კონსერვატორიის სტუდენტი რომ გამხდარიყო, ნინო ავალიშვილმა საკმაოდ ბევრი იშრომა. დიდი კონკურსი წარმატებით დაძლია და 38 კონკურსანტიდან 8 საუკეთესოს შორის მოხვდა.
ნინო კონსერვატორიაში სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებით ისწავლის. ის ამბობს, რომ მუსიკა მისი ცხოვრების განუყრელ ნაწილად ბავშვობიდან იქცა.
„თურმე, ბავშვობაში საკუთარ თავს იავნანას თავად ვუმღეროდი და ასე ვიძინებდი, – ამბობს ნინო ავალიშვილი, – სატელევიზიო რეკლამების დროს ყურადღებას მხოლოდ მუსიკას ვაქცევდი. ფილმის მიმდინარეობის დროსაც და დასასრულს, სადაც ფილმზე მომუშავე მსახიობების, პროდიუსერების თუ სხვათა სახელისა და გვარების საკმაოდ ვრცელი სიის ჩვენება მიმდინარეობდა, განაბული ვუსმენდი მელოდიას.
მთელი ჩვენი ოჯახი მღერის, ბაბუები განსაკუთრებულად მღეროდნენ. მამაჩემის მამამ, ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ბაბუამ, იოსებ ავალიშვილმა, ადრე დაგვტოვა, თუმცა მახსოვს მისი ხმა… ერთ სიმღერას რომ ჩაიმღერებდა, ვეხვეწებოდი ხოლმე, კიდევ ემღერა.
დედაჩემის მამა, არსენ სხილაძე, ჩამოგვაჯენდა ხოლმე შვილიშვილებს და ძველ, მივიწყებულ სიმღერებს ჩვენთან ერთად აცოცხლებდა. უბადლო იუმორის მქონე გახლდათ და მასთან მუდამ სიცილ-ხარხარით, მუდამ ხალისით ვმეცადინეობდით. ის, რომ სიმღერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ასე ძალიან მიყვარს, ისიც, რომ კონსერვატორიაში ჩაბარების სურვილი გამიჩნდა, არსენ ბაბუას დამსახურებაა.
მე და ბაბუ დიდი მეგობრები ვიყავით, ყოველდღე ვსაუბრობდით, გეგმებს ვსახავდით. მუდამ ოჯახის ბედნიერების სადარაჯოზე მყოფი, ყოველთვის ხელს მიწყობდა. სტუდია „ლურჯა ცხენებში“ სწავლაც ცისანა ბებომ და არსენა ბაბუმ დამიფინანსა და მათი უკიდეგანოდ მადლიერი ვარ. ჩემმა უსაყვარლესმა დეიდამ და ბიძიამ კი სახლის კარი გამიღეს და მეხუთე შვილად მიმიღეს. ისინი ჩემი მეორე მშობლები არიან.
წარმატების მიღწევის დროს, სცენაზე გასვლის წინ თუ სატელევიზიო ჩაწერის დაწყებამდე, პირველად არსენა ბაბუ მახსენდება ხოლმე, თითქოს სულ ჩემთანაა და ეს დიდ მოტივაციას მაძლევს. ძალიან მინდა, მხედავდეს, მინდა, ის იმედები გავუმართლო, რომელთა წარმოდგენაც უბედნიერესს ხდიდა“…
ნინო ავალიშვილი ხარაგაულის #3 სკოლაში მერვე კლასამდე სწავლობდა. 2012 წლიდან ის მუსიკალურ სტუდია „ლურჯა ცხენებში“ ჩაირიცხა და სწავლა თბილისში გააგრძელა. ნინო ძალიან მადლიერია სტუდია „ლურჯა ცხენების“ ხელმძღვანელის, ნანა ბალახაშვილის, რომელმაც თავიდანვე უთხრა, რომ მას საოპერო ხმა ჰქონდა.
ერთ დღესაც ნინო ოპერის მომღერალ მარია კალასზე გამოცემული წიგნით დაინტერესდა.
„წიგნი დაუყოვნებლივ, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, – ამბობს ნინო, – შემდეგ მოვუსმინე, კიდევ მოვუსმინე, უსასრულოდ მინდოდა მისი უზადო ტემბრისა და შესრულების მოსმენა. სურვილი, მოვმზადებულიყავი საოპერო ვოკალში, გამიასმაგდა. ამიტომაც ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე და სწავლა იქ გავაგრძელე.
ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გავხდი. სიმართლე გითხრათ, გეგმებზე საუბარი დიდად არ მხიბლავს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ძალიან მინდა, წარმატებული ვიყო. ჩემი საქმით ყველგან ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი საქართველო და ჩემი პატარა, კოპწია, გულხვავიანი ხარაგაული.
აქვე, ყველა კეთილისმსურველს დიდ მადლობას გიხდით. ვგრძნობ თითოეულის მხარში დგომას, სიყვარულს და იცოდეთ, რომ მეც ძალიან მიყვარხართ, მახარებთ და მაძლიერებთ“.
ნინო კაპანაძე
ნინო ავალიშვილს ხშირად იწვევენ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში. მოუსმინეთ მას და საბა ბარბაქაძეს.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში