

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ (FARA) დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო.
საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, ,,ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ. FARA, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.
2026 წლის 31 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ დაიწყო ამ კანონთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რომელიც საიამ 2025 წელს გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში 6 მომჩივნის სახელით, კერძოდ, სამი ორგანიზაციის (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, და მედია ორგანიზაციები: სტუდია მონიტორი და საქართველოს ამბები), და სამი ფიზიკური პირის (მომჩივანი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები: ნონა ქურდოვანიძე, ნინო ზურიაშვილი, გელა მთივლიშვილი) სახელით.
„ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას.
ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.
მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით.
საჩივარში საია დავობს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ შემდეგ უფლებებს: მე-11 (გაერთიანების თავისუფლება); მე-10 (გამოხატვის თავისუფლება); მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება); მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება); მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა); მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).
ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. ეს ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს განიხილავს პრიორიტეტულ რეჟიმში, რადგან იგი ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემას და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის.
საჩივარში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმასრულებელ სუბიექტებს (წარსულში „ანტიკორუფციული ბიურო“ – ახლა მისი სამართალმემკვიდრე, აუდიტის სამსახური, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ამასთან, დიდია ის მსუსხავი ეფექტი, რომელიც ამ ტიპის აღსრულების მოლოდინში შესაბამის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ.
პროცედურის კუთხით, განვმარტავთ, რომ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებით, ევროპულმა სასამართლომ დასვა შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ჯერ სახელმწიფოს მოუწევს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ, საჭიროა შეფასდეს, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ უფლებების შეზღუდვა ფარულად სხვა, არაკონვენციური მიზნებისთვის. კერძოდ, ხომ არ იყო უფლებების შეზღუდვის რეალური და დომინანტური მიზანი სხვა ფარული განზრახვა, მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება ან/და კრიტიკული ხმების გაჩუმება, რაც იმთავითვე კონვენციასთან შეუსაბამოა.
შეკითხვები, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს გამოუგზავნა:
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს პოზიციის წარსადგენად 2026 წლის 21 ივლისი განუსაზღვრა, ხოლო, ამის შემდეგ, პროცედურის თანახმად, საპასუხო წერილობით კომუნიკაციას მომჩივანი მხარე წარადგენს.
საიას ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 136 ორგანიზაციისა და 4 პირის ერთობლივი საჩივრის განხილვა ე.წ. „რუსულ კანონთან“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) დაკავშირებით უკვე, ფაქტობრივად, დაასრულა.
30 მარტს ევროკავშირის საბჭომ საბოლოო დასტური მისცა
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ პროექტის
3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ (FARA) დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო. საიას […]