ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული ა(ა)იპ-ები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის გაზრდას ითხოვენ.

ა(ა)იპ-ების მოთხოვნებთან დაკავშირებით საბიუჯეტო ცვლილების პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ უკვე განიხილა.

ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, აწყობს მსვლელობას ხარაგაულიდან რკინისჯვარის მიმართულებით.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული 300 სტუმრის ტრანსპორტირებისათვის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა ბიუჯეტიდან 2 500 ლარი სუბსიდიის დამატება მოითხოვა.

ტურიზმის სამსახური ასევე ითხოვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საცნობარო რუკის, ბუკლეტისა და ბანერის დასამზადებლად 3 000 ლარს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს,“ მოთხოვნილი 5 500 ლარის ნაცვლად, 3,7 ათასი ლარი გამოეყოფა.

ა(ა)იპ „ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი“, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ომის ვეტერანებთან შეხვედრის მოსაწყობად ბიუჯეტიდან დამატებით 200 ლარს ითხოვს.

ა(ა)იპ „კულტურის ცენტრს“ იმერეთის თეატრალური ფესტივალისათვის 3300 ლარი, ხოლო ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 1500 ლარი ესაჭიროება.

მუზეუმისა და კულტურის ცენტრის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას გამგეობა სრულად აპირებს.

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 50 000 ლარი გამოეყოფა. ამისთვის ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში 20,5 ათასი ლარი უნდა მოაკლონ კომუნალური ინფრასტრუქტურისა და რეაბილიტაციის ხარჯებს, ხოლო 29,5 ათასი ლარი – ახალგაზრდულ პროგრამებს.

„ხარაგაულკეთილმოწყობა“, მას შემდეგ, რაც დამატებით მოთხოვნილ 50 ათას ლარს მიიღებს, ამ თანხიდან 44.5 ათასი ლარის გახარჯვას ხარაგაულის სოფლებში გარე განათების ქსელის მოსაწყობად აპირებს, ხოლო 5.5 ათასი ლარის გახარჯვას – პარკებისა და სკვერების მოსაწყობად.

ამ საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის საკრებულო 3 მაისს განიხილავს.

ფოტოზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე