ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში დაიწყო ახალი საკონკურსო წელი.

2026–2027 წლის საკონკურსო თემაა – „ტყეები, ხეობები, სახეობები“.

საქართველო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ისტორიულ ძეგლებში, ტრადიციებში, არქიტექტურაში, ადგილობრივ ცოდნასა და ბუნებასთან ადამიანის ურთიერთობის უნიკალურ გამოცდილებაში აისახება. კულტურული მემკვიდრეობა გვიყვება ჩვენს წარსულზე, გვაკავშირებს წინაპრებთან და გვეხმარება საკუთარი იდენტობის გააზრებაში.

ჩვენი ტყეები, ხეობები, მდინარეები, მთები და მათში გავრცელებული მცენარეთა და ცხოველთა სახეობები უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს ქმნის. ეს სიმდიდრე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საგანძურია, არამედ საერთო პასუხისმგებლობაც, რომ ის მომავალი თაობებისთვის შევინარჩუნოთ.

ნიკო კეცხოველი 2027-ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მდგრადი განვითარების მე-11 მიზანს – „მდგრადი ქალაქები და დასახლებები“ და, კერძოდ, მის 11.4 ამოცანას – კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას (SDG 11).

წლევანდელი კონკურსი გაძლევთ შესაძლებლობას, უკეთ გაიცნოთ თქვენს გარშემო არსებული ბუნებრივი და კულტურული გარემო, გამოიკვლიოთ ადგილობრივი ტყეები და ხეობები, აღმოაჩინოთ სახეობათა მრავალფეროვნება, გაეცნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ტრადიციებს, გამოავლინოთ მათ წინაშე არსებული საფრთხეები და დაგეგმოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და წარმოჩენას რეალურ შედეგად აქცევს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი სკოლების  ეკოკლუბები უნდა დარეგისტრირდნენ ამ ბმულზე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წესები იხილეთ გზამკვლევში.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მიმდინარეობს პროექტის – „მწვანე კავკასია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.