იმის გამო, რომ ხევის საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნას 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისიდან მუდმივად ელოდნენ, ხევის ბაღის უფროსჯგუფელებისთვის სასკოლო მზაობის ჯგუფიც კი არ გახსნეს, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელებმა.

მათთან ერთად, ხევში საბავშვო ბაღის ამოქმედებას ამ დრომდე უშედეგოდ ელიან 22 ხეველი აღსაზრდელი და მათი მშობლები.

სკოლამდელი განათლების სრულფასოვნად მიღების უფლება ხევის თემის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს 2022 წლიდან ელახებათ.

არადა, რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის ორჯგუფიანი საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა ძველის დანგრევამდე უნდა აეშენებიათ, – ასეთი იყო რიკოთის ავტობანის მშენებელი ორგანიზაციისა და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირება.

ხევის საბავშვო ბაღის შენობა 2021 წლის მარტში დაანგრიეს. ამ დრომდე, ხევის თემის სოფლებში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვები სკოლამდელი განათლების მიღმა არიან დარჩენილები.

მორიგი, ახალი დაპირებით ხევის ბაღი 2026 წლის მაისში უნდა გაიხსნას. მშენებელი კომპანია „ენერჯი გრუპის“ სამუშაოთა მწარმოებელი ლადო აღაჯანაშვილი ამბობს, რომ ამჟამად ბაღის ეზოში სადრენაჟე სისტემას აწყობენ. ამის შემდეგ „ენერგო-პრო ჯორჯია“ შენობას ელექტროენერგიის ქსელთან დააერთებს.

2021-2023 წლებში ამ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შვიდჯერ ჩაიშალა. 2023 წლიდან ხევის საბავშვო ბაღს „ენერჯი გრუპი“ აშენებს. ამ კომპანიას მშენებლობა 2024 წლის დასაწყისში უნდა დაესრულებინა. მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად მშენებელი ხან დაფინანსების დაგვიანებას და ხანაც უამინდობას ასახელებდა.

ფოტო გადაღებულია 2026 წლის თებერვალში.