„ატლანტიკურმა საბჭომ“ „თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსები“ გამოაქვეყნა.

ამ დოკუმენტში მსოფლიოს 171 ქვეყანაში 2025 წელს არსებული მდგომარეობაა ასახული.

„ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენლებმა დოკუმენტის პრეზენტაციისას გამართულ დისკუსიაზე აღნიშნეს, რომ შემაშფოთებელია თავისუფლების გლობალური უკუსვლა და განსაკუთრებით საგანგაშოა კანონის უზენაესობის დაცვის გაუარესება.

ითქვა, რომ კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური თავისუფლების გარეშე გრძელვადიანი, სტაბილური კეთილდღეობა არ მიიღწევა.

საქართველო „ზომიერი თავისუფლებისა“ და „ზომიერი კეთილდღეობის“ ქვეყნებს შორის რჩება.

თავისუფლების რეიტინგში საქართველო 66,6 ქულით იკავებს 73-ე ადგილს 171 ქვეყანას შორის. 1995 წლიდან დაწყებული, ყველაზე მაღალი შეფასება ამ კატეგორიაში საქართველოს 2018 წელს ჰქონდა – 76 ქულა.

კეთილდღეობის რეიტინგში – 78,2 ქულით იკავებს 43-ე ადგილს 171 ქვეყანას შორის. კეთილდღეობის რეიტინგი საქართველოს, სხვადასხვა ტემპით, მუდმივად მზარდი აქვს.

საქართველო შედის თავისუფლების გაუარესების დინამიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში. ამ ჯგუფში არიან აშშ, ეკვადორი, სიერა-ლეონე, ტანზანია, ნიგერია, მადაგასკარი, გვინეა-ბისაუ, ჰაიტი, ბურკინა-ფასო.

თავისუფლების გაუმჯობესების დინამიკის მქონე ქვეყნებია სამხრეთი კორეა, მავრიკი, რუმინეთი, მონღოლეთი, შრი-ლანკა, ბოლივია, გაბონი, ლიბანი, გვინეა, სირია.

ყველაზე დაბალი ქულები საქართველოს აქვს „კანონის სიცხადის“ (43,6), „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის“ (53), „საკუთრების უფლების“ (54,1), „აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო შეზღუდვის“ (57,7), „ბიუროკრატიისა და კორუფციის“ (57,9) და „უსაფრთხოების“ (58,9) პუნქტებში.

„თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსებში“ ქვეყნები დაყოფილია 8 დიდ ჯგუფად: მაღალი დონის თავისუფლების, ზომიერი თავისუფლების, დაბალი დონის თავისუფლების, უდაბლესი დონის თავისუფლების, მაღალი დონის კეთილდღეობის, ზომიერი კეთილდღეობის, დაბალი დონის კეთილდღეობისა და უდაბლესი დონის კეთილდღეობის ქვეყნებად.

თავისუფლების ინდექსი შედგება სამი ქვეინდექსის საშუალო მაჩვენებლისგან:

  • პოლიტიკური ქვეინდექსი (არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო შეზღუდვები);
  • ეკონომიკური ქვეინდექსი (ქალების ეკონომიკური თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, საკუთრების უფლება);
  • იურიდიული ქვეინდექსი (მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, კანონის სიცხადე).

კეთილდღეობის ინდექსი ექვსი ინდიკატორის საშუალო მაჩვენებელია:

  • შემოსავალი
  • ჯანდაცვა
  • შემოსავლების თანასწორობა
  • გარემო
  • შესაძლებლობები უმცირესობებისთვის
  • განათლება.

„თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსებში“ ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ათეულში შედიან:

  1. დანია
  2. ავსტრალია
  3. ესტონეთი
  4. ფინეთი
  5. გერმანია
  6. ირლანდია
  7. ლუქსემბურგი
  8. ნორვეგია
  9. შვედეთი
  10. შვეიცარია.

ყველაზე არათავისუფალი ქვეყნების ათეული:

  1. ავღანეთი
  2. ერიტრეა
  3. ირანი
  4. მიანმა
  5. სომალი
  6. სუდანი
  7. სირია
  8. თურქმენეთი
  9. ვენესუელა
  10. იემენი.

ყველაზე მაღალი კეთილდღეობის მქონე ქვეყნები:

  1. ნორვეგია
  2. დანია
  3. ისლანდია
  4. ირლანდია
  5. შვედეთი
  6. შვეიცარია
  7. ბელგია
  8. ფინეთი
  9. სლოვენია
  10. ნიდერლანდი.

კეთილდღეობის უდაბლესი მაჩვენებლის ქვეყნების ათეული:

  1. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
  2. ჩადი
  3. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
  4. ჰაიტი
  5. მადაგასკარი
  6. მოზამბიკი
  7. ნიგერი
  8. სომალი
  9. სამხრეთი სუდანი
  10. სუდანი.