

მეცხრე წელია, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ უსინათლოთა განათლების პროგრამას ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში მეცადინეობები წელს პირველი აპრილიდან განახლდა და ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
2026 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 18 920 ლარია. ეს თანხა ოთხი წრის ხელმძღვანელებისა და პროგრამის მენეჯერთა ხელფასებისთვისაა განსაზღვრული. წლის განმავლობაში საჭირო საკანცელარიო ნივთების შესაძენად და სხვა საჭიროებებზე უსინათლოთა პროგრამისთვის თანხა (რვა თვის განმავლობაში 500-დან 1000 ლარამდე) კულტურის ცენტრის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
უსინათლოთა პროგრამაში ჩართული პირები ყოველ ოთხშაბათს კულტურის ცენტრში ცეკვის სარეპეტიციო დარბაზში იკრიბებიან. ათი უსინათლო ბრაილის შრიფტს, ადაპტირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, სამაგიდო სპორტულ თამაშებსა და აუდიო წიგნების პროგრამას შეისწავლის.
ბრაილის შრიფტს უსინათლოებს მზია კურტანიძე ასწავლის, კომპიუტერულ პროგრამებს – ვასილ ლომიძე, სამაგიდო სპორტულ თამაშებს – რომან შავიძე, აუდიო წიგნების პროგრამას – თინათინ ცხრაკბილაშვილი.
წელს მუსიკალური წრის ჩამოყალიბებას გეგმავენ. უსინათლოთა პროგრამის მენეჯერი გულიკო ჭარბაძე ამბობს, რომ ამ წრეს მაქათუბანში მცხოვრები უსინათლო, მუსიკალური განათლების მქონე ფიქრია შველიძე გაუძღვება.
„პროგრამაში ჩართული უსინათლოები სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ, – ამბობს გულიკო ჭარბაძე, – ამიტომ ვფიქრობთ, მუსიკალური გუნდი ჩამოვაყალიბოთ“.
„ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებაში უსინათლოთა ინტეგრაცია, მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლაა, – ამბობს კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი წრის ხელმძღვანელი ვასილ ლომიძე, – ჩვენი კურსდამთავრებული ახალგაზრდები დასაქმდნენ კიდეც და ეს ძალიან გვახარებს.
უსინათლოებს მეცადინეობისთვის არასათანადო პირობები გვაქვს. ოთახში წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოდის. დაზიანებული ჭერიდან, მალე, შესაძლოა, ქვები ჩამოცვივდეს.
ნორმალური სამეცადინო ოთახი, კეთილმოწყობილი სივრცე რომ გვქონდეს, უსინათლოთა კავშირის ფილიალს ხარაგაულშიც შევქმნიდით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 80-ზე მეტი უსინათლოა და აქ ფილიალის ამოქმედება შეიძლება.
მეორე პრობლემაა ის, რომ უსინათლოებს მეცადინეობებზე ხარაგაულის სოფლებიდან მუნიციპალიტეტის ცენტრამდე ტრანსპორტირება უჭირთ. უმჯობესია, მათთვის დაინიშნოს ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ მათ მოემსახურება. ამ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში წელსაც აუცილებლად დავაყენებ.
ადგილობრივ ხელისუფლებას კარგსაც ვერ დავუკარგავ, – უსინათლოთა განათლების პროგრამა მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ ხარაგაულში ხორციელდება. თვეში ერთხელ, ბიუჯეტიდან 70-70 ლარი გვერიცხება, ხოლო საახალწლოდ და სააღდგომოდ დამატებით – 100-100 ლარი. ფინანსურ დახმარებას, სავარაუდოდ, მარიამობის დღესასწაულზეც მივიღებთ“.
„ეს ყველაფერი ვასილ ლომიძის დამსახურებაა, – ამბობს გულიკო ჭარბაძე, – ის მუდმივად იბრძვის უსინათლოთა უფლებების დასაცავად. ამ პროგრამას მეტი მხარდაჭერა და გაძლიერება სჭირდება“.

როდის იგეგმება კულტურის ცენტრის სარეპეტიციო დარბაზის მოწესრიგება, სადაც უსინათლოები მეცადინეობენ, – ამ შეკითხვით „ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს მივმართეთ.
„მუნიციპალიტეტის მერიიდან კომისია მოვიწვიეთ, რომელმაც უნდა დაადგინოს, უსაფრთხოა თუ არა კულტურის ცენტრის დარბაზში ცეკვის რეპეტიციებისა და უსინათლოთა მეცადინეობების ჩატარება, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – კულტურის ცენტრის შენობის სახურავის წერტილოვანი შეკეთებებით პრობლემა ვერ მოგვარდა. სხვა ალტერნატიული ფართიც არ გვაქვს. უსაფრთხოების საკითხს გავარკვევთ, დავითვლით სახურავის შესაცვლელად რა თანხა დაგვჭირდება და უახლოეს დღეებში მივხედავთ“.
ნინო კაპანაძე
ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის
ხარაგაულში საბავშვო თეატრი იქმნება. ამ თეატრის შექმნა ახალგაზრდული ფესტივალის
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს ყველა მსურველს ევროკავშირისა და საქართველოს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის რამდენიმე წევრი
ხარაგაულში ტრადიციული ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული 2026“