ხარაგაულელი სალომე გელაშვილი უნგრეთში, მიშკოლცის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის ფაკულტეტზე სწავლობს.

-ყოველთვის მინდოდა უცხოეთში სწავლა. როცა შევიტყვე უცხოეთში სწავლების პროგრამის შესახებ, მაშინვე შევიტანე საბუთები. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა ევროპაში ორი წლით სწავლის შანსი, თან სასურველ ფაკულტეტზე, – ამბობს სალომე, –  ევროპაში სწავლა ძალიან საინტერესოა. ვსწავლობ ძალიან ბევრ ჩემთვის ახალ და საინტერესო საგანს. ვიღებ საკმაოდ დიდ გამოცდილებას პროფესიული თვალსაზრისით.  ამასთან ერთად იზრდება პირადი გამოცდილება და ვხდები უფრო დამოუკიდებელი.

-როგორ ეგუები უცხო ქვეყანაში ცხოვრებას?

-შეგუება ნამდვილად არ გამჭირვებია. ძალიან საინტერესოა უცხო ქვეყანაში ცხოვრება. ეცნობი უცხო ქვეყნის კულტურას, ისტორიას, წეს-ჩვეულებებს, ქვეყნის წყობას. ჩემთან ერთად სწავლობენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიწევს ურთიერთობა ძალიან ბევრ ადამიანთან. ხშირად ვიკრიბებით და ვუამბობთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის, ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ.

ძალიან აქტიურია მიშკოლცის უნივერსიტეტის თვითმმართველობა. ხშირად ტარდება შეჯიბრებები, სხვადასხვა აქტივობები, ექსკურსიები ქვეყნის შიგნით და უცხოეთში. უცხოელი სტუდენტებიც აქტიურად ვართ ჩაბმული ყველა პროცესში, რაც ძალიან საინტერესოს და სასიამოვნოს  ხდის სწავლის პროცესს.

-რას გვეტყვი შენი სამომავლო გეგმების შესახებ?

-ჩემთვის ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგისტრატურა დავამთავრო წარმატებით და დიპლომი ავიღო. ჩემი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება. არანაირი სურვილი არ მაქვს, უცხოეთში დავრჩე და აქ გავაგრძელო სწავლა ან დავიწყო მუშაობა.

ძალიან მომენატრა ჩემი ქვეყანა, განსაკუთრებით ხარაგაული, ჩემი ოჯახი, მეგობრები. მინდა, რომ ყველა მოვიკითხო. ახლა ვხვდები ყველა იმ ქართველის მდგომარეობას, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. შეიძლება ცხოვრობდე უკეთეს პირობებში, გქონდეს კარგი სახლი, მანქანა, ცხოვრების საუკეთესო პირობები, მაგრამ ძალიან რთულია იცხოვრო უცხო ქვეყანაში შენი ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების გარეშე.

თამარ ვეფხვაძე
ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი

ფოტოზე: სალომე გელაშვილი მეგობართან ერთად