მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა სასამართლო სხდომის მოლოდინშია.

მათ გაასაჩივრეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულება, რომლითაც მათ ფულადი კომპენსაცია „ეკომიგრანტის სტატუსით“ განესაზღვრათ. დაზარალებულები თავს ეკომიგრანტად არ მიიჩნევენ და დარწმუნებულები არიან, რომ მეწყერი მათ სოფლებში რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებმა გამოიწვია.

მეწყერისგან დაზარალებული, ღვერკში მცხოვრები მარადი გელაშვილი ამბობს, რომ სოფელში, ბოლო ორი კვირაა, მეწყერი პროგრესირებს.

„ღვერკში, ამ დრომდე შედარებით უსაფრთხო ზონაში, მეწყერი გააქტიურდა, – ამბობს მარადი გელაშვილი, – ხორითიდან ღვერკი-ხემაღალის მიმართულებით გაჭრილი ახალი საავტომობილო გზის მიმდებარე ვენახებსა და ყანებზე დაახლოებით 800 მეტრი სიგრძის ახალი ნაპრალია.

ეს ნაპრალი ღვერკის სასაფლაოდან მდინარე ყარნებასკენ მიდის. ამის შესახებ ოფიციალურად არავისთვის გვიცნობებია, რადგან ვიცით, რომ მეწყრულ პროცესებს გეოლოგები მუდმივად აკვირდებიან. მდინარე ყარნებაში მეწყერისგან დაგუბებული წყლის დონემ 60 სმ-თ დაიწია და ეს კარგია.

მეწყერით დაზარალებულებმა პროკურატურასაც მივმართეთ მეწყერის გამომწვევი მიზეზის გამოსაძიებლად. პროკურატურის წარმომადგენლებმა მდგომარეობის შესწავლა სოფლებში ადგილზე უკვე დაიწყეს“.

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი 68 ჰა ფართობზე 2025 წლის მაისიდან განვითარდა. გეოლოგების შეფასებით ეს მეწყერი არის „ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“. მეწყერისგან ამ ორ სოფელში 112 ოჯახი დაზარალდა.