
წელს შოთა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავია. 2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.
ეს მნიშვნელოვანი თარიღი ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებით აღნიშნა, – ბიბლიოთეკაში მიიწვიეს „ვეფხისტყაონის“ ზეპირად მცოდნე ხარაგაულელი ქალბატონი სალომე ზვიადაძე.
„ვეფხისტყაოსნის“ ყოველი წაკითხვისას ვპოულობ ახალ სიტყვას, ახალ სახეს, ისეთს, რომელიც მანამდე თითქოს არ შემხვედრია, – აღნიშნა შეხვედრაზე სალომე ზვიადაძემ, – გულის გულში ვეთანხმები აკაკი წერეთლის მამას, როსტომ წერეთელს, რომელმაც თქვა, – რაც დასაწერი იყო ბიბლიასა და „ვეფხისტყაოსანში“ წერიაო. უამრავი უცხოელი მინახავს უნივერსიტეტში, რომელთაც სპეციალურად ისწავლეს ქართული, რომ „ვეფხისტყაოსანი“ წაეკითხათ ქართულად.“
სალომე ზვიადაძემ ისაუბრა რუსთაველის შესახებ და აღნიშნა, რომ ასეთი ბუმბერაზი მოაზროვნის შესახებ ქართველებმა ზუსტად არაფერი ვიცით. „მეცნიერულადაა დადგენილი, რომ შოთა რუსთაველი იყო მესხეთის რუსთავის მფლობელი, – აღნიშნა სალომე ზვიადაძემ, – რუსთაველის ვინაობის დასადგენად უდიდესი მნიშვნელობა აქვს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკას. ჯვრის მონასტერში შეიძლება იყოს რუსთაველის საფლავი, თუმცა ამის დადგენა ახლა შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ შოთა რუსთაველის ფრესკა გამოსახულია ნეოპლატონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მაქსიმე აღმსარებლის, ფერხთით. ნეოპლატონიკურ იდეებს რუსთაველი არაჩვეულებრივად გადმოგვცემს „ვეფხისტყაოსანში.“
სალომე ზვიადაძემ ყურადღება გაამახვილა „ვეფხისტყაოსნის“ გმირების – ტარიელის, ავთანდილის, ნესტან-დარეჯანის, თინათინისა და ფრიდონის გამორჩეულ პიროვნულ თვისებებზე, იმდროინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ჭიდილზე და აღნიშნა, რომ ბოროტება არ არსებობს, ეს ადამიანში სიკეთის ნაკლებობაა.
როგორ განსხვავებულად არის აღწერილი „ვეფხისტყაოსანში“ თავისუფლება, ადამიანური ურთიერთობები, მოყვასისათვის თავის თავგანწირვა, გონებისა და გულის ჰუმანურობა, – ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება სალომე ზვიადაძემ.
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ სიბრძნის დაულეველი წყაროა. მასზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი. ამ თემას ვერ ამოწურავ ერთ საათში. შეხვედრაზე მყოფი ხარაგაულელები აღნიშნავდნენ, რომ კიდევ სურდათ ქალბატონი სალომეს მოსმენა.
უახლოეს ხანში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე რუსთველოლოგ ქალბატონს კიცხის სკოლაში მიიწვევენ.
ნინო კაპანაძე
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ხარაგაულის კულტურის ცენტრთან მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
მოსწავლეთა ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“
10-13 მაისს საქართველოში სალოტბარო სკოლების