

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლებში მოქმედებდა შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა, რომელიც მარტოხელა მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვას ითვალისწინებდა. ამ პროგრამაში 60 ბენეფიციარი იყო ჩართული; მათგან 45 შინმოვლის სერვისს, ხოლო 15 – პერსონალური ასისტენტის სერვისს იღებდა.
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა ხარაგაულში, ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ განახორციელა. ერთწლიანი საგრანტო დაფინანსების შემდეგ, ეს პროექტი მუნიციპალიტეტს უნდა გაეგრძელებინა.
2024, 2025 და 2026 წლებში, პერსონალური ასისტენტის პროგრამისათვის 5-5 ათასი ლარი გამოიყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. თუმცა, ეს თანხა სამივე წელს აუთვისებელი დარჩა. შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა ხარაგაულში 2024 წლიდან შეწყდა.

„პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას მუნიციპალიტეტი ვერ გამოავლენს და ვერც აიძულებს რომელიმე ორგანიზაციას, ეს განახორციელოს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი – ორგანიზაცია კანონის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ეს პროგრამა განახორციელოს; ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას ამისათვის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს საჭიროების მიხედვით მიექცეს მაქსიმალური ყურადღება, მაგრამ ჩვენს უფლებამოსილებას ვერ გავცდებით. გახსნილი არის ველი, დადგენილია შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები და თუ რომელიმე ორგანიზაცია აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეუძლია ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა“.
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამის განსახორციელებლად, 2024 წელს ზრუნვის სააგენტოში „სერვისის მიმწოდებლად“ დარეგისტრირდა ხარაგაულის მუნიციპალური ააიპ „სათნოების სახლი“. თუმცა, როგორც „სათნოების სახლის“ დირექტორი თამარ შავიძე ამბობს, – სერვისის მისაწოდებლად, შესაბამისად გადამზადებული კადრები არ ჰყავთ.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, როცა ეს პროგრამა ხორციელდებოდა, რამდენიმე ადამიანმა და მათ შორის მეც გავიარეთ ტრენინგები და შინმოვლის სპეციალისტის სერთიფიკატი ავიღეთ, – ამბობს თამარ შავიძე, – შინმოვლის სპეციალისტს არ აქვს უფლება, ბენეფიციარს გადასხმა გაუკეთოს, წამალი დაალევინოს და ა.შ. მას მხოლოდ მოვლა ევალება; ექთნის საქმე რომ შეითავსოს, არ შეიძლება. ერთ ბენეფიციარს ერთი მომვლელი და ერთი ექთანი უნდა ემსახურებოდეს.
ამიტომ ამ მომსახურების გაწევისთვის საჭირო კადრები ხარაგაულში არ გვყავს. მაშინაც, როცა ეს პროგრამა ხორციელდებოდა, ვფიქრობ, რომ არასწორი იყო, რადგან მომვლელი ექთნის მოვალეობასაც ასრულებდა და ექთანი მომვლელიც იყო. ვინ უნდა მოიძიოს, ან გადაამზადოს კადრები, ვერ გეტყვით; ალბათ მუნიციპალიტეტმა, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გადამზადება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული“, – ამბობს თამარ შავიძე.
წიფის საექიმო ამბულატორიის ექთანი ელზა ბანცაძე სამ ბენეფიციარს ემსახურებოდა, მათგან ორი სიმსივნით იყო დაავადებული, ხოლო ერთი – დემენციით.
„ნამდვილად მაქვს სერთიფიკატი, რომელზეც აწერია, რომ შინმოვლაში სატრენინგო კურსი გავიარე. პროგრამაში ჩართული ადამიანები იმდენად კმაყოფილები იყვნენ ჩვენი მომსახურებით, რომ როცა პროგრამა დასრულდა, ვერ ვამხელდი; მეცოდებოდნენ და მათთან მაინც დავდიოდი. ბოლოს ვუთხარი, რომ ვეღარ მივიდოდი და მითხრეს, რომ იმედი მოვუკალი. ეს ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული იყო.
ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელსაც მე ვუვლიდი, ინსულტი აქვს გადატანილი, პრაქტიკულად არის შშმ პირი, – ვერ მეტყველებს, ვერ ინძრევა და 16 წელია, წევს. ახლა მხოლოდ მეუღლე უვლის სახლში; ასაკის მატებასთან ერთად, მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდება, მეუღლეს კი მისი მოვლა ძალიან უჭირს. ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ეს პროგრამა შეწყდა, წიფაში კიდევ დაემატნენ ადამიანები, რომლებიც მოვლას საჭიროებენ. ამ პროგრამის განახლება აუცილებელია“.
„ჩემთან ექთანი ეთერი მაღრაძე კვირაში რამდენჯერმე მოდიოდა. ჩემთვის ეს დიდი მხარდაჭერა იყო; ბევრი წელია, ლოგინს ვარ მიჯაჭვული. სახლში მარტო ვცხოვრობ და ჩემთვის დამლაპარაკებელიც კი წამალია. რაც ეს პროგრამა შეწყდა, ჩემი მეზობელი, ქეთინო მოდის ჩემთან და უანგაროდ მეხმარება. კარგი იქნება, თუ ეს პროგრამა ამოქმედდება და ქეთინოსნაირი ადამიანები ამ საქმეში ანაზღაურებას აიღებენ“, – ამბობს შინმოვლის პროგრამის ყოფილი ბენეფიციარი თინიკო გლუნჩაძე.

