2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაწესრიგებლად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის 396 157 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით რომელი სკოლების, რა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება ეს, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის.

რა მდგომარეობაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში ინფრასტრუქტურის მხრივ და რა არის უპირველესად მოსაგვარებელი, – ამ საკითხზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე გვესაუბრება.

„ზოგადად, სკოლის შენობას კოსმეტიკური რემონტი სამ წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდება, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, – ინფრასტრუქტურული პრობლემები, მეტ-ნაკლებად, ხარაგაულის თითქმის ყველა სკოლაშია.

სრული რეაბილიტაცია სჭირდება ბორისა და ვახანის საჯარო სკოლების შენობებს.

გასულ წელს სრული კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა ნადაბურსა და ხუნევში, – შეიღება და შეილესა კედლები, მოწესრიგდა იატაკი და ჭერი. ხუნევში საბავშვო ბაღის ყოფილი ტერიტორია სკოლას გადაეცა და ამ ადგილას სპორტული მოედანი მოეწყო; ვახანის სკოლაში მოწესრიგდა 4 საკლასო ოთახი, შიდა სპორტული დარბაზი და გარე მოედანი; ბორის სკოლის შენობა გადაიხურა; სახურავი, კარ-ფანჯრები და შესასვლელი კარი შეიცვალა ხიდარში; კიცხის სკოლაში სახურავზე გვქონდა პრობლემური ადგილი, სადაც წყალი ჩამოდიოდა. სახურავის ეს ნაწილი შეიცვალა.

ავტორიზაციის პროცესშია ჩართული ბორითის საჯარო სკოლა და სჭირდება გარკვეული მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მხრივ.

ავტორიზაციის ერთ-ერთი ახალი სტანდარტია, რომ სკოლის შენობაში ლიფტი უნდა ფუნქციონირებდეს. ამიტომ, უკვე ავტორიზებულ ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლებში ლიფტებია მოსაწყობი. ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში არ არის დახურული სპორტული დარბაზი, მოსაწესრიგებელია ასევე ღია მოედანიც. ვინაიდან სოფელი ვარძია უკვე გაზიფიცირდა, სკოლაში ცენტრალური გათბობა წელს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

2025 წლიდან, სკოლების მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა.

სკოლებისთვის ახალი შენობები ასაშენებელია წყალაფორეთში, საღანძილესა და ჩრდილში, დაწყებითი სკოლის კორპუსი. ყველა შეხვედრაზე, – იქნება ეს სამინისტროსა თუ მერიაში, – აქტიურად ვაყენებ ამ საკითხს. ინფრასტუქტურის სამინისტროში ასაშენებელი სკოლები პრიორიტეტულობის მიხედვით დგინდება; რატომღაც, ამ პრიორიტეტებში ჩვენი სკოლები ჯერ ვერ მოხვდა. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ არც ერთ სკოლაზე.

ამაზე აქტიურად ვმუშაობთ მერიასთან, საკრებულოსთან და პარლამენტში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროსთან ერთად. ჯერჯერობით, კონკრეტული პასუხი, როდის აშენდება ახალი სკოლები, არ გვაქვს“, – ამბობს მარინა ვეფხვაძე.

როდის დაიწყება საღანძილისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლებისთვის, ასევე – ჩრდილის დაწყებითი სკოლისთვის ახალი შენობების მშენებლობა, – ამის გასარკვევად მუნიციპალური განვითარების ცენტრს 27 თებერვალს მივმართეთ. მათგან პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

თამთა გოგოლაძე