ორი კვირაა, რაც ლეღვანის საბავშვო ბაღში 25 აღსაზრდელიდან მხოლოდ ათამდე აღსაზრდელი მიდის. მშობლების პროტესტი, ლეღვანში გამგებლის წარმომადგენელ პაატა ბურჯანაძის განმარტებით, მეორე ცვლის ახალი აღმზრდელის მიღებამ და პირველი ცვლის აღმზრდელის, ლალი ვეფხვაძის წასვლამ გამოიწვია.

„საბავშვო ბაღში ახალმიღებულ აღმზრდელს არ აქვს შესაბამისი განათლება და ცოტა აგრესიულია,“ – ამბობს პაატა ბურჯანაძე, – წინა კვირაში დამყავდა შვილები ბაღში დღის პირველ ნახევარში. დღეს თავად ბავშვებმა თქვეს საბავშვო ბაღში წასვლაზე უარი, რადგან ვერ ხედავენ თავის მეგობრებს და ჭირვეულობენ.“

მშობელი ინგა ლაცაბიძე ამბობს, რომ არ წაიყვანს შვილს საბავშვო ბაღში. „პირადად მე არ მსურს, რომ ჩემ შვილთან მეორე ცვლაში იყოს აღმზრდელი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი განათლება. თუ ბავშვი მივიყვანე ბაღში, არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ დღის მეორე ნახევარში მეორე ცვლის აღმზრდელთან,“ – ამბობს ინგა ლაცაბიძე.

მშობელი ნინო სარალიძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღში შვილი დაჰყავს, რადგან ბავშვი სასკოლო ასაკისაა. „საბავშვო ბაღი ბავშვისთვის აუცილებელია, – რეჟიმს ეჩვევა, სწავლობს, ვითარდება, – ამბობს ნინო სარალიძე, – მადლიერი ვარ საბავშვო ბაღის გამგე თამარ ტაბატაძის, ლალი ვეფხვაძესაც ვემადლიერებოდით. არც ახალმოსულ აღმზრდელს დაუშავებია ჩემთვის რამე, მაგრამ გასათვალისწინებელია უმრავლესობის ინტერესებიც. მშობლების დიდ ნაწილს ბავშვები არ დაჰყავს საბავშვო ბაღში.“

საბავშვო ბაღის მშობელთა პროტესტს „ნაციონალური მოძრაობის წევრ თამაზ მაღრაძისგან პოლიტიკურად მართულს“ უწოდებს ლეღვანის საბავშვო ბაღის გამგე თამარ ტაბატაძე. მისი თქმით, თამაზ მაღრაძეს პირადი ინტერესები ამოძრავებს, რადგან სურდა, რომ საბავშვო ბაღში მისი შვილები დასაქმებულიყვნენ.

„ლალი ვეფხვაძის საბავშვო ბაღიდან წასვლა გამოიყენა თამაზ მაღრაძემ და ცრუ ბრალდებებს მიყენებს, – ამბობს თამარ ტაბატაძე, – რაც შეეხება ლალი ვეფხვაძის აღმზრდელის თანამდებობიდან წასვლას, მე, როგორც ბაღის გამგეს, მაქვს უფლება, მივუთითო თანამშრომელს. ნებისმიერ მითითებაზე ლალი ვეფხვაძე ჩემთან კონფლიქტში შემოდიოდა. სისტემატურად არ წერდა სასწავლო გეგმას და არასაკმარისად მომზადებული მოდიოდა აღსაზრდელებთან. მე მხოლოდ მეთოდისტს დავემორჩილებიო, – მეუბნებოდა. ჩვენ შორის ბოლოს სერიოზული კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ლალი ვეფხვაძემ თავად დატოვა სამსახური.“

რაც შეეხება მეორე ცვლის აღმზრდელის განათლებას, თამარ ტაბატაძის განმარტებით, მან ცხრა კლასის შემდეგ კოლეჯი დაამთავრა იურისტის კვალიფიკაციით. „სოფელში უმაღლესი განათლების მქონე ყველა პირი დასაქმებულია და ამიტომ არჩევანი შეჩერდა ამ ქალბატონზე,“ – ამბობს თამარ ტაბატაძე.

„ბაღის გამგე ქალბატონი თამარი მხოლოდ მე მაკონტროლებდა და ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, – ამბობს ლალი ვეფხვაძე, – ყველაფერზე მაძლევდა შენიშვნებს. მე არ ვამბობ, რომ შეცდომები არ მქონდა. სკოლამდელებთან მუშაობა ძალიან განსხვავებულია, განსაკუთრებით რთულია შერეულ ჯგუფთან. ორი წელი არ არის გასული, რაც ლეღვანში საბავშვო ბაღი გაიხსნა. გეგმის მიხედვით ვმუშაობდი. ქალბატონი თამარი აქტივობის დაწყებიდან სულ ჯგუფში იჯდა. ფსიქოლოგიურ ზეწოლას განვიცდიდი.“ ლალი ვეფხვაძე ადასტურებს უსიამოვნო ინციდენტს საბავშვო ბაღის გამგესთან და ამბობს, რომ ვეღარ გააგრძელებდა მუშაობას.

ლეღვანის საბავშვო ბაღის მეორე ცვლის ახალი აღმზრდელი ია შარიქაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ კამპანია შეგნებულად დაიგეგმა. „კონფლიქტს ვერიდები. მინდა ბავშვებთან ურთიერთობა. დღეს რომ მოვიდნენ ბავშვები საბავშვო ბაღში, ერთმანეთს ეფერებოდნენ, ისე ენატრებათ თანატოლები, – ამბობს ია შარიქაძე, – მშობლები საუბრობენ ჩემს პირად ცხოვრებაზე. ყველას აქვს პირადი ცხოვრების უფლება. ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენეს, დამამცირეს, აფთრებივით მიყურებდნენ მშობლები. გაზეთში ცუდად მომიხსენია თამაზ მაღრაძემ. ბევრი მოვითმინე და ავიტანე ბავშვების სიყვარულის გამო. ისე წარმომაჩინეს, თითქოს მთელი სოფელი მიცნობს, როგორც აგრესიულ ადამიანს. მე თუ მეზობელთან კონფლიქტი მომივიდა, ეს ჩემი პირადი საქმეა და სხვას არ ეხება. ლეღვანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელის არც ერთ მშობელთან არ მქონია კონფლიქტი.

ხელშეკრულება ერთი თვით გამიფორმეს და არა მგონია, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ გავაგრძელო მუშაობა არა იმიტომ, რომ ვინმესი მეშინია, ჩემს პირადს შეეხენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მათ გადავეთელე.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ირმა სებისკვერაძის თქმით, ლეღვნის საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა.

„აღმზრდელი ლალი ვეფხვაძე საკუთარი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, – ამბობს ირმა სებისკვერაძე, – მოსაფიქრებლად ათი დღე მივეცი. შემდეგ დავაკმაყოფილე მისი განცხადება. მშობლები არ უჩივიან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს. მათ პრეტენზია აქვთ მეორე ცვლის ახალი აღმზრდელის მიმართ. თუ საბავშვო ბაღში დასაქმებული თავის უფლება-მოვალეობას პირნათლად ასრულებს, დირექციის ვალდებულება არ არის არასამუშაო საათებში მისი კონტროლი.

რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, პირადად რამდენჯერმე ვიყავი ლეღვანში და ვესაუბრე მშობლებს. საქმის კურსში არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, – გამგებლის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები. საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანა ნებაყოფლობითია. ვთვლი, რომ ყველა სტანდარტი და პირობა დაცულია ლეღვნის საბავშვო ბაღში. ყველანაირად ვცდილობთ, რომ აღსაზრდელებისთვის საუკეთესო პირობები შევქმნათ. პატივს ვცემთ მშობლებს და მათ აზრებს, მაგრამ პიროვნული ურთიერთობები თავად უნდა დაარეგულირონ.“

ნინო კაპანაძე