ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განსაახლებელია.

საავადმყოფოში გინეკოლოგი, ინფექციონისტი, ტრავმატოლოგი, დერმატოლოგი არ გვყავს; წლებია, სხვადასხვა სპეციალისტები გრაფიკით მუშაობენ. ამის გამო ხარაგაულელი პაციენტები მათთვის საჭირო ყველა სამედიცინო მომსახურებას ადგილზე ვერ იღებენ.

ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორად, ორი თვეა, მალხაზ კაკულია დაინიშნა. როგორ და რატომ მიიღო გადაწყვეტილება, ხარაგაულის საავადმყოფოს დირექტორის პოზიციაზე იმუშაოს, რა გეგმა აქვს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, – ამ შეკითხვებით მალხაზ კაკულიას მივმართეთ.

„ჩემმა მეგობარმა, ექიმმა-კარდიოლოგმა ვლადიმერ თხელიძემ შემატყობინა, რომ ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსია იყო გამოცხადებული, – ამბობს მალხაზ კაკულია, – გადავწყვიტე, საბუთები შემეტანა.

ვიცოდი, რომ ამ საავადმყოფოს ბევრი პრობლემა ჰქონდა. სპეციალისტები არ გვყავს, თუმცა, ექიმი რომ მოიწვიო, ჯერ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა გქონდეს გამართული. როგორ მოვიყვანო ექიმი, როცა არ გვაქვს რენტგენი და პაციენტის გამოკვლევებისთვის საჭირო და აუცილებელი აპარატურა?!

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, არჩილ მამალაძესთან შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში რენტგენის აპარატს შეგვიძენენ.

გარდა ამისა, საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული პრობლემები დამხვდა. გათბობის ქვაბები არ მუშაობდა, რეანიმაციის პალატაში კონდიციონერი მწყობრიდან იყო გამოსული. ორივე პრობლემა მოვაგვარეთ.

სასწრაფოდ შესაკეთებელია ლიფტი, რადგან ამის გამო ემერჯენსში, რომელიც მეორე სართულზეა განთავსებული, პაციენტები ვერ აგვყავს. შესაძლოა, ემერჯენსი პირველ სართულზე განვათავსოთ, პალატები – მეორე სართულზე, რომ ემერჯენსში მოყვანილი პაციენტი ადგილზე დარჩეს და სრულყოფილად მოვემსახუროთ. ეტაპობრივად ამ პრობლემებს ვაგვარებ. შემდეგ კი დავიწყებ მუშაობას ექიმების მოსაზიდად.

3-4 წლის წინ ხარაგაულის საავადმყოფოში ოპერაციები ტარდებოდა. ახლა ამ შესაძლებლობას მოკლებული ვართ ისევ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმართაობის გამო. თანამედროვე აპარატურის გარეშე, ხარაგაულის საავადმყოფო ლიცენზიას ვერ მიიღებს. ვფიქრობ, მომავალი, 2027 წლისთვის უფრო უკეთესი მდგომარეობა გვექნება.

ექიმები, რომლებიც ადგილზე მუდმივად მუშაობენ, საკმაოდ კვალიფიციური და მაღალი დონის სპეციალისტები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; თავიანთ საქმეს კეთილსინდისიერად ემსახურებიან. გამართულად მუშაობს ლაბორატორია.

ვიმედოვნებ, მომავალი წლიდან ხარაგაულის საავადმყოფოში მოსულ პაციენტებს მათთვის საჭირო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას გავუწევთ“.

მალხაზ კაკულია საქართველოში სახელგანთქმული რეჟისორის, იური კაკულიასა და ასევე საუკეთესო ექიმი-გინეკოლოგის, ლენა ბუაჩიძის შვილია. ბატონ მალხაზს თავისი ახალგაზრდობისდროინდელი ხარაგაულის გახსენება ვთხოვეთ.

