

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ბევრ სერვისზე ხელმისაწვდომობა არ გვაქვს. ხარაგაულში გინეკოლოგიური და სტომატოლოგიური კაბინეტები გაუქმდა; საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის, წიგნის მაღაზიები არ გვაქვს; ავტოსადგური და აგრარული ბაზარიც აღარ ფუნქციონირებს…
ჩამოთვლილი საჭიროებებიდან ნაწილი კერძო ბიზნესის მოსაგვარებელია. აგრარული ბაზრის აღდგენა კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორი წლის წინ ივალდებულა.
2024 წლის ბოლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ორი აგრარული ბაზრის ტერიტორია გადმოეცა; კერძოდ, დაბა ხარაგაულში 2192 კვმ, სოფელ კიცხში – 705 კვმ ფართები და მასზე განთავსებული უძრავი ქონება.
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავდა აგრარული ბაზრების ტერიტორიების კეთილმოწყობას, შემდგომში მათი იჯარით გაცემის მიზნით.
მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი ხარაგაულის ბაზრის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციოდ თანხების მობილიზებისთვის რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდებთან მუშაობდა.
დავინტერესდით, ხარაგაულში აგრარული ბაზრის ამოქმედების კუთხით, ამ ორ წელიწადში, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა.
„კონკრეტული შედეგი, ჯერჯერობით, არ დამდგარა, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – ახლო წარსულში ეს საკითხი მერთან განვიხილეთ. აგრარული ბაზრის პრივატიზება არ იგეგმება. ბაზრის ტერიტორიაზე ღია და დახურული სივრცეები, სამაცივრე ოთახები უნდა მოეწყოს. შემდეგ კი კეთილმოწყობილ ტერიტორიას იჯარით გავცემთ.
უნივერმაღის ყოფილი შენობის პრობლემა როგორც მოგვარდა, ასე გადაწყდება აგრარული ბაზრის საკითხიც. ზუსტ თარიღს, როდის მივიღებთ თანხას ბაზრის სარეაბილიტაციოდ და რომელი ფონდიდან, არ ვიცით. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხის მოგვარება არც ძალიან დაგვიანდება“.
„ხარაგაულის აგრარული ბაზრის კეთილმოწყობის მიმართულებით რაიმე სიახლე არ გვაქვს“, – გვიპასუხა ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა.
ხარაგაულსა და კიცხში აგრარული ბაზრები 2020 წლის 31 მარტს დაიხურა, რადგან დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. ბაზრობის დღეს, პარასკევს, მოვაჭრეები მყიდველებს ბაზრის გარე ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ქუჩაში, არაჰიგიენურ გარემოში, ემსახურებიან.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
დღეს, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხარაგაულში სპექტაკლის
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით,
ხარაგაულის საავადმყოფოში კონკრეტული ექიმ-სპეციალისტების
„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემული წინასაარჩევნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი