kharagaulis sakrebulo

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია „პარტიული გაერთიანება ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ შეიქმნა. ფრაქციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მაჭავარიანია, წევრები – საღანძილისა და ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატები მალხაზ ყრუაშვილი და გრიგოლ გელაშვილი.

ნიკოლოზ მაჭავარიანი საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გახდა. 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატების ჯაბა მაღლაკელიძისა და თორნიკე ავალიშვილის საარჩევნო შტაბებს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კი ამავე პარტიის კანდიდატს უჭერდა აქტიურად მხარს.

ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით გახდნენ საკრებულოს წევრები მალხაზ ყრუაშვილი და გრიგოლ გელაშვილი.

საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ფხალაძის ინფორმაციით, ახალი ფრაქციის შექმნას კომისიის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს დეპუტატებმა იური ლურსმანაშვილმა, თეიმურაზ მაღლაკელიძემ და ვლადიმერ გვრიტაძემ.

იური ლურსმანაშვილმა ამასთან დაკავშირებით გაავრცელა მიმართვა, სადაც ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც მედროვეობა. „ჩვენი კოალიციის კარები არავისთვისაა დაკეტილი, მაგრამ ამ პირებმა, სულ მცირე, პირად საუბრებში მაინც უნდა მოინანიონ ნაცმოძრაობის არაკანონიერი ქმედებები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ნაცმოძრაობის წამყვანი სახეები, ვინც სამსახურებიდან გვაგდებდნენ, პოლიციას, პროკურატურას და სასამართლოს ჩვენსკენ უთითებდნენ და გვისიანებდნენ, დღეს   „ქართული ოცნების“ ფრაქციებს ქმნიდნენ და ხელმძღვანელობდნენ, – ამბობს იური ლურსმანაშვილი,

ბორითის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ 5 აგვისტოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ „ბატონ ნიკოლოზს კანონი ფრაქციის შექმნის უფლებას აძლევს. იური ლურსმანაშვილის განცხადებაში ისეთი მოწოდებაა, თითქოს ჩვენ მედროვეები გამოვდივართ და რაღაცას ველით. ისე ვიქცევით, რომ ვერგებით ყველა დროს. საქმის კეთება გვინდა. პოლიტიკა ხარაგაულში არ იქმნება. პოლიტიკური პარტიები იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირდებიან. პოლიტიკოსები, ძირითადად, თბილისსა და ქუთაისში არიან. ჩვენ გავაკეთებთ საქმეს და ნუ დაგვძრახავთ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნებით.“

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლავართ, – განაცხადა 5 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე ვარლამ თავზარაშვილმა,  – ამ ადამიანებმა რომ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების სურვილი გამოხატეს, ჩვენ ვისაუბრეთ და მათთან ყველაფერი გავარკვიეთ. იური ლურსმანაშვილის მიმართვაში მონანიებაზეა საუბარი. ამ ხალხს მოსანანიებელი არაფერი ჭირთ. პოლიტიკური პროცესები იყო. გამოხატეს სურვილი, რომ გაწევრიანებულიყვნენ „ქართული ოცნების“ პარტიაში. მე სრულიად ლეგიტიმურად მიმაჩნია მათი ქმედება.

nსაკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით აზრი ნიკოლოზ მაჭავარიანს ვკითხეთ.

მან აღნიშნა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არც წევრი ყოფილა და არც წამყვანი სახე: „ნაციონალური მოძრაობის სახეები იყვნენ პარტიის თანამდებობის პირები. არ უარვყოფ იმას, რომ 2008 წელს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ჯაბა მაღლაკელიძის საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობდი, 2010 წელს კი ნაცმოძრაობის კანდიდატ თორნიკე ავალიშვილს ვედექი გვერდით. 2012 წლის არჩევნებში არა მარტო ხმა მივეცი, არამედ აქტიურად ვმუშაობდი  ნაცმოძრაობის კანდიდატ მამუკა ჭყოიძის გამარჯვებისთვის.

მე პიროვნებების თხოვნით ვმუშაობდი შტაბში, ანუ პიროვნებებს ვედექი გვერდით. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, პარტიის მხარდამჭერიც გამოვდიოდი. მე ვთვლი, რომ ვიყავი მეგობრების გვერდით.

ჩემი პოზიცია, ნაწილობრივ, მეგობრებმაც შემაცვლევინეს. მეორე მხარესაც მყავს მეგობრები. პოლიტიკური სიტუაციები შეიცვალა ქვეყანაში და ბუნებრივია, ხარაგაულშიც. მეგობრები აქეთაც მყავს და ამ ხალხმა მთხოვა, რომ დაგვიჭირე მხარი და დაგვიდექი გვერდით. პაატა გოგოლაძემ და კობა ლურსმანაშვილმა მთხოვეს, რომ აქტიურად ჩავრთულიყავი მათ მხარდასაჭერად. ნახევარი წელიწადი ვიფიქრე და საბოლოოდ ასე ჩამოვყალიბდი.“

nხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი ადასტურებს, რომ ნიკო მაჭავარიანმა ამ თემაზე მასთან ისაუბრა და აზრი ჰკითხა. „ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ საზოგადოება გაიხსნა. თუკი ვინმეს კონკრეტული დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არავინ არავის ეუბნება – წარსულში ესა თუ ის შეხედულება გქონდა და ამიტომ შენთვის სამომავლოდ გზა იქნება გადაკეტილიო. ნიკო მაჭავარიანს, ჩემი აზრით, ჰქონდა არჩევანის უფლება. ვფიქრობ, ასეთი ინიციატივა, მით უფრო – საკრებულოს წევრის – არ უნდა დაიბლოკოს.

ბატონი ნიკო, ჩემთან კონსულტაციებზე რომ საუბრობს, ალბათ გულისხმობს იმას, რომ შემეკითხა, რამდენად იქნებოდა ეს ჩემი მხრიდან გამართლებული და როგორი შეფასება ექნებოდა. მას ვუპასუხე, რომ ამის უფლება ჰქონდა. რაც შეეხება ქართული ოცნების ფრაქციის შექმნას საკრებულოში, მივესალმები ამას. საჯარო მოხელე ვარ და პოლიტიკაში ნაკლებად ვმონაწილეობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი ხელისუფლების კურსის გამზიარებელი რაც უფრო მეტი იქნება საკრებულოსა და საზოგადოებაში, ეს იქნება იმ ხელისუფლების სიძლიერე, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას.“

nახლადშექმნილი ფრაქციის თავმჯდომარეს ყოველთვიურ ანაზღაურებად 1 000 ლარი დაენიშნა და საკრებულოს გადაწყვეტილებით საკრებულოს ბიუროს შემდგენლობაში შევიდა.

ლაურა გოგოლაძე