„1953 წელს თბილისში დავიბადე. დაბადების მოწმობაში, დაბადების ადგილად ხარაგაული მიწერია, – ამბობს მალხაზ კაკულია, – თბილისის #47 სკოლის დამთავრების შემდეგ ვლადიკავკაზის სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ მოსკოვში ორდინატურა და ასპირანტურა დავამთავრე. სპეციალობით ვარ ანესთეზიოლოგი. ვმუშაობდი თბილისში #4 და #5 სამშობიაროებში, უროლოგიის ინსტიტუტსა და ონკოლოგიურ დისპანსერში.

ხარაგაული ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მოსწავლეობისას ზაფხულის არდადეგებს სულ აქ ვატარებდი. საუკეთესო ადამიანები სტუმრობდნენ ჩვენს ოჯახში – დევი აბაშიძე, რეზო თაბუკაშვილი, ოტია იოსელიანი, სტეფანე დევდარიანი, ცაცა გუდაძე…

ჩემი პროფესიული არჩევანი დედამ განაპირობა. ის წლების განმავლობაში ხარაგაულის საავადმყოფოში გინეკოლოგად მუშაობდა. საზოგადოების მხრიდან მისდამი პატივისცემამ და დაფასებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა.

მამაჩემი, იური კაკულია, ძალიან წარმატებული იყო თავის პროფესიაში. ის სპექტაკლებს დგამდა როგორც ხარაგაულის, ისე თბილისში მარჯანიშვილის, ქუთაისში მესხიშვილის, რუსთავისა და სხვა ქალაქების თეატრების სცენებზე. ჩემი მშობლები ძველი თაობის ხარაგაულელებს კარგად ახსოვთ.

ახლა ხარაგაული ისე ხალხმრავალი აღარაა, როგორც ჩემს ბავშვობაში. ამიტომ ხარაგაულის მსგავს მუნიციპალიტეტებს მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდება, სოფლის მეურნეობა რომ გაძლიერდეს და ცხოვრების პირობები უკეთესობისკენ შეიცვალოს“.

ნინო კაპანაძე

 გაგაცნობთ ხარაგაულის საავადმყოფოში მომუშავე ექიმთა მიღების დღეებს:

  • ნევროპათოლოგი, ექიმი ფთიზიატრი – ქეთევან აბრამიშვილი – პაციენტებს იღებს ყოველ სამუშაო დღეს, ოთხშაბათის გარდა;
  • ენდოკრინოლოგი – მარიამ ნაცვლიშვილი – ხარაგაულის საავადმყოფოში მუშაობს თვეში ერთხელ, – ყოველი თვის მეორე კვირის ხუთშაბათს;
  • თერაპევტი, ოჯახის ექიმი – აზა ფურცელაძე – პაციენტებს იღებს ყოველ სამუშაო დღეს, ოთხშაბათის გარდა;
  • პედიატრი თამარ რობაქიძე – პაციენტებს იღებს ყოველ სამშაბათს;
  • პედიატრი – ნანი არევაძე (მუშაობს კვირაში სამი დღე, ცვალებადი გრაფიკით);
  • ექიმი ნევროლოგი, ოფთალმოლოგი – ირინე ბიბიჩაძე (მუშაობს კვირაში ორი დღე, ცვალებადი გრაფიკით).
  • ქირურგი – ლევან კობახიძე (მუშაობს ყოველი თვის ბოლო შაბათ-კვირას);
  • კარდიოლოგი – ვლადიმერ თხელიძე (პაციენტებს იღებს კვირის ყველა სამუშაო დღეს);
  • ექიმი ოტორინოლარინგოლოგი – ვახტანგ მატარაძე (სამუშაო დღე – თვის ყოველი მეორე კვირის ოთხშაბათი);
  • ექოსკოპისტი – გურამ ჯავახაძე – კვირაში ერთი დღე. მისი ხარაგაულში ჩამოსვლის დღე კვირის დასაწყისში ზუსტდება.

ხარაგაულის საავადმყოფოში მოქმედებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება და თერაპიული სტაციონარი.

ხარაგაულის საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტის დაგეგმვისას, თქვენთვის საჭირო ექიმის სამუშაო განრიგი შეგიძლიათ დააზუსტოთ ტელეფონით – 577 59 76 52.