში შტატების მატებაზე, – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ, – ხარაგაულის საკრებულო უახლოეს სხდომაზე კაპიტალურ ხარჯს მიმდინარე ხარჯში დაუმტკიცებს ა(ა)იპ-ებს. სექტემბერში მილიონიანი დეფიციტი გამოჩნდება ხარაგაულის ბიუჯეტში და აქედან დამნახავი არავინაა. უსასოო ხარ, – რამდენიც გინდა იყვირე, გამგები არავინ არის. არავის სჭირდება კვალიფიციური ადამიანები და საქმის კეთება.“

შეხვედრაზე მყოფი პარტიის მხარდამჭერები და მოქალაქეები რესპუბლიკური პარტიის სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ, – კერძოდ, პარტიის დაფინანსების საკითხით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სტრატეგიითა და სხვ.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის თქმით, საჭიროა მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან გასაგებ და მარტივ ენაზე.

„სერიოზული ოპონირება გვექნება წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებასთან,“ – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ ჭიათურაში შეხვედრაზე, – გამოვრიცხავთ თანამშრომლობას პრორუსულ პარტიებთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან.“ არ გამოვრიცხავთ, რომ შევძლოთ თანამშრომლობის რეჟიმში შეთანხმება მაჟორიტარ კანდიდატებზე ან ოლქებზე სხვადასხვა პარტიებთან. არ ვაპირებთ ყველა ოლქში მაჟორიტარის წარდგენას. პრიორიტეტულ ოლქებსა და ძლიერ ადგილობრივ ორგანიზაციებზე გაკეთდება აქცენტი. ჯერჯერობით პარტია მხოლოდ ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა შესაძლოა, დამატებითი დაფინანსების მოძიება.“

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა პარტიის წევრ საჯარო მოხელეებზე შესაძლო ზეწოლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დაიცავენ პარტიის თითოეულ წევრს, ვისაც ვინმე ერჩის პოლიტიკური კუთვნილების გამო.

ნინო კაპანაძე

RESPUBLIKELEBI_3