გაზისა და წყლის ფიქსირებული ტარიფი შეიცვლება და ის საფეხურებრივი გახდება, რაც ნიშნავს, რომ ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის.

შესაბამის ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს გულისხმობს, სემეკს ეძლევა უფლება, ბუნებრივი აირის საფასური მოხმარებული ბუნებრივი აირის შესაბამისად განსაზღვროს, ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის. განსხვავებული ტარიფების დადგენის აღნიშნული წესი 2038 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში.

კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში კიდევ ერთი ნორმის ცვლილება ითვალისწინებს, რომ მარეგულირებელი კომისიას უფლება ექნება, წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს. აღნიშნული უფლებამოსილება კომისიას 2036 წლის 1 იანვრამდე მიეცემა.

„აღსანიშნავია, რომ სექტორებს შორის განსხვავებული გარდამავალი პერიოდის განსაზღვრა გამოწვეულია განსხვავებული სატარიფო რეგულირების პერიოდით, კერძოდ – წყალმომარაგების შემთხვევაში სატარიფო რეგულირების პერიოდი არის 3 წელი, ხოლო ბუნებრივი გაზისათვის – 5 წელი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ძირითადი პრინციპებიდან საგამონაკლისო ნორმა წყალმომარაგების სექტორში იმოქმედებს სამი სატარიფო რეგულირების პერიოდის, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი – ორი სატარიფო რეგულირების პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნულია კანონში შესატანი ცვლილების განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივით მომზადდა.