
ამ წუთებში ღორეშაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივ ცენტრს ხსნის.
საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით.
დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიღებისათვის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ღორეშელებს სოფლიდან წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში ღორეშელებს ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან.
საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები.
ღორეშას საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით 21-ე ცენტრია.
ხარაგაულიდან ღორეშაში ოთხშაბათობით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ მკითხველებისგან გადახდილი თანხით არსებობს და ამ ეტაპზე, ღორეშაში დაქირავებული ტრანსპორტით გადასვლის შესაძლებლობა არ გვქონდა.
ამიტომ ღორეშელებს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით ტელეფონით დავუკავშირდით.
ტარიელ კურტანიძე: -არაფერი ვიცი და ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ. არ ვარ მაგაში გარკვეული და ტყუილს ხომ არ გეტყვით.
ტატიანა მაჩაიძე: -საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზესტაფონში დავდიოდით და ახლა ადგილზე მოგვემსახურებიან, ბანკი დაგვჭირდება, პასპორტის გაკეთება, ბანკომატი თუ კომპიუტერული მომსახურება. სოფლელი ადამიანისთვის ზესტაფონში ჩასვლასა და მგზავრობაში ხუთი ლარის გადახდას, ღორეშაში მომსახურება ჯობია.
დავით ქიმერიძე, ოქონა: -რა ვიცი, თუ კარგ საქმეს გააკეთებენ, კარგია. გახსნას ვერ დავესწრები, რადგან მთავრობის ტრაქტორი მოდის და მიწა მაქვს დასახნავი. ჩემს უბანში ჯერ მიწა არავის დაუხნავს. ამინდიც გამოვიდა და ვეშურებით.
ნარგიზი გაჩეჩილაძე, მარიამწყარო: -რა მოგახსენოთ, ძალიან უყურადღებოდ ვართ ღორეშის მთავრობისგან. დედა მყავს მწოლიარე, წნევამ დაარტყა. ტელევიზორს ვერ ვამუშავებ, ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდაო და მე ძველი ანტენა მაქვს. მწოლიარე მოხუცმა ტელევიზორს რომ უყუროს, იმის საშუალება არ მაქვს. მინდა, რომ მიწა დავხნა. ტრაქტორი, მთელ ღორეშას რომ მოივლის, ჩემთან მერე მოდის. ღმერთმა ქნას, სოფლის ცხოვრება გამოასწოროს ამ საზოგადოებრივმა ცენტრმა. აგერ, დედაჩემი მეძახის, რომ წყალი არ გვაქვს. ძალიან საშინელ დღეში ვართ.
შაქრო გაბუნია, საჯვარეს უბანი: -პირველად მესმის თქვენგან, რომ საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება დღეს ღორეშაში.
გოჩა გაბუნია, საჯვარეს უბანი: -საზოგადოებრივი ცენტრი რომ გაიხსნება, ყურადღებას მოგვაქცევენ, – ან გზას გააკეთებენ, ან სხვა რამეს. წულუკიანი რომ მოდიოდა, სოფლის ცენტრალური გზა შეაკეთეს. ხშირად მაინც მოვიდეს წულუკიანი ღორეშაში.
ჩემს უბანში გზა არის გასაკეთებელი. ყველა სოფელი გაამრიცხველიანეს და ახლა ღორეშაში უნდა დაეწყოთ. მაინტერესებს, აკეთებენ თუ არა. ამბობენ, რომ აღარც ბოძები აქვთ და აღარც კაბელიო. პრობლემები რაც არის, თქვენც იცით. ფულს აქ ვერ იშოვი და რაც არის, ისიც გაფუჭდა. ტყეში აღარავის უშვებენ. ოჯახის არც ერთი წევრი არსად ვმუშაობთ.
მანანა კურტანიძე: -ღორეშაში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კარგი იქნება. აქამდე ხალხი ზესტაფონში დადიოდა და ახლა საზოგადოებრივ ცენტრში ადგილზე მიიღებენ დახმარებასა და პენსიას. დენის ფულსაც აქ ჩავრიცხავთ. დასაქმდებიან ახალგაზრდები და აღარ წავლენ სოფლიდან. მიდის ყველა, აღარავინ რჩება სოფელში. ზოგი მშენებლობაზე მუშაობს და ზოგი სხვაგან. ჩემ ვაჟს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და მშენებლობაზე მუშაობს თბილისში. დიდხანს უმუშევარი იყო და ახლა ჩემმა მეუღლემ წაიყვანა მშენებლობაზე სამუშაოდ.
გულნაზი კურტანიძე: -სოფლის გამგებელმა დამირეკა და მივდივარ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე. ძალიან გახარებულები ვართ, რომ ჩვენს სოფელში ამხელა რამ გაკეთდა. დასაქმდება ხალხი და ახლო ურთიერთობა გვექნება ბანკთან, რაიონის გამგეობასთან.
ლაურა გოგოლაძე
ფოტოზე: ღორეშის საზოგადოებრივი ცენტრი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოტო
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზალეთში,
„საქართველოს რკინიგზასგან“ გავრცელებული
დიდთოვლობამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე (თბილისი-სენაკი-ლესელიძის