„შინმოვლის სპეციალისტები ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერით გადავამზადეთ. მათი თითქმის 80% იყვნენ ხარაგაულის სოფლების საექიმო ამბულატორიებში მომუშავე ექთნები, რომლებსაც ბენეფიციარებთან ყოველდღიური შეხება ჰქონდათ, – ამბობს „ნაბიჯი ხარაგაულის“ დირექტორი რუსუდან გურგენიძე, – გაცემული სერთიფიკატები შინმოვლის სახელმწიფო სტანდარტს სრულად აკმაყოფილებდა.
დღესაც რომ განახლდეს ხარაგაულში შინმოვლის პროგრამის განხორციელება, ეს სერთიფიკატები მოქმედია და მფლობელებიც, დარწმუნებული ვარ, ისევე თავდაუზოგავად გააგრძელებენ მუშაობას, როგორც 2022-2023 წლებში მუშაობდნენ.
ჩვენ პერსონალური ასისტენტის სერთიფიკატები ვერ გავეცით, ვინაიდან მსმენელებმა პროგრამის შეკუმშული კურსი მოისმინეს. შინმოვლის სერთიფიკატები მოქმედი და სტანდარტების შესაბამისია.
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამის დაწყება 2021 წელს გადამაწყვეტია იმან, რომ მაშინ მყავდა მოხუცი დედა, რომელიც მარტო ცხოვრობდა. ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის 80% მარტოხელა მოხუცებულია, რომლებსაც პურის მიმტანიც კი არავინ ჰყავთ, შვილები ქალაქებში არიან წასულები და იცით, რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული ქალაქიდან აქ ჩამოსვლა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოხუცებთან კვირაში ერთხელ ან ორჯერ სპეციალისტი მივიდეს, წნევა გაუზომოს, დაელაპარაკოს; ასეთ დროს ადამიანი მარტო აღარ გრძნობს თავს, რადგან ვიღაცას ახსოვს და მასზე ზრუნავენ.
შინმოვლის ექსპერტი მერი ვაშაკიძე ამბობს, რომ ხარაგაულში შინმოვლის პროგრამის განხორციელებისთვის კადრები გადამზადებულია, მათი სერთიფიკატები ვალიდურია და შესაძლებელია, რომ ეს პროგრამა განახლდეს. მხოლოდ საჭიროა, რომ ეს სპეციალისტები პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ჯანდაცვის სამინისტროში დაარეგისტრიროს.
„ხარაგაულში ყველანაირი საჭიროების კადრები გადავამზადეთ. სერთიფიკატებს ვადა ასე მალე არ გასდის. შინმოვლის პროგრამის სოფლის მოდელის შემთხვევაში ექიმი არ არის საჭირო, საჭიროა მხოლოდ მომვლელები და ექთნები, ჩვენ ორივე კადრი გადავამზადეთ,“ – ამბობს მერი ვაშაკიძე.
2022 წლის დეკემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რომ შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა ხარაგაულში აუცილებლად გაგრძელდებოდა და ამისათვის 2023 წლის ბიუჯეტში 70 ათას ლარს გაითვალისწინებდნენ; ხოლო შემდეგ წლებში, – მოთხოვნის შესაბამისად, გაზრდის პერსპექტივით. 2023 წლის შემდეგ ხარაგაულში ეს პროგრამა აღარ გაგრძელებულა.
P.S. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის თანახმად, ყველა მუნიციპალიტეტი, 2025 წლის 1 იანვრიდან, ვალდებულია, რომ შშმ პირები პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოს. მუნიციპალიტეტები პროგრამას ადგილობრივი საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით ახორციელებენ; ხოლო დაფინანსება, უმეტესად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით (ვაუჩერული სისტემით) ხდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა 2024 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – შინმოვლის ექსპერტი მერი ვაშაკიძე ვახანელ ბენეფიციართან ოჯახში, 2022 წ.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„პერსონალური ასისტენტის პროგრამით ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნდა“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ბევრ სერვისზე
დღეს, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხარაგაულში სპექტაკლის
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით,
ხარაგაულის საავადმყოფოში კონკრეტული ექიმ-სპეციალისტების
„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემული წინასაარჩევნო