ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების, – ლაშისა და კიცხის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები ენერგეტიკის სამინისტროს 2016 წლის გაზიფიცირების გეგმითაა გათვალისწინებული.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის უფროსის, თეონა რუხაძის ინფორმაციით, სოფლებში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ვერ სახელდება.

„საქართველოს რეგიონების 2016 წლის გაზიფიცირების გეგმაში ჩასმული სოფლები წლის ბოლომდე აუცილებლად გაზიფიცირდება, – ამბობს თეონა რუხაძე, – კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით. ამისთვის საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოები. ყველაფერს თავისი დრო აქვს.“

„სოკარ გაზის“ ზესტაფონი-ხარაგაულის უბნის აღრიცხვისა და დისტრიბუციის სამსახურის სპეციალისტის, მიხეილ ბანცაძის ინფორმაციით, გასული წლის მარტში ბაზალეთის, ახალსოფლის, ჩხერის, თეთრაწყაროს, ისლარის, ფარცხნალის, საღანძილისა და ჯაფაროულის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ზოგადი მონაცემები მოამზადეს და გადააგზავნეს „სოკარ გაზის“ რეგიონულ სამსახურში პროექტირებისთვის.

მიხეილ ბანცაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით მათთვის უცნობია, წელს რომელი სოფლების გაზიფიცირება ან დაპროექტებაა დაგეგმილი.

ნინო კაპანაძე