გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV-ის ფარგლებში, თანამონაწილეობრივი საგრანტო პროგრამა განაახლა თხილის მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებისთვის საქართველოში, სურსათის უვნებლობის პრაქტიკების გაძლიერებისა და პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

სექტორისთვის მხარდაჭერის უკვე განხორციელებულ პაკეტზე დაყრდნობით, ინიციატივა ფოკუსირებულია მოსავლის აღების შემდგომი მართვის პრაქტიკების გაუმჯობესებაზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის დროსაც არასწორმა შრობამ და შენახვამ, შესაძლოა, აფლატოქსინით დაბინძურება გამოიწვიოს, რაც პროდუქტს ბაზრისთვის უვარგისს ხდის და მწარმოებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევს.

გრანტები გათვალისწინებულია იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და აჭარის რეგიონებში თხილის მოქმედი მწარმოებლებისთვის, რომლებმაც უკვე წარმატებით გაიარეს FAO-ს მხარდაჭერით ჩატარებული ტრენინგები თხილის წარმოების, სურსათის უვნებლობისა და მოსავლის აღების შემდგომი მართვის მიმართულებით.

ტექნიკური ცოდნის ფინანსურ მხარდაჭერასთან შერწყმით, პროგრამა ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, გაუმჯობესებული პრაქტიკები რეალურ ინვესტიციებად გარდაქმნან. შერჩეული ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც აუცილებელია მოსავლის აღების შემდგომი პროცესების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვისთვის.

FAO-ს დონორები ინვესტიციის ღირებულების 70 პროცენტს დაფარავს, ხოლო დარჩენილი წილის გადახდას ბენეფიციარები უზრუნველყოფენ.

თანამონაწილეობრივი გრანტი გაიცემა ფერმერებზე, რომლებიც ფლობენ 0.5-დან 30 ჰექტრამდე ფართობზე გაშენებულ თხილის ბაღებს, აქვთ იურიდიული სტატუსი, და აკმაყოფილებენ დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს

ხელმისაწვდომი აღჭურვილობა მოიცავს თხილის ვერტიკალურ საშრობებს, დამხმარე სატრანსპორტო ლენტებს ან/და ვერტიკალურ ელევატორებს, უცხო სხეულების გამცლელებსა და თხილის გასარჩევ მაგიდებს. აღნიშნული აღჭურვილობა შერჩეულია შრობის პროცესის გაუმჯობესებისა და დაბინძურების რისკების შემცირების ხელშესაწყობად.

„ეს ინიციატივა ეფუძნება პროგრესს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით თხილის მწარმოებლებთან თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ“, – განაცხადა გუიდო აგოსტინუჩიმ, FAO-ს ENPARD IV პროგრამის მენეჯერმა. „ფერმერებს, რომლებმაც უკვე გაიღრმავეს ცოდნა, ახლა ვაძლევთ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ პრაქტიკულ გადაწყვეტებში, რომლებიც აუმჯობესებს სურსათის უვნებლობას, ამცირებს მოსავლის აღების შემდგომ დანაკარგებს და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას“.

ევროკავშირი ერთგულია ქართველი ფერმერების გაძლიერების მიზნისადმი, რათა მათ შეძლონ მაღალი ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება და მომხმარებელთა დაცვა ხელმისაწვდომი თანამედროვე ტექნიკისა და მოსავლის შემდგომი მოწინავე პრაქტიკების გამოყენების გზით“, – განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს თხილის ექსპორტის მოცულობის 70% ევროკავშირზე მოდის, აღნიშნული ინვესტიციები აუცილებელია საქართველოს ბაზრის წილის შესანარჩუნებლად და ევროპაში მისი რეპუტაციის გასამყარებლად“.

2025 წელს, საქართველოს მასშტაბით თხილის 22-მა მწარმოებელმა მიიღო თანამონაწილეობრივი გრანტი, რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს თანამედროვე დანადგარებში ინვესტირება და მოსავლის აღების შემდგომი პრაქტიკების გაუმჯობესება. ევროკავშირისა და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი ინვესტიციები ფერმერებს ეხმარება მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირებაში, პროდუქტის ბაზარზე რეალიზების გაუმჯობესებაში და შემოსავლის ზრდაში. საგრანტო შესაძლებლობისთვის განაცხადების მიღების განახლება კი მიზნად ისახავს მიღებული შედეგის გაუმჯობესებას და იმ ფერმერების მხარდაჭერას, რომლებსაც მიზნობრივი მხარდაჭერა სჭირდებათ.

პროგრამაში ჩართვა

საგრანტო შესაძლებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით FAO-ს ელ. ფოსტის მისამართზე: FAO-Georgia-Grants@fao.org

____

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია, ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/

 

პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გურამ საყვარელიძე, კომუნიკაციის სპეციალისტი, guram.saqvarelidze@fao.org; +995558493891