სოფო ფხაკაძე 15 წელია, რაც ხარაგაულში სტომატოლოგად მუშაობს. მისთვის ექიმობა უცხო არასოდეს ყოფილა, რადგან მისი დედა და დეიდაშვილი ექიმები არიან. ბავშვობაში ეს პროფესია არ უყვარდა, რადგან დედის მორიგეობის გამო, უფროს ძმასთან ერთად, ხშირად უწევდა შინ უდედოდ ყოფნა.

დღეს სოფო ფხაკაძემ იცის, რომ ექიმისთვის პირადი ცხოვრება აღარ არსებობს. სკოლის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც დედამ, ქალბატონმა ლარისა უვაროვამ, დაამთავრა.

„პედიატრობას ვაპირებდი, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, – იხსენებს სოფო ექიმი, – ორჯერ მოვსინჯე და ვერ ჩავირიცხე. შემდეგ სტომატოლოგობა გადავწყვიტე. ბავშვებისადმი ჩემი სიყვარულის გამო ბავშვთა მასაჟისტის სპეციალობას დავეუფლე.

ბავშვთა სტომატოლოგიის კუთხით გავიარე ინტერნატურა, ვმუშაობდი ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრაზე. ასე რომ, სულ მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა, როგორც მასაჟისტის სპეციალობით, ასევე სტომატოლოგიის კუთხით.“

სოფო ექიმი ამბობს, რომ, ზოგადად, მედიცინის სფეროში მუშაობა ძალიან რთულია. ექიმი ბოლომდე უნდა იხარჯებოდე, შენი პირადი უნდა გადადო და მუდამ კარგად იყო. ექიმობა ყველაზე ჰუმანური სპეციალობაა. შეიძლება პაციენტს მანიპულაცია არც ჩაუტარო და შენთან საუბრის შემდეგ მაინც კმაყოფილი და დამშვიდებული წავიდეს. ეს ნიშნავს, რომ გამოგივიდა მასთან ურთიერთობა.

სანამ ახალგაზრდა ექიმობას გადაწყვეტს, კარგად უნდა გაიაზროს და იცოდეს, რომ ექიმი ვერ იქნება მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული. ექიმს სხვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაბარია. პირველ რიგში, დიდი მოთმინება სჭირდება პაციენტთან ურთიერთობას. ფსიქოლოგი უნდა იყო, ისე უნდა მიუდგე შეწუხებულ პაციენტს, რომ მოეშვას, მოდუნდეს, დამშვიდდეს.

არის სირთულეები, როცა რაღაც არ გამოგდის. ძირითადად ვცდილობ, რომ პაციენტი კმაყოფილი დარჩეს. დამღლელი პროფესიაა ექიმობა და განსაკუთრებით სტომატოლოგია, – ფიზიკურად და გონებრივად იხარჯები. ხანდახან მითქვამს, არავის ვურჩევ ექიმობას ჩემს შთამომავლობაში-მეთქი, მაგრამ მერე როცა შეხვდები მადლიერ პაციენტს, გავიწყდება დაღლილობა. დედაჩემზე ხშირად უთქვამთ, შვილი გადამირჩინაო. მადლიერება ძალიან ბევრს ნიშნავს.

ბოლომდე ვიხარჯები პაციენტისთვის, – შემიძლია ეს ვთქვა გულწრფელად. შეიძლება ყოველთვის ისე რაღაც არ გამოდის, როგორც გინდა. ყველა ალბათ ვერასდროს იქნება მადლიერი, თუმცა ყველა ექიმს და სამედიცინო პერსონალს სურს, რომ პაციენტი გამოაჯანმრთელოს.“

სოფო ექიმის თქმით, ბოლო დროს სტომატოლოგთან ვიზიტები გახშირდა. ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოვლა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საჭიროა გაიხეხოს კბილები დღეში ორჯერ, დილით ჭამამდე და საღამოს ჭამის შემდეგ. ეს ერთგვარი ჰიგიენაა. აუცილებელია ექვს თვეში ერთხელ ექიმთან ვიზიტი პროფილაქტიკის მიზნით.

რაც შეეხება ჩემს შვილებს, არც ერთმა არ აირჩია სამედიცინო. უმცროსმა ქალიშვილმა – მარიმ მესამე კურსის სტუდენტის დონეზე იცის სტომატოლოგია. ნინოს არასდროს ჰქონია ექიმობის სურვილი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას დაეუფლა. ახლა მაგისტრატურაში ჩასაბარებლად ემზადება. მარი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია და სამედიცინოზე გადასვლა სურს.

საინტერესოა, რომ სოფო ფხაკაძის ბებია, აგრაფინა ბაგრატიონი, სოლომონ მეფის შთამომავალია. გაკულაკებას რომ გადარჩენოდა, იძულებული გახდა ცოლად გაჰყოლოდა ფხაკაძეს. ამიტომ შეიცვალა გვარიც და გადმოვიდა ხარაგაულში საცხოვრებლად.

„დედის ნათესავები ქალაქ ჩიტაში ცხოვრობენ. უვაროვი მთავარსარდალი იყო მეფის კარზე და დედაჩემი მისი შთამომავალია. არ მიყვარს ამაზე ყურადღების გამახვილება. გვარი არ ამშვენებს ადამიანს, ადამიანი ამშვენებს გვარს. ცხოვრებაში მთავარია ჯანმრთელობა და მშვიდობა. ყველამ აკეთოს თავისი საქმე, – ესაა ჩემი უდიდესი სურვილი. ბედნიერი და ლამაზი ღიმილით ვხვდებოდეთ ერთმანეთს.“

ნონა მაჭავარიანი