26 ივლისს ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე – „სტუმრად ზღაპრებთან“ მოწვეულნი იყვნენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. პატარებს უმასპინძლა საბავშვო ბიბლიოთეკის გამგემ სოფო ლაცაბიძემ, რომელიც ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი გახლდათ და ბიბლიოთეკის წამყვანმა სპეციალისტებმა ლიკა კალანდაძემ და ლალა ვეფხვაძემ. პატარებს ზღაპრების ქვეყნიდან ჩამოსულმა მეზღაპრე ბებომ (ლიკა კალანდაძე) გუდით უამრავი ზღაპარი ჩამოუტანა და წაუკითხა. პატარები ძალიან გაახალისა მეზღაპრე ბებომ. ბავშვებმა მალე თვითონაც გამოხატეს სურვილი, წაეკითხათ ლექსები, ემღერათ ბებოსთან ერთად. მათ დიდი ინტერესით მიადევნეს თვალი „კოკროჭინას“ თანამედროვე ვიდეოვერსიას. ბავშვებმა, რომლებიც ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები არიან, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს წარუდგინეს „წითელქუდას“ ინტერპრეტაცია.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები შეგვპირდნენ, როგორც კი კითხვას ისწავლიან, ბიბლიოთეკას ხშირად ესტუმრებიან და ყველა ზღაპარს წაიკითხავენ.
–ძალიან მნიშვნელოვანია საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარებული ეს ღონისძიება, – აღნიშნა კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – ამ ასაკიდან უნდა შეიყვაროს ბავშვმა წიგნი, ზღაპარი, ბიბლიოთეკა. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა ბავშვი ურთიერთობს წიგნთან, ბიბლიოთეკასთან. მადლობა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ასეთი კარგი ღონისძიებისთვის.
ბიბლიოთეკარი ლიკა კალანდაძე კმაყოფილია პატარების აქტიურობით: -ეს ღონისძიება თანამშრომლებმა ერთობლივად დავგეგმეთ. პატარებთან ერთად ვიმოგზაურეთ ზღაპრების სამყაროში, გავარჩიეთ კეთილი ბოროტისაგან, ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გამოცანების გამოცნობაში. ვუმღერეთ საქართველოს, სიყვარულს, მეგობრობას.
სოფო ლაცაბიძე: -ჩვენი უმთავრესი მიზანია, ბავშვებმა ადრიდანვე შეიყვარონ წიგნი, ბიბლიოთეკა და ეს გარემო მათთვის უცხო არ იყოს. უნდა შეიყვარონ კითხვა, რათა კარგ მამულიშვილებად აღიზარდონ. გვინდა მოვაწყოთ დარბაზი ასეთი ღონისძიებებისთვის, მოვიწვიოთ ზღაპრების ავტორები და ბავშვებს გავაცნოთ თანამედროვე მეზღაპრეები. მადლობა ყველა მონაწილეს, სტუმრებს მობრძანებისათვის, ბიბლიოთეკის დირექტორს გაწეული დახმარებისა და ჩემს თანამშრომლებს აქტიური ჩართულობისათვის.
ღონისძიებაში მონაწილე ბავშვები ელენე ჩიჩილიძე, მარიამ ნიშნიანიძე, თამთა კიკნაძე, ბექა ჯუღელი, ცოტნე კიკნაძე, ნინო კურტანიძე, სანდრო ჭიპაშვილი სიგელებით დააჯილდოვნენ.
თამთა გოგოლაